Facebook Twitter

საქმე # 060100123007574171

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №45აპ-24 ქ. თბილისი

ჩ–ე გ., 45აპ-24 1 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი ჩაეთვალოს პირობით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, იმ საფუძვლით, რომ გ. ჩ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (დანაშაულის აღიარება და მონანიება, შერიგებულია დაზარალებულთან, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი).

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენით გ. ჩ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ. ჩ–ს მიმართ ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჩ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა გ. ჩ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

გ. ჩ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 29 მაისიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 29 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ. ჩ–მ, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ძ–ში, მისივე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ოჯახის წევრს – დედას, მ. ჩ–ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაუწყო გინება და ძალადობით, კერძოდ, მარჯვენა თვალბუდის არეში თოკის დარტყმით, მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ–მა. დაცვის მხარემ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შთანთქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და მოითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის მიერ წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის სრულად შთანთქმას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მსჯავრდებულ გ. ჩ–სისათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა, სააპელაციო პალატის მსგავსად, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ჩ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით (კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განაჩენით გ. ჩ–სათვის შეფარდებული დამატებითი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათით, შეეცვალა ჯარიმით – 3750 ლარით, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული თავს არიდებდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებას.

10. მიუხედავად გ. ჩ–ს მიმართ გამოყენებული ზემოაღნიშნული საშეღავათო გარემოებებისა, მან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში – 2023 წლის 29 მაისს, კვლავ ჩაიდინა ახალი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული. ამდენად, ცალსახაა, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარსულში გავრცელებულმა საშეღავათო გარემოებებმა ვერ მოახდინა შესაბამისი ზემოქმედება და მისი რესოციალიზაცია, მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი (განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა გ. ჩ–მ, კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული), შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გავრცელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივისას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობის დროს) დადგენილი მოთხოვნები.

11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. ჩ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. ამასთან, მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს არა სასჯელთა სრული, არამედ – ნაწილობრივი შეკრების წესით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს გ. ჩ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი