Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-18-18(კ-06) 24 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა; იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 12 აპრილს გ. ფ.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2004წ. 7 ივნისს მოსარჩელე დაინიშნა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ...-ის საკითხებში. ქ. ქუთაისის მერის მოადგილის, მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 5 აპრილის ¹96-კ განკარგულებით, ქ. ქუთაისის მერის 2005წ. 18 მარტის ¹102 განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 93-ე მუხლისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული განკარგულება იყო უკანონო, ვინაიდან სამსახურიდან მოსარჩელე დაითხოვეს იმის გამო, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტებზე, რომლებზეც არ უნდა მოეწერა ხელი, რაც ჩაეთვალა დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამოდ. ამასთან, მოსარჩელემ ვერ მოიპოვა ქ. ქუთაისის მერის 2005წ. 18 მარტის ¹102 განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნა, ხოლო აღნიშნული კომისია იყო არაკომპეტენტური და დაკომპლექტებული არაპროფესიონალებით. იმ დროისთვის მოქმედი შესაბამისი დებულების მიხედვით, ...-ს არ ევალებოდა ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებული სამუშაოების მოცულობის, ხარისხისა და ხარჯთაღრიცხვაზე კონტროლის დაწესება, არ არსებობდა საქმის წარმოების წესი და თანამდებობრივი ინსტრუქცია, ამასთან, ხსენებულმა კომისიამ ვერ მიუთითა მოსარჩელის ე.წ. სამართალდარღვევის სამართლებრივ საფუძველზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისის მერის მოადგილის, მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 5 აპრილის ¹96-კ განკარგულების ბათილად ცნობა, წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

გია ფ.-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა განმარტება 2005წ. 12 აპრილის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხემ დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლებისას ქ. ქუთაისის მერიაში არსებობდა ვაკანსია, მისთვის არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა.

ქ. ქუთაისის მერის მოადგილემ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაგებლის ავტორის განმარტებით, გ. ფ.-ე თანამდებობიდან გათავისუფლდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 93-ე მუხლისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე. ქ. ქუთაისის მერის 2003წ. 26 მარტის ¹6 ბრძანებით დამტკიცებული ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის დებულების 22-ე მუხლით განსაზღვრული ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ...-ის განყოფილების უფლებამოსილებიდან გამომდინარე, აღნიშნული განყოფილების ...-ს _ გ. ფ.-ეს ...-ის საკითხებში ევალებოდა ქ. ქუთაისის მერის 2005წ. 18 მარტის ¹102 განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნაში მითითებული მოვალეობების შესრულება. ამასთან, გ. ფ.-ემ თავის სასარჩელო განცხადებაში, ფაქტობრივად, აღიარა, რომ გარკვეულ დოკუმენტებზე არ უნდა მოეწერა ხელი და პროფესიულ ჩვევებს არადამაკმაყოფილებლად ფლობდა. ამდენად, სამსახურიდან გ. ფ.-ის დათხოვნა მოხდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 29 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ფ.-ის შუამდგომლობა და მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის საორგანიზაციო განყოფილების განყოფილების ...-ი გ. ვ.-ე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის მოადგილის, მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 5 აპრილის ¹96-კ განკარგულება და გ. ფ.-ე აღდგენილ იქნა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ... განყოფილების ...-ად ...-ის საკითხებში; გ. ფ.-ეს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 1120 ლარის ოდენობით.

რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. ქუთაისის მერის მოადგილის, მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 5 აპრილის ¹96-კ განკარგულება გამოიცა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის უფროსის 2005წ. 14 ივლისის ¹0-1708 ცნობით დასტურდებოდა, რომ სამსახურიდან გ. ფ.-ის გათავისუფლებისას აღნიშნულ აპარატში იყო შესაბამისი ვაკანტური ადგილები, თუმცა მოსარჩელეს არ შესთავაზეს არც ერთი მათგანი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილება; გ. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერის მოადგილის, მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 5 აპრილის ¹96-კ განკარგულება გამოიცა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლებისას გ. ფ.-ეს არ შესთავაზეს სხვა თანამდებობა, ამასთანავე, არ დასტურდებოდა მის მიერ პროფესიული ჩვევების დარღვევა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც აღარ არსებობდა ის თანამდებობა, რომელზედაც მუშაობდა გ. ფ.-ე, ვერ მოხდებოდა თანამდებობაზე მისი აღდგენა და მისთვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება გ. ფ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მართალია, ამჟამად არ არსებობს ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის საორგანიზაციო განყოფილების ...-ის თანამდებობა, მაგრამ არსებობს საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსის თანამდებობა, რომელიც იმავე ფუნქციებს ახორციელებს, რასაც ახორციელებდა ... განყოფილების ...-ი. ამავე დროს, კასატორის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შემდეგ გ. ვ.-ე 2005წ. 6 აპრილს დაინიშნა ...-ის თანამდებობაზე და შემდეგ, 2005წ. 25 ოქტომბერს იგი ავტომატურად გადაიყვანეს საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსად.

კასატორი აღნიშნავს, რომ იგი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება არ ხდება. გ. ფ.-ე სამსახურიდან დაითხოვეს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული კანონი ითვალისწინებს სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე. მოცემული საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ გ. ფ.-ის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა არსებობდა სამსახურიდან მისი დათხოვნის დროსაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქ. ქუთაისის მერიას მისთვის იგი არ შეუთავაზებია. ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო გ. ფ.-ის დათხოვნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის საფუძველზე, იგი ვალდებული იყო აღედგინა მოსარჩელე ნებისმიერ ვაკანტურ, შესაბამის თანამდებობაზე.

კასატორის განმარტებით, კანონიერიც რომ იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მას უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე, გაუგებარია, თუ რა საფუძვლით უთხრა მას უარი სააპელაციო სასამართლომ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაზე, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო გ. ფ.-ის დათხოვნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის საფუძველზე.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აშკარად უკანონოა, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი ბუღალტერი დ. მ.-ე აღდგენილ იქნა შესაბამის თანამდებობაზე განაცდურის ანაზღაურებით, მიუხედავად იმისა, რომ ქ. ქუთაისის მერიაში 2005წ. 25 ოქტომბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მთავარი ბუღალტრის თანამდებობა დ. მ.-ის აღდგენის მომენტისათვის არ არსებობდა. აღნიშნულზე გ. ფ.-ემ მიუთითა 2006წ. 4 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარდგენილ დამატებით საკასაციო საჩივარშიც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 25 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006წ. 25 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 12 აპრილამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 12 აპრილის განჩინებით გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006წ. 24 მაისს მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ფ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ფ.-ე 2004წ. 7 ივნისს დაინიშნა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ... განყოფილების ...-ად მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში და მისი ხელფასი შეადგენდა 250 ლარს. ქ. ქუთაისის მერის მოადგილის, მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 5 აპრილის ¹96-კ განკარგულებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 93-ე მუხლისა და 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005წ. 25 ოქტომბრის ¹127 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცდა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის სტრუქტურა და ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე საკრებულოს 2004წ. 13 მაისის ¹50 გადაწყვეტილება. აღნიშნული სტრუქტურა აღარ ითვალისწინებს ...-ის თანამდებობას, რაზეც მუშაობდა გ. ფ.-ე სამსახურიდან გათავისუფლებამდე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულების (ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის სტრუქტურა) მიხედვით, გ. ფ.-ის სამსახურიდან დათხოვნისას არსებობდა შესაბამისი თანამდებობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქ. ქუთაისის მერიას მისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერის მოადგილის, მერის მოვალეობის შემსრულებლის 2005წ. 5 აპრილის ¹96-კ განკარგულება გამოიცა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან სამსახურიდან გათავისუფლებისას გ. ფ.-ეს არ შესთავაზეს სხვა თანამდებობა და ამასთანავე, არ დასტურდებოდა მის მიერ პროფესიული ჩვევების დარღვევის ფაქტი, მაგრამ ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, რამდენადაც აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზედაც მუშაობდა გ. ფ.-ე, ვერ მოხდება თანამდებობაზე მისი აღდგენა და შესაბამისად, მისთვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებაც.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან, მართალია, ამჟამად არ არსებობს ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის ... განყოფილების ...-ის თანამდებობა, მაგრამ არსებობს სხვა თანამდებობები ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში. ამასთან, კასატორი მართებულად არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის შეთავაზება არ ხდება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გ. ფ.-ის მტკიცებას, რომ იგი სამსახურიდან დაითხოვეს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული კანონი ითვალისწინებდა სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს განაცხადებდა შესაბამის თანამდებობაზე.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის, კერძოდ, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, მოხელე თავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან, ამ მუხლის პირველი პუნქტის «ბ»-»ვ» ქვეპუნქტების საფუძველზე, თუ მას არ სურდა გადასულიყო სხვა შესაბამის თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, განმარტავს, რომ, მართალია, 2005წ. 23 დეკემბრის კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტი (სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზების ვალდებულება) გაუქმდა, მაგრამ აღნიშნული მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ხსენებული კანონის ძალაში შესვლამდე, ანუ 2006წ. 1 იანვრამდე. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ასეთ მითითებას 2005წ. 23 დეკემბრის კანონი არ შეიცავს. ამასთან, არ დაიშვება კანონისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო განკარგულების კანონიერება განკარგულების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ. ფ.-ის სამუშაოდან დათხოვნის დროს ადმინისტრაციის მიერ დაცული არ ყოფილა სადავო განკარგულების გამოცემის დროს მოქმედი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა სხვა შესაბამის თანამდებობაზე გადასვლის შეთავაზების თაობაზე. ამდენად, აღნიშნული მოთხოვნის მიხედვით, რომელიც იმპერატიულ დანაწესს წარმოადგენდა, არ დაიშვებოდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თუ მას სურდა გადასულიყო სხვა შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ადმინისტრაციას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ მოხელე სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე თავად იტყოდა უარს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ფ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და წინანდელი თანამდებობის არარსებობის გამო, მოსარჩელის შრომითი მოწყობის საკითხი თვით ქ. ქუთაისის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს დადებითად ან უარყოფითად, რადგან აღნიშნული საკითხის განხილვა-გადაწყვეტა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, ქ. ქუთაისის მთავრობამ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ფ.-ის შრომითი მოწყობის თაობაზე, რომლის დროსაც მან უნდა გამოარკვიოს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად და ხომ არ არის სხვა სამსახური, რომელზეც თანხმობას განაცხადებს მოსარჩელე.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის ლეგალურ დეფინიციაში იგულისხმება, რომ აღნიშნული ნორმა გამოიყენება, როგორც წინანდელ სამუშაოზე აღდგენის, ისე მოსამსახურის შრომითი მოწყობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და ამის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ფ.-ეს, შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლებიდან მისი შრომითი მოწყობის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ფ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქ. ქუთაისის მთავრობას დაევალოს, საკასაციო სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ფ.-ის შრომითი მოწყობის თაობაზე და მასვე აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ქ. ქუთაისის მთავრობას დაევალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ფ.-ის შრომითი მოწყობის თაობაზე;

5. გ. ფ.-ეს აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამსახურიდან გათავისუფლებიდან მისი შრომითი მოწყობის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.