Facebook Twitter
საქმე N 020142223701465929

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საქმე №5აგ-24 თბილისი
რ.ა თ., 5აგ-24 3 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. რ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენით თ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 1000 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, თ. რ-ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა – 000 ლარი.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ თ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. წ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ თ. რ-ს საკასაციო საჩივარი.

4. 2023 წლის 5 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. რ-მ. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი გახდა ახალი ფაქტები და გარემოებები, კერძოდ, გამართლდა მისი ეჭვები და ვარაუდები, რომ მის მიმართ ცრუ ბრალდებით აღძრული ყალბი სისხლის სამართლის საქმის მთავარი შემკვეთები და ფიგურანტები არიან მისი რძალი - ნ. კ. და მისი მოსისხლე მტერი – მ. გ.-დ, მ. ც.-გ-სა და დებ – მ. და ხ ხ-ებთან ერთად. თ. რ. ვრცლად მიმოიხილავს მის ურთიერთობას მითითებულ, ასევე სხვა პირებთან და მოითხოვს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. რ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. რ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით მოითხოვს განაჩენის გადასინჯვას, იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა შუამდგომლობაში. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაში მითითებულ პირებს მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების შეგროვებასა და გამოყენებაში ეხმარებოდნენ და ხელს უწყობდნენ სამართალდამცავი ორგანოების სხვადასხვა თანამშრომლები.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ: წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ამავე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ: სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები, საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ თ. რ-ს შუამდგომლობა. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან კასატორის მიერ გაცხადებული მოსაზრებები მოცემულ საქმესთან მიმართებით, არ წარმოადგენს ისეთ ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მის უდანაშაულობას ან მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას და რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. კასატორს ასევე არ აქვს წარმოდგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგენილია, რომ პროკურორმა თუ გამომძიებელმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინეს დანაშაული. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თ. რ. უფლებამოსილია, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს მის მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მოითხოვოს გამოძიების დაწყება.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თ. რ-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვასაძე


მოსამართლეები: შ. თადუმაძე


ლ. ფაფიაშვილი