Facebook Twitter

საქმე N 060100122006167723

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №44აპ-24 ქ. თბილისი

შ–ა გ., 44აპ-24 3 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის – დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე დარიკო ვადაჭკორიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (ორი ეპიზოდი), შემდეგი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი თქვა გ. შ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არსებობდა სხვა პირდაპირი მტკიცებულებებიც, კერძოდ, მუქარის შემსწრე პირების – ნ. შ–სა და ს. ტ–ს გამოკითხვის ოქმები, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გამართლებულის ბრალეულობა.

2. გამართლებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ჟ–ს საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის კრიტერიუმებს.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. შ–ს ბრალად ედება: ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გ. შ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის ივნისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ღამის საათებში, ს–ში, ...–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. შ–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, დასახიჩრებით დაემუქრა მეუღლეს, ქ. ქ–ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2022 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, ს–ში, ...–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. შ–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ავტომანქანის დაჯახებითა და გადავლით დაემუქრა მეუღლეს, ქ. ქ–ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით გ. შ–ს, – დაბადებული 1.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (ორი ეპიზოდი).

გაუქმდა გ. შ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე (საკადასტრო კოდი ..........), რ. ჟ–ს საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

გ. შ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე დარიკო ვადაჭკორიამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. შ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (ორი ეპიზოდი).

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში აღწერილია ის ფაქტობრივი გარემოებები და მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ გ. შ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდებისათვის, არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, კერძოდ:

10. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

11. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ქ. ქ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის – გ. შ–ს წინააღმდეგ. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, მაგრამ არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, იმთავითვე არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. შესაბამისად, დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო მას ვერ გამოიყენებს მტკიცებულებად. გარდა ამისა, გამოკვეთილი არ არის არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებაც.

12. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სახელდობრ: დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებულმა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ცალკე დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ისევე როგორც გ. შ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, რომელშიც მითითებულია ზოგადი ხასიათის, ძალზე მწირი ინფორმაცია; მოწმე პ. ზ–ე ადასტურებს მხოლოდ მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების ავთენტურობას. იგი არ არის შემთხვევის თვითმხილველი პირი, რის გამოც მისი ჩვენება ირიბია და საფუძვლად ასევე ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება მოწმეების – ს. ტ–სა და ნ. შ–ს გამოკითხვის ოქმებს (უდავო მტკიცებულებები), ს. ტ–ს გამოკითხვის ოქმში არაფერია მითითებული დაზარალებულის შეშინებისა და მის მიერ საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტზე, ხოლო მხოლოდ ნ. შ–ს გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების არმიცემისას, არ არის საკმარისი იმ ფაქტის უტყუარ დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ მუქარის შედეგად ქ. ქ–მ განიცადა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც გ. შ–ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).

14. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა ქ. ქ–მ არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ და, შესაბამისად, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის სუბიექტურ განცდასთან მიმართებით, დაზარალებულის შეფასება არ არსებობს; იმავდროულად, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გაუჩნდა, თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის – დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი