Facebook Twitter

საქმე N 010100123006765463

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №231აპ-24 ქ. თბილისი

ჯ–ი რ., 231აპ-24 30 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და რ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ე. ნ–ს ჩვენებით, მოწმეების – ლ. ჯ–ს, ნ. ჯ–ს, ლ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმებით, რ. ჯ–ს მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერით და დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ. ჯ–ს ბრალეულობა. დაზარალებულმა ე. ნ–მ დაადასტურა რ. ჯ–ს მიერ დამუქრების ფაქტი, მაგრამ ორაზროვანი პასუხი გასცა მის მიერ განცდილ შიშთან დაკავშირებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ჯ–ს ბრალად ედება: გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 5 ნოემბრიდან 2022 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, ქ. ბ–ში, კ–ს ქუჩის N..-სა და იმავე ქალაქში, ..........ის ქუჩის ..-ში მდებარე სასტუმრო „შ–ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ჯ–ი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით სისტემატურად ემუქრებოდა თავისი ოჯახის წევრს, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ე. ნ–ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით რ. ჯ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. ჯ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს, ზვიად ჯაყელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,......... ბანკის” შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1000 (ათასი) ლარი.

გამართლებულ რ. ჯ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია რ. ჯ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს რ. ჯ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

9. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას. იმავდროულად, შიშის არსებობა უნდა შეფასდეს ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №140აპ-21, №65აპ-20).

10. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება შემდეგი: სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ე. ნ–ს დაკითხვისას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, გამოქვეყნდა ე. ნ–ის 2022 წლის 7 დეკემბრის გამოკითხვის ოქმი. ჩვენების მიცემისას, დაზარალებულმა ე. ნ–მ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ რ. ჯ–ი მას ემუქრებოდა, მაგრამ ცალსახად მიუთითა, რომ მისი მუქარები რეალურად არ აღუქვამს და არც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გასჩენია. ე. ნ–ს ჩვენებით, მას რ. ჯ–სა არ ეშინოდა. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ პოლიციისთვის მუქარით გამოწვეული შიშის გამო არ მიუმართავს, არამედ – იმ მიზნითა და მოტივით, რომ რ. ჯ–ს მიმართ გამოეცათ შემაკავებელი ორდერი, რის შედეგადაც, მას დაუწესდებოდა შეზღუდვები ე. ნ–სთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს (ობიექტური კრიტერიუმი): რ. ჯ–ს მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს, მოწმეების: ო. გ–ს, თ. ა–ს, გ. ქ–ს, ლ. ჯ–ს, ლ. ჯ–სა და ნ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც მხარეთა შეთანხმებით, მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უარყო მუქარის შედეგად საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი (სუბიექტური კრიტერიუმი), რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს, აღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს რ. ჯ–ს ბრალეულობას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი