საქმე N 240100123006761284
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1446აპ-23 ქ. თბილისი
ჩიჩუა კობა, 1446აპ-23 29 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აგვისტოს განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ წულაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ წულაიამ, რომელიც არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ითხოვს მის გაუქმებას, კობა ჩიჩუას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება კობა ჩიჩუას ბრალეულობა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში არსებული სამხილები, კერძოდ: დაზარალებულ სანათა სახოკიას ჩვენება, რომელიც დასტურდება დაზარალებულის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და დაზარალებულის ოჯახის წევრების ჩვენებებით, რომლებიც ქმნიან უტყუარი და საკმარისი საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კობა ჩიჩუას, – დაბადებულს 1984 წლის 21 ივნისს, – ბრალად დაედო ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის ოქტომბერში, კობა ჩიჩუამ სანათა სახოკიას, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ქ. სენაკში, ანტონ ფურცელაძის ქუჩის მე-2 ჩიხის №3-ში, შელაპარაკების ნიადაგზე, იმ მოტივით, რომ სანათა სახოკიას არ სურდა კობა ჩიჩუასთან ურთიერთობის გაგრძელება, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური ტკივილის მისაყენებლად სანათა სახოკიას ხელი დაარტყა მარჯვენა ხელის მტევანზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. კობა ჩიჩუას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განაჩენით კობა ჩიჩუა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ წულაიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, კობა ჩიჩუას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აგვისტოს განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან, რადგან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა კობა ჩიჩუას მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის – სანათა სახოკიას ცემის – ჩადენა. მართალია, დაზარალებულის მტკიცებით, კობა ჩიჩუა წლების განმავლობაში სქესობრივად ძალადობდა მასზე და 2022 წლის ოქტომბერში, სქესობრივ კავშირზე გაცხადებული უარის გამო, ჰკრა და მარჯვენა იდაყვზე დაარტყა ხელი, რის გამოც, განიცადა ტკივილი, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც კობა ჩიჩუას ბრალეულობაზე მიუთითებდა. მოწმეების – გელა და სალომე სახოკიების, ისევე, როგორც – მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლებისა და ექსპერტების ჩვენებები, კობა ჩიჩუასათვის ბრალადწარდგენილ ქმედებასთან მიმართებით ემყარება დაზარალებულ სანათა სახოკიას მონათხრობს, ირიბია და, შეუძლებელია, მათ საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, პირის მსჯავრდება; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სანათა სახოკიას ჩატარებული პირადი შემოწმებისას სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა კანის დეპიგმენტირებული უბანი, თუმცა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები – არა, ხოლო დაზარალებულის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ფოტოსურათით, რომელზეც გამოსახულია ხელზე არსებული სილურჯე, არ არის დათარიღებული და შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, რომ ეს კობა ჩიჩუას მიერ სანათა სახოკიაზე 2022 წლის ოქტომბერში ჩადენილი ძალადობის სამხილია; რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, ისევე, როგორც – შემაკავებელი ორდერის ოქმს, რომელიც გამოცემულია დაზარალებულის მოთხოვნის შესაბამისად, სანათა სახოკიას ჩვენებასთან ერთობლივად ისინი ვერ ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას კობა ჩიუჩუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ წულაიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი