საქმე N 190100123006971946
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1330აპ-23 ქ. თბილისი
ხ–ი გ., 1330აპ-23 8 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო სწორედ დაზარალებულის შეტობინება, მის მიმართ დანაშაულის ჩადენის შესახებ, კერძოდ: ,,...შვილთან აქვს კონფლიქტი, ემუქრება, კონფლიქტი მოიცავს სიტყვიერი ხასიათის არეულობას, პირი ადგილზეა...“; მნიშვნელოვანია პატრულ-ინსპექტორის, რ. ჟ–ს გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან – ე. გ–სთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მისულთ, დაზარალებულმა დაუდასტურათ, რომ მისი ვაჟი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. სახლში მყოფი გ. ხ–ი კვლავ განაგრძობდა აგრესიულ ქცევას და მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი; საყურადღებოა, რომ გ. ხ–ი არაერთხელ არის პასუხისგებაში მიცემული დედაზე ძალადობის გამო, თუმცა, ყოველ ჯერზე, ც. ხ–ს მიერ ჩვენებაზე უარის გამო, დაუსჯელი დარჩა, რასაც მომავალში მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ხ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2021 წლის მარტიდან მოყოლებული, ქალაქ რ–ში, ....–ის ბინაში თანაცხოვრების პერიოდში, გ. ხ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დედას – ც. ხ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა, აგინებდა და მიმართავდა უშვერი სიტყვებით. უკანასკნელად, 2022 წლის 28 იანვარს, დაახლოებით, 22:00 საათზე, საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გ. ხ–მა ც. ხ–ს მოსთხოვა ფული, ხოლო თუ არ ჰქონდა, ეთხოვა მეზობლებისგან. ც. ხ–ს უარით გაბრაზებულმა კი, მარჯვენა გაშლილი ხელი გაარტყა სახეში. გ. ხ–ს ქმედებების გამო ც. ხ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2.2. 2021 წლის 28 იანვარს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ქალაქ რ–ში, ..ის ბინაში ყოფნისას, გ. ხ–მა ფიზიკურად იძალადა დედამისზე – ც. ხ–სზე, ჯერ მოუწოდა, თუ არ ჰქონდა, მეზობლებისთვის ეთხოვა ფული, ხოლო, სახლში უფულოდ დაბრუნებულს, დაემუქრა, რომ დაუწვავდა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. გ. ხ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განაჩენით გ. ხ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდეებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა გ. ხ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ც. ხ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება თავისი შვილის – გ. ხ–ს – წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; კასატორი თავის საკასაციო საჩივარში აპელირებს სხვა მტკიცებულებებზეც, აქედან: პატრულ-ინსპექტორის, რ. ჟ–ის გამოკითხვის ოქმი, გ. ხ–სათვის ბრალადშერაცხილ ქმედებებთან მიმართებით არის ირიბი და, შესაბამისად, ვერ გამოდგება მისი ბრალეულობის სარწმუნოდ დასადასტურებლად, ხოლო დაზარალებულის შეტყობინებითა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერით, ვერ იქმნება მტკიცებულებათა უტყუარი და საკმარისი ერთობლიობა გ. ხ–ს ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი