Facebook Twitter

საქმე N 330100122005912810

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1424აპ-23 ქ. თბილისი

რაზმაძე გაგა, 1424აპ-23 29 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გაგა რაზმაძისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მალხაზ ბოხუასა და ცირა მაისურაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გაგა რაზმაძემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – მალხაზ ბოხუამ და ცირა მაისურაძემ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, ხოლო, მეორე მხრივ, გამოყენებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების ხასიათს. კასატორების მტკიცებით, გაგა რაზმაძე მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც გამორიცხავს მის სისხლისხლისსამართლებრივ პასუხსიმგებლობას. პრაქტიკაშიც ხშირია, როდესაც დამნაშავე აყენებს სხვას დაზიანებას, მათ შორის, არაერთს, მაგრამ იგი შეგნებულად აზიანებს მსხვერპლს ისეთ ადგილებში, რომ არ გამოიწვიოს მძიმე შედეგი. სწორედ ეს მოცემულობაა გამოკვეთილი განსახილველ შემთხვევაში. უდავოა, რომ ჭრილობების მიყენების შემდეგ მსჯავრდებულმა იცოდა დაზიანებების არსებობა ზოგადად, მაგრამ გაურკვეველია, იცოდა თუ არა კონრეტულად რამდენი დაზიანება მიაყენა და – რა სიმძიმის. ვერც გაგა რაზმაძე და ვერც ვერავინ შეძლებს წინაწარ განსაზღვროს, ქვედა კიდურებში მიყენებული დაზიანება რას გამოიწვევს და, საბოლოოდ, რა შედეგი დადგება. მით უფრო, როდესაც მას შემდეგ, რაც გაგა რაზმაზემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა დაზიანებები ლაშა სიბაშვილს და დატოვა შემთხვევის ადგილი, დაზარალებული იყო ცოცხალი, აზროვნებდა და შეეძლო ინფორმაციის გადმოცემა. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ გაბათილდა გაგა რაზმაძის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ იარაღი, რომლითაც ესროლა ლაშა სიბაშვილს, არ ეკუთვნოდა მას, არამედ თან ჰქონდა გარდაცვლილს, რომლითაც თავს დაესხა, ის კი თავს იცავდა, ხოლო შემთხვევის ადგილიდან წასვლის შემდეგ დატოვა კუთვნილ ავტომნაქანაში, რომლიდანაც გამოძიებამ ვერ ამოიღო. და ბოლოს, საყურადღებოა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი გაგა რაზმაძისათვის არ არსებობდა ხელისშემშლელი ან დამაბრკოლებელი გარემოება, ადგილზევე აღესრულებინა თავისი განზრახვა და დაზარალებულის სიცოცხლის მოსასპობად დამატებით გაესროლა, რაც არ ჩაუდენია და, ამდენად, მისი განზრახვა არ ყოფილა ლაშა სიბაშვილის მკვლელობა.

2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ლევან ვეფხვაძე, საკასაციო შესაფებლით ითხოვს მსჯავრდებულ გაგა რაზმაძისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მალხაზ ბოხუასა და ცირა მაისურაძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გაგა რაზმაძე, – დაბადებული 1989 წლის 8 სექტემბერს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, მიესაჯა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ გაგა რაზმაძემ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. გაგა რაზმაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი სამი ვაზნა. 2022 წლის 27 მარტს, დაახლოებით, 00:15 საათზე, თბილისში, მირზაანის ქუჩის №64-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გაგა რაზმაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით, მისი მოკვლის მიზნით, მიაყენა ჭრილობები ლაშა სიბაშვილს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გაგა რაზმაძემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – მალხაზ ბოხუამ და ცირა მაისურაძემ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივარში მითითებული საკითხი – განზრახ მკვლელობისა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გამიჯვნა – არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ.: მაგალითად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №424აპ-16), რომლის შეცვლის საფუძველი არ არის გამოკვეთილი.

9. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ლაშა სიბაშვილი გარდაიცვალა 2022 წლის 27 მარტს, დაახლოებით, 00:15 საათზე, თბილისში, მირზაანის ქუჩის №64-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გაგა რაზმაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლის შედეგად.

10. ბრალდების მხარის მტკიცებით: გაგა რაზმაძემ, ხელთ ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა ლაშა სიბაშვილს მისი განზრახ მოკვლის მიზნით, ხოლო დაცვის მხარის ვერსიით – შემთხვევის დღეს, დაპირისპირებისას, სწორედ ლაშა სიბაშვილი დაესხა თავს გაგა რაზმაძეს ხელთ ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით, მსჯავრდებული კი, მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

11. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ დანაშაულის კონსტრუქცია მოიცავს სამ აუცილებელ ელემენტს – ქმედების შემადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს: პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს თუ არა შესაბამისი შემადგენლობის ნიშნებს. თუკი დადგინდება შემადგენლობის არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მათ შორის – აუცილებელი მოგერიების ვითარება და შემადგენლობის შემცველი ქმედება განხორციელდა თუ არა ასეთი მოგერიების კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №424აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 3).

12. მხარეები არ დავობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ლაშა სიბაშვილს სასიკვდილო დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა სწორედ გაგა რაზმაძემ, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, მსჯავრდებულს არ შეიძლება უტყუარად სცოდნოდა, რომ ქვედა კიდურებში ცეცლლსასროლი ჭრილობების მიყენება ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევდა ლაშა სიბაშვილის სიკვდილს და, შესაბამისად, მის ქმედებაში არ იკვეთება განზრახვის ელემენტი, ხოლო, მეორე მხრივ, გაგა რაზმაძე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს სრულად.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა, ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის, გარდაცვლილისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობის და ხარისხის (ლაშა სიბაშვილს აღენიშნებოდა სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის – მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში, წინა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე (პირობითად №3 ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანებით) ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალოდა მიზეზობრივად დაკავშირებულია დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან; მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში, წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე (პირობითად №2, ბარძაყის ძვლის დიაფიზის ფრაგმენტოვანი მოტეხილობით) ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მარცხენა მუხლის სახსრის მიდამოს გამჭოლი ჭრილობა (პირობთად №1 და №1ა), ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს)), ასევე – მსჯავრდებულის დანაშაულის შემდგომის ქცევის გათვალისწინებით, როდესაც ლაშა სიბაშვილისათვის ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობების მიყენებისთანავე გაგა რაზმაძემ სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი და შეეცადა მიმალვას, ცალსახად გამორიცხულია, რომ იგი გაუფრთხილებლად მოქმედებდა და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ სურდა ლაშა სიბაშვილის სიცოცხლის განზრახ მოსპობა ან, როგორც მინიმუმ, ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას.

16. ამის შემდეგ სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი მთავარი საკითხია: არსებობდა თუ არა საფუძველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აუცილებელ მოგერიებად სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვაგვარად რომ ითქვას, გაგა რაზმაძის ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხი იწვევს თუ არა ისეთ გონივრულ ეჭვს, რაც შეიძლება მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი გახდეს, როგორც ეს საკასაციო საჩივრის საკვანძო არგუმენტად არის მიჩნეული.

17. საკასციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №593აპ-15 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).

18. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, დაცვის მხარის მტკიცების საპირისპიროდ, რომ შემთხვევის დღეს, გაგა რაზმაძე და ლაშა სიბაშვილი, გაგა რაზმაძის ყოფილი ცოლის შესაძლო ღალატის გამო, მათ შორის, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ითვალისწინებს მოწმეების: კახა ჩუხრუკიძისა და მამუკა სამადაშვილის განმარტებებს, რომ გასროლამდე რაიმე ჩხუბის ან დაპირისპირების ხმა არ გაუგიათ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე რაიმე შეხლა-შემოხლის კვალი არ გამოკვეთილა; მსჯავრდებულის დაკავების ოქმს, რომლის თანახმად, შემთხვევიდან მალევე დაკავებულ გაგა რაზმაძეს, სხეულის დაუფარავ ადგილებში, დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა და, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც მსჯავრდებულსა და გარცავლილს შორის შემთხვევამდე რაიმე ფიზიკური დაპირისპირების არსებობა არ დასტურდება, სასამართლოს წინაშე არ დამდგარა შესაძლო თავდასხმასა და თავდაცვას შორის თანაფარდობის შეფასების საკითხი. მეორე მხრივ, სასამართლო მხედველობაში იღებს: დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ ცეცხლსასროლ იარაღს; მიყენებული ჭრილობების რაოდენობას (სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის ორი სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის); განსაკუთრებით კი, გარდაცვლილსა და მსჯავრდებულს შორის სროლის დროს არსებულ არა ახლო მანძილს, რაც, ერთობლივად შეფასებისას, უპირობოდ გამორიცხავს შეიარაღებული ხელყოფის მოგერიებისას, გაგა რაზმაძის მიერ თავდაცვის მიზნით გასროლებს და, შესაბამისად, მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნას.

19. სადავოდ გამხდარ სასჯელთან მიმართებით აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვით, სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97), რის კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი იმპერტიული მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაგა რაზმაძეს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებისა და დანაშაულთა სიმრავლის გამო, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას და, შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი.

20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა შესაბამისად შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ.: მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გაგა რაზმაძისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მალხაზ ბოხუასა და ცირა მაისურაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი