Facebook Twitter
საქმე N 010142223701503248

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით


საქმე №6აგ-24 თბილისი
ს. დ., 6აგ-24 4 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

დ. ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

დ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 27 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.

დ. ს-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2022 წლის 30 მაისიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ს-ს ადვოკატის ო. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2023 წლის 29 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ს-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენის გადასინჯვა. მსჯავრდებული განმარტავს, რომ მისი მსჯავრდების საქმეში გამოიკვეთა ახალი გარემოებები, კერძოდ: დაზარალებულები საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხნენ დ. ს-ს მონაწილეობის გარეშე, ხოლო ამ ეტაპზე მათ შეცვალეს ჩვენებები და არ ადასტურებენ მის მიერ დანაშაულების ჩადენას; სააპელაციო და საკასაციო საჩივრები მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შეადგინა და შესაბამის სასამართლოებს წარუდგინა მასთან შეუთანხმებლად, სააპელაციო სასამართლოში კი სასამართლო სხდომები მისი მონაწილეობის გარეშე გაიმართა და არ აქვს ჩაბარებული მიღებული გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ს-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას იმავე საფუძვლებით, რომლებზეც უთითებდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები, საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ დ. ს-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას: მხოლოდ ზოგადი განცხადება, რომ დაზარალებულებმა შეცვალეს ჩვენებები, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი შუამდგომლობის დასაშვებად მიჩნევის საფუძველს. გარდა ამისა, მსჯავრდებულ დ. ს.ს მოსაზრება, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა წარიმართა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმის მასალების მიხედვით, ირკვევა, რომ მსჯავრდებული სამივე ინსტანციის სასამართლოში სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაზარალებული ვერა სუპრუნოვა დაიკითხა ბრალდებულ დ. ს.სა და ადვოკატ ო. გ-ს მონაწილეობით (2022 წლის 29 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი); ხოლო დაზარალებულ მ. ს-ს დაკითხვას არ ესწრებოდა თავად დ. ს., თუმცა სხდომა ჩატარდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით (2022 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი). სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებული 2023 წლის 20 აპრილის … პენიტენციური დაწესებულების მთავარი ინსპექტორის ლ. ბ-სა და ინსპექტორ-კონტროლიორის – მ. ღ-ს მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ დ. ს-მ სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომაზე დასწრებასა და შესაბამისი განცხადების დაწერაზე განაცხადა უარი. მას განემარტა, რომ სასამართლო სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდებოდა. ასევე, ოქმში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ დ. ს-მ ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე ადვოკატმა ო. გ-მ დააფიქსირა პოზიცია, რომ მსჯავრდებულს საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობის შესახებ მასთან სურვილი არ გამოუთქვამს. რაც შეეხება მსჯავრდებულის აპელირებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ჩაუბარებლობის თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია … პენიტენციური დაწესებულების 2023 წლის 2 მაისის ხელწერილი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულმა დ. ს-მ ჩაიბარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის №…. განაჩენი, თუმცა ხელწერილზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დ. ს.ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ს.ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი