Facebook Twitter

საქმე # 330100122006174206

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1234აპ-23 ქ. თბილისი

ქ–ე გ., 1234აპ-23 5 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურა ბაიდოშვილმა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და გ. ქ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადასტურებულად გ. ქ–ს მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენელმა, ლ. ბ–მა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა ნახა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ჩამკეტი მექანიზმი იყო დაზიანებული, რითაც კომპანიას მიადგა 84 ლარის ზიანი, ხოლო აპარატის გვერდით ეწყო ხელსაწყოები და მაისური; მოწმეების სახით დაკითხულმა პოლიციელებმა – გ. ბ–სმა და ბ. წ–მა დაადასტურეს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნეს გ. ქ–ე, რომელსაც თავზე მოხვეული ჰქონდა მაისური, ხელში ეჭირა ხელსაწყო და ცდილობდა აპარატის გახსნას, რომლის ქვედა მხარეს გამოწეული კარი, ფეხის მირტყმით მიკეტა, ხოლო სამართალდამცავებს დაუდასტურათ, რომ აპარატის გატეხვას ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ცდილობდა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის წინ აღმოჩენილია: ხისტარიანი სადგისი, პლასტმასისტარიანი სახრახნისი, მოშავო-მოყვითალო სახრახნისი, ნარინჯისფერი და მოყვითალო სახრახნისი, ბრტყელტუჩა, მრავალფუნქციური დანა და პარკში მოთავსებული მაისური, რისი გათვალისწინებითაც, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ქ–ს ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ქ–ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2.3. 2022 წლის 3 აგვისტოს, ღამის საათებში, თ–ში, .... ტერიტორიაზე, გ. ქ–მ სცადა ხელსაწყოების გამოყენებით, უკანონოდ შეეღწია შპს ,,.... ..ის“ კუთვნილ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა აპარატში მოთავსებულ თანხას, თუმცა მისი ქმედება აღკვეთეს შემთხვევის ადგილზე მისულმა, ისანი-სამგორის შს მთავარი სამმართველოს მე–.. სამმართველოს თანამშრომლებმა.

3. გ. ქ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განაჩენით გ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და გ. ქ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, ამასთან, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, მართებულად გადაწყდა გ. ქ–ს სასარგებლოდ, კერძოდ:

10. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სადავოდ არ გამხდარა და სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2022 წლის 3 აგვისტოს, ღამის საათებში, თ–ში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს ,,.... ფეის“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს გ. ქ–ე, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით, ცდილობდა, სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით, აპარატიდან თანხის დაუფლებას, თუმცა დანაშაულზე წასწრების გამო განზრახვა ვერ აღასრულა, ხოლო დაცვის მხარის მითითებით – გ. ქ–ს ბრალადწარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია, არამედ ცდილობდა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატში გაჭედილი თავისი 2-ლარიანი მონეტის დაბრუნებას.

11. საკასაციო საჩივრის კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ბრალდების მხარის მითითებით, გამოკვეთს გ. ქ–ს ქმედებაში ქურდობის მცდელობას, კერძოდ:

12. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დგინდება გ. ქ–ს კავშირი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მიმდებარედ აღმოჩენილ ხელსაწყოებთან, რადგან დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ოთხ სახრახნისზე, ბრტყელტუჩაზე,სადგისსა და დანაზე ადამიანის ხელის კვლები არ გამოვლინდა, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დროს გ. ქ–ს აუღეს ნერწყვის ნიმუში, ამოღებულ საგნებთან მისი შემხებლობის დასადგენად, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზა საერთოდ არ ჩატარებულა. რაც შეეხება ოდოროლოგიურ ექსპერტიზას, ხაზგასასმელია, რომ საექსპერტო კვლევით დადგენილია, რომ გ. ქ–ს სუნის ნიმუში გამოვლინდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მაისურზე, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ არც დაცვის მხარე უარყოფს შემთხვევის ადგილზე გ. ქ–ს ყოფნის ფაქტს, ვერაფრით გახდება ამოღებულ ხელსაწყოებთან მისი კავშირის მტკიცების უპირობო საფუძველი.

13. ასევე სარწმუნოდ არ დასტურდება ბრალდების მხარის მტკიცება, რომ გ. ქ–ს ქმედების შედეგად დაზიანდა ,,....ის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ჩამკეტი მექანიზმი, რითაც კასატორი თითქოსდა გამოკვეთს მის მცდელობას, თანხის საცავში შეღწევის გზით დაეუფლოს სხვის ქონებას. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის წარმომადგენლის – ლ. ბ–ს ჩვენებითა და შპს ,,..........ის“ 2022 წლის 3 აგვისტოს წერილით ირკვევა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ცენტრალური ჩამკეტი მექანიზმის დაზიანებით კომპანიას მიადგა 84 ლარის ზიანი, საყურადღებოა, რომ საქმეზე არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების ფაქტიცა და ხარისხიც, ისევე, როგორც – არ ამოღებულა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებზეც შესაძლოა, ყოფილიყო აღბეჭდილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულია 48 ფოტოსურათი, რომლებიც, მიუხედავად მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, ლ. კ–სის განმარტებისა, რომ ფოტოსურათები სამსახურებრივ სერვერზე ატვირთვის შემდეგ, გამოითხოვა გამომძიებელმა, არ ერთვის საგამოძიებო მოქმედების ოქმს და, შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი სასამართლოში; საყურადღებოა, რომ მოწმე გ. ბ–სის ჩვენებით, გ. ქ–სთან მიახლოებისას შენიშნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქვედა მხარეს გამოწეული კარი, თუმცა ეკრანი და ჩამკეტი დაზიანებული არ ყოფილა, ხოლო ბ. წ–ს ჩვენებით, აპარატს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ ამოწეული ჰქონდა საკეტის ზედა მხარე, რომელიც ორივეს მტკიცებით, ხელის მირტყმით ისევ დაკეტა გ. ქ–მ, თუმცა ხაზგასასმელია, რომ მოწმის სახით დაკითხული შპს ,,....ის“ უსაფრთხოების თანამშრომლის, ლ. ბ–ს ჩვენება ცხადყოფს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარის გაღებისთანავე ირთვება სიგნალიზაცია, რაც გადაეცემა მონიტორინგის სამსახურს, თუმცა დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს სიგნალიზაცია არ ჩართულა, რადგან შემთხვევის შესახებ მონიტორინგის სამსახურს პოლიციამ შეატყობინა. ამდენად, ზემოაღნიშნულის შეფასებით ცალსახაა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის შემთხვევის დღეს შესაძლო დაზიანებასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები ვერ გაქარწყლდა სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ გამოძიებისათვის შექმნილი შესაძლო ობიექტური დაბრკოლებები, მათ შორის – ტექნიკური ხარვეზები, ვერ შეუცვლის ბრალდების მხარეს პროცესუალურ როლს და ვერ შეუმსუბუქებს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ – in dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი