საქმე N 330100121004691079
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №12აპ-24 ქ. თბილისი
წურწუმია ნიკა, 12აპ-24 29 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნიკა წურწუმიას ინტერესების დამცველი ადვოკატების – გიორგი ბარდაველიძისა და თამარ ტერაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნიკა წურწუმიას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გიორგი ბარდაველიძემ და თამარ ტერაშვილმა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ, ერთი მხრივ, გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ნიკა წურწუმიას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №83 დასკვნის დასაშვებად ცნობას, რამეთუ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, რომ ნიკა წურწუმიას ბრალადშერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, არ შეეძლო სრულად გაეწია ანგარიში და ეხელმძღვანელა თავისი ქმედებისათვის (შეზღუდული შერაცხადობა), ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა სამართლიანი და კანონიერი განაჩენის დასადგენად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ნიკა წურწუმია, – დაბადებული 1993 წლის 6 მარტს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლს მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკა წურწუმიამ ჩაიდინა მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2020 წლის 29 სექტემბერს, შუამავალ ნინო გაგნიძის დახმარებით, ნიკა წურწუმიას მეუღლეს – მაკა რევაზიშვილსა და გიორგი გახოკიძის წარმომადგენელ ხათუნა გახოკიძეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის მიხედვითაც, მაკა რევაზიშვილმა შეიძინა თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს.კ.: 01.72.14.032.267) 11 000 აშშ დოლარად, თუმცა – 6 თვის განმავლობაში (2021 წლის 29 მარტამდე) გამყიდველს (გიორგი გახოკიძესა და მის წარმომადგენელ ხათუნა გახოკიძეს) შეეძლო გამოესყიდა აღნიშნული ქონება. ამავე დროს, 6 თვის განმავლობაში, გამყიდველი ვალდებული იყო ყოველთვიურად მაკა რევაზიშვილისთვის გადაეხადა 300 აშშ დოლარი. ხათუნა გახოკიძემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, შეასრულა, თუმცა ვერ ახერხებდა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვას, რის გამოც, 2021 წლის აპრილში, მაკა რევაზიშვილსა და მის მეუღლეს – ნიკა წურწუმიას სთხოვა 3 თვით ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რაზეც ნიკა წურწუმიამ განუცხადა უარი და მოსთხოვა 11 000 აშშ დოლარის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწის ნაკვეთს (ს.კ.: 01.72.14.032.267) გაყიდდა. ვინაიდან, ხათუნა გახოკიძე და ნიკა წურწუმია ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ, იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთი არ გაყიდულიყო, ხათუნა გახოკიძემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (ს.კ.:01.72.14.032.267) ყადაღის დადება.
3.2. ხათუნა გახოკიძესთან საქმიანი ურთიერთობიდან წარმოქმნილი უთანხმოების გამო, 2021 წლის 16 აპრილს, 12:20 საათიდან 14:06 საათამდე შუალედში, ნიკა წურწუმიამ, თანნაქონი „EKOL Major“ მოდელის, 9მმ ნომინალურ კალიბრიანი №EMI2-20070607 ხმოვანი პისტოლეტით, თბილისში, დუშეთის ქუჩის №30-ში მდებარე სს „საქართველოს ბანკის“ №259-ე ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო სერვისცენტრის თანამშრომლები: ხატია შენგელია, ლანა კვარაცხელია, ხატია ხორავა და გვანცა გირვლიანი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი –გიორგი უთრუთაშვილი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი –ზიზო ზურაბაშვილი და თაგუჰი მარგარიანი, კერძოდ, იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს ჩააკეტინა ბანკში შესასვლელი კარი და შეუზღუდა მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება, რის შემდეგ, იარაღის გამოყენების მუქარით, ხატია ხორავას აიძულა მობილური ტელეფონით დაერეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ ცხელ ხაზზე და მოითხოვა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, მასთან უნდა მიეყვანათ ხათუნა გახოკიძე და ნინო გაგნიძე, რომელთაც უნდა დაეფარათ მისი და მისი მეუღლის ვალი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნიკა წურწუმიას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნიკა წურწუმიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. კასატორების მოთხოვნაზე – ნიკა წურწუმიასათვის სასჯელის შემსუბუქებასა და მისი ნაწილის პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით – საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, რისი გათვალისწინებითაც, ნიკა წურწუმიასათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას, არ აქვს კანონიერი გამართლება.
9. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №83 დასკვნასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლს მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრდებულია ნიკა წურწუმია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ნიკა წურწუმიას შეფარდებული აქვს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ანუ მინიმალრი სასჯელი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების შესაძლებლობას სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნიკა წურწუმიას ინტერესების დამცველი ადვოკატების – გიორგი ბარდაველიძისა და თამარ ტერაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი