საქმე N 010142223701487339
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №3აგ-24 თბილისი
მ. გ., 3აგ-24 2 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით გ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, საბოლოოდ გ. მ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება, მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩა უცვლელი.
6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;
მსჯავრდებულ გ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ მ-ს ¼-თ შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს ¼-თ შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104 მუხლის მე-4 პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, მსჯავრდებულ გ. მ-ს, შთანთქმის პრინციპის გათავალისწინებით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განჩინებების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ.ა მ-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა.
13. 2018 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის №.... განკარგულების საფუძველზე გ. მ. შეწყალებული იქნა და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდის გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა 2033 წლის 8 აპრილი.
14. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელი.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის გაჩინება მსჯავრდებულ გ.ა მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელი.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - რევაზ რიჟამაძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის გაჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელი.
22. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელი.
24. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივნისის განჩინებით გ. მ-ს შუამდგომლობა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელი.
26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2023 წლის 13 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ იმ საფუძვლით, რომ საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა სასამართლო შემადგენლობამ სახალხო მსაჯულების მონაწილეობით, რაც უკანონოდ აღიარა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის, 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. გ-ს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩა უცვლელად.
28. 2023 წლის 19 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მარინე მუმლაურმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა, შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი გამოტანილია არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ, ვინაიდან საქმის განმხილველ სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდა ორი არაპროფესიონალი სახალხო მსაჯული, რომელთაც არ გააჩნდათ მოსამართლის ფუნქციების განხორციელების იურიდიული კომპეტენცია; შუამდგომლობის ავტორი აპელირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: „ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, მსაჯულთა მიერ მოსამართლის უფლებამოსილების თანაბრად განხორციელების გამო ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა.
29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მარინე მუმლაურის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.
30. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. გ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ – განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები, საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის იგივე საფუძვლებითა და არგუმენტაციით დაცვის მხარემ მრავალჯერ მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით (მათ შორის – იმავე საფუძვლითა და არგუმენტაციით დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე კასატორს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებითაც, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის №60აგ-16 განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა; ასევე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის N71აგ-20 განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის №10აგ-23 განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განჩინება მსჯავრდებულ გ. მ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. გა-ს – ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად).
5. ამასთან, მსჯავრდებულს არაერთხელ განემარტა, რომ ზემოხსენებული განჩინებებით მის მიერ მითითებულ არგუმენტებს ამომწურავი პასუხები გაეცა, ხოლო რაიმე ახალი გარემოება შუამდგომლობის ავტორს არ წარმოუდგენია და ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოებმა უკვე მრავალჯერ იმსჯელეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობების განხილვისას, საკასაციო სასამართლო იმავე საფუძვლებით იმავე გარემოებებზე განმეორებით მსჯელობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
6. შესაბამისად, ვინაიდან კასატორი უთითებს ისეთ გარემოებებზე, რაც უკვე არაერთხელ იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის იგივე არგუმენტაციით სასამართლოს მიერ გადასინჯვის საგანი და კასატორს დასაბუთებული პასუხი გაეცა შუამდგომლობაში დაყენებულ მოთხოვნაზე, ხოლო კასატორი წარმოდგენილ საჩივარში (და, შესაბამისად, შუამდგომლობაში) არ უთითებს რაიმე ახალ გარემოებასა ან ფაქტზე, რაც არ ყოფილა სასამართლო განხილვა-შეფასების საგანი და შესაძლებელია, გამხდარიყო აღნიშნული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი