საქმე N 330100122006661649
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №132აპ-24 ქ. თბილისი
ს–ი მ., 132აპ-24 3 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ. ს–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული, ჯარიმის გამოყენების გარეშე, ვინაიდან მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
2. მსჯავრდებულ მ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – მ. შ–ი და მ. გ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლებით მოითხოვენ, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი, ვინაიდან იგი სამართლიანი და დასაბუთებულია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენით მ. ს–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.
მ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლით.
გაუქმდა მ. ს–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს–მა ჩაიდინა სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ქონება მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის ივლისში, ქ. თ–ში, ......-ში მდებარე სს ,,... ბანკის’’ ვ–ის №.. სერვისცენტრის მოლარე მ. ს–მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი თანხა, რაც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა. აღნიშნულმა ქმედებამ 7 911 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მ. ს–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ს–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მათ შორის: მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მ. ს–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანის ნაწილი და გამოთქვამს სურვილს აანაზღაუროს დარჩენილი ნაწილიც, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ზემოთაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, მსჯავრდებულ მ. ს–სათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, მისი დამძიმების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი