Facebook Twitter

საქმე N 330100121005040036

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1235აპ-23 ქ. თბილისი

წ–ა გ., 1235აპ-23 11 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ–სა და მსჯავრდებულ კ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ გ. წ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჩ–მ და მსჯავრდებულ კ. გის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ–მ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ გ. წ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ჩ–ე ითხოვს გ. წ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდება დაუსაბუთებელია, რადგან გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. წ–ს ბრალეულობა. კასატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ თავდამსხმელებს დაზარალებულის ბინაში შეჭრის დროს არანაირი იარაღი არ ჰქონიათ, ხოლო მოგვიანებით დანის გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა გამოყენებულია იმ მიზნით, რომ დაზარალებულს არ მოეხმო დასახმარებლად მეზობლისათვის, რომელიც კარზე იყო მიმდგარი და არა – სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი სამხილებით არ გამოკვეთილა ბრალადშერაცხილი დანაშაულის – ყაჩაღობის – მოტივი.

3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ კ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. მ–ე ითხოვს კ. გ–ს მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი ბრალეულობა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის კ. გ–ს სახლიდან ვაზნების ამოღების ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა ამოღებული საბრძოლო მასალის მსჯავრდებულისადმი კუთვნილება. ჩხრეკის დროს, კ. გ–ს მამამისმა უთხრა, რომ სახლში ინახავდა ვაზნებს, რაც მსჯავრდებულმა დაუმალა ჩხრეკის ჩამტარებელ პოლიციელებს, რამეთუ მამამისს, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, ჰქონდა სიმსივნე და ვერ გაიმეტა პატიმრობისათვის. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის კავშირს ამოღებულ საბრძოლო მასალასთან, არამედ მხოლოდ – ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერობლიობას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენით: გ. წ–ს, – დაბადებული ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, გ. წ–ს მიესაჯა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. გ–ე, – დაბადებული ...., – ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია გ. მ–მე.

6. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. წ–მ ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ხოლო კ. გ–მ – საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:

6.1. 2021 წლის 10 ივნისს, დაახლოებით, 09:00 საათზე, გ. წ–მ და გ. მ–მ უკანონოდ შეაღწიეს თ–ში, ... საცხოვრებელ ბინაში, რომელშიც ჯგუფურად, ფულადი თანხისა და სხვა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, თავს დაესხნენ იქ მყოფ ლ. გ–ს, რომელსაც დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს ოქროს ნივთები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი და ფიზიკური ზიანი.

6.2. 2021 წლის 12 ივნისს, დღის საათებში, ქ–ში, ........-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, კ. გ–ე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ – ქარხნული წესით დამზადებულ 7.65X17 მმ კალიბრან, ამავე კალიბრიანი იარაღებისთვის – მათ შორის ,,..........“ – განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ და გამოსაყენებლად ვარგის 7 ვაზნას.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა გ. წ–მ და მსჯავრდებულ კ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია გ. წ–სა და კ. გ–ს ბრალეულობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

12. გ. წ–ს მსჯავრდებასთან მიმართებით აღსანიშნავია დაზარალებულ ლ. გ–ს ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ შეეჭრა სახლში ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთს ერქვა – გლები, რომლებიც დანის მუქარით სთხოვდნენ ფულსა და ოქროს; ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით კი, ირკვევა, რომ დაზარალებულმა წარდგენლ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო გ. წ–ს, რომელიც თავს დაესხა შემთხვევის დღეს და გასტაცა ოქროს ნივთები; ოდოროლოგიური ექსერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ დაზარალებულის საცოხვრებელ სახლში აღმოჩნდა გ. წ–ს სუნის კვალი, ხოლო ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწრებითა და მოწმეების სახით დაკითხული ტაქსის მძღოლების – კ. ჯ–სა და დ. ა–ს – ჩვენებებით დგინდება, როგორ გადაადგილდა შემთხვევის დღეს გ. წ–ს თ–ში, ........-ს მიმართულებით, რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. წ–ს მსჯავრდება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერი და დასაბუთებულია.

13. კ. გ–ს მსჯავრდებასთან მიმართებით, საყურადღებოა, რომ ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ქ–ში, ......-ში მდებარე კ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, სწორედ მსჯავრდებულის საძინებელში არსებულ ტუმბოს უჯრაში აღმოჩნდა სავაზნე, მასში მოთავსებული 7 ვაზნით, ხოლო საგამოძიებო მოქმედების ოქმზე კ. გ–ს ხელით შესრულებული შენიშვნის თანახმად, ამოღებული ვაზნები ეკუთვნოდა სწორედ მას; მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის, გ. თ–ს ჩვენებით დგინდება, რომ კ. გ–ს სახლის ჩხრეკის დროს, მსჯავრდებულის მითითებით მისი საძინებლიდან ამოიღეს ვაზნები, რომელთა შესახებ არაფერი იცოდნენ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა; ბალისტუკური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ კ. გ–ს საძინებლიდან ამოღებული 7 ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, რისი ერთობლივად გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია საბრძოლო მასალის კ. გ–ს საძინებლიდან ამოღების ფაქტი, არამედ – ამოღებული საბრძოლო მასალის მსჯავრდებულისადმი კუთვნილება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. გ–ს მსჯავრდება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერი და დასაბუთებულია.

14. ამავდროულად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

15. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ–სა და მსჯავრდებულ კ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი