საქმე N 330100121005030957
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №8აპ-24 ქ. თბილისი
ჩ–ე შ., 8აპ-24 1 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების: შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ა–ს და დ. თ–ს, ასევე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების: შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – რ. ა–მ და დ. თ–მ, ასევე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების – შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობას, შემდეგი არგუმენტებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან მსჯავრდებულების ბრალეულობა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით; ი. კ–ს მიერ არა – 80 000 აშშ დოლარის, რომელსაც იგი უსაფუძვლოდ იგონებს, არამედ – 50 000 აშშ დოლარის გადაცემა და ამ თანხის ბიზნესში ჩადებას არც დაცვის მხარე მიიჩნევს სადავოდ, თუმცა მსჯავრდებულებს არ გააჩნდათ თანხის მისაკუთრების განზრახვა. ამდენად, გამოკვეთილია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, ვინაიდან ბიზნესი ჩავარდა და მოგება ვერ მოიტანა; ამის მიუხედავად, ჩადებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე დაუბრუნეს ი. კ–ს; სასამართლომ მაინც გაიზიარა დაინტერესებული პირის, დაზარალებულის არასანდო და არადამაჯერებელი ჩვენება, ასევე მისი ნათესავების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას.
ü პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების: შ. ჩ–სა და ზ. ბ–სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას, შემდეგი საფუძვლებით: სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულთა პიროვნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ დაზარალებულს მიადგა საკმაოდ სოლიდური ზიანი, რაც არ არის ანაზღაურებული.
2. მსჯავრდებულ შ. ჩ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ა–ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის განაჩენით:
3.1. შ. ჩ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 050 (ათი ათას ორმოცდაათი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2021 წლის 17 აგვისტოდან 2021 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით (ერთი დღე) გათვალისწინებით, შ. ჩ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და, საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი.
გაუქმდა შ. ჩ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3.2. ზ. ბ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 (ათი ათასი) ლარი.
გაუქმდა ზ. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ჩ–მ და ზ. ბ–მ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგით:
2013 წელს ი. კ–ს სს „... ბანკის“ საკუთარ ანგარიშზე შეტანილი ჰქონდა დანაზოგი - 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარი და სურდა მისი სარფიანად დაბანდება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო ი. კ–ს ნათესავის - შ. ჩ–სის ოჯახისთვისაც, ვინაიდან მათთან ი. კ–ს აკავშირებდა ახლო მეგობრული ურთიერთობა და ენდობოდა მათ. 2013 წლის აგვისტოში, ი. კ–ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. თ–ში, ი–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში ყოფნისას, შ. ჩ–მ ი. კ–ს შესთავაზა საბანკო ანგარიშზე რიცხული 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარი დაებანდებინა შ. ჩ–ს დედის - ზ. ბ–ს ბიზნესში, კერძოდ - რ–ში, ქ. მ–ში, მოქმედ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, ინტერნეტის მეშვეობით დააკავშირა მ–ში მცხოვრებ ზ. ბ–სთან, საუბრის დროს ი. კ–ს ამ უკანასკნელებმა მოტყუებით დაარწმუნეს, რომ სანაცვლოდ, ზ. ბ–ე ი. კ–ს ყოველთვიურად გადაუხდიდა 500 (ხუთას) აშშ დოლარს, ხოლო 2016 წელს ძირ თანხას – 80 000 აშშ დოლარს სრულად დაუბრუნებდა. 2013 წლის 8 აგვისტოს, ი. კ–ს შ. ჩ–სთან ერთად მივიდა ქ. თ–ში, ..... გამზირზე მდებარე სს „.... ბანკის“ სათავო ოფისში, ი. კ–მ საკუთარი ანგარიშიდან გამოიტანა 80.000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან 50.000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი გადაურიცხა ზ. ბ–ს, ხოლო 30.000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარი გადასცა შ. ჩ–ს. აღნიშნული ქმედებით შ. ჩ–ე და ზ. ბ–ე მოტყუებით, წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ი. კ–ს კუთვნილ 80 000 აშშ დოლარს - 132 992 ლარის ეკვივალენტს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების: შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - რ. ა–მ და დ. თ–მ, ასევე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქართველიშვილმა.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის, მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვისა და ბრალდების მხარეები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების: შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ა–ს და დ. თ–ს მოსაზრებას მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების: შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი. კ–ს ჩვენებით, მოწმეების: თ. ჩ–ს, ი. კ–ს, ც. ბ–ს, მ. ჩ–ე-ჩ–ს, დ. ჩ–ს, ე. ა–ს ჩვენებებით, 2015 წლის 24 სექტემბრის საბანკო ქვითრით, ი. კ–ს ანგარიშიდან ზ. ბ–სის ანგარიშზე გადარიცხული, 50 000 აშშ დოლარის საბანკო ქვითრებითა და დათვალიერების ოქმით, 2021 წლის 12 ივნისის ამოღების ოქმით, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით, საბანკო ქვითრებით, „....... ბანკის“ წერილით, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ც. ბ–სა და შ. ჩ–ს შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერითა და კრებსებით, საქართველოს შსს ინტერპოლის ეროვნული ბიუროდან მიღებული წერილითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას მსჯავრდებულების: შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – რ. ა–ე და დ. თ–ს და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
12. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს: შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმება საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
13. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
14. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების: შ. ჩ–სა და ზ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ა–ს და დ. თ–ს, ასევე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი