საქმე # 330100123007311947
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №99აპ-24 ქ. თბილისი
ხ–ე ვ., 99აპ-24 4 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ. ხ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არასამართლიანია, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის განაჩენით ვ. ხ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ხ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით;
ვ. ხ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 7 აპრილიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ვ. ხ–ს დაევალა, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ხ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ვ. ხ–ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 12 მარტს, მ. მ–ს მოთხოვნის საფუძველზე, თავისი მეუღლის - ვ. ხ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღით, რის საფუძველზეც ვ. ხ–ეეს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - მ. მ–სთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ვ. ხ–ე გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები - კერძოდ, 2023 წლის 22 მარტს, ღამის საათებში, 2022 წლის 4 აპრილს, ღამის საათებში და 2023 წლის 7 აპრილს, დღის საათებში, ქალაქ თ–ში, ...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, მ. მ–ს მობილური ტელეფონიდან მოკლეტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა. აღნიშნულით ვ. ხ–მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რითაც დაზარალებულს მიადგა მორალური ზიანი
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და ვ. ხ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. ხ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის. საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ვ. ხ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა) დაზარალებულის პოზიცია (შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია) და ისე შეუფარდა სასჯელი, რაც სამართლიანია, სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მის პიროვნებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი