საქმე N 330100123007729451
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №10აპ-24 ქ. თბილისი
შ–ე მ., 10აპ-24 4 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არათანაზომიერია მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან და მის პიროვნებასთან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 სექტემბრის განაჩენით მ. შ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 25 ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მ. შ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 18 ივლისიდან 2023 წლის 19 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
გაუქმდა მ. შ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქცევაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. შ–მ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, .....-ში, მ. შ–მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ. ს–ს, კერძოდ, ყელში ძლიერად მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 17 ივლისს, 4 დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. თ..ში, ..., მ. შ–მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ. ს–ს, კერძოდ, ყელში მოუჭირა ხელები და ხელი დაარტყა მხრის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მ. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, ვინაიდან, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ჩადენილი დანაშაულების სპეციფიკური ხასიათი, დანაშაულთა ერთობლიობა, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, აგრეთვე გაითვალისწინა, ის გარემოებებიც, რომ მ. შ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, რომლებიც განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი და შერიგებულია დაზარალებულთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. შ–ს განესაზღვრა მსჯავრად შერაცხილი მუხლების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა მინიმალურ ზღვარზე ერთი წლით მეტი ვადით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
9. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. შ–ს მიმართ არ არის გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და პიროვნებას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი