საქმე # 330100121004465006
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1373აპ-23 თბილისი,
ა-ძე რ, №1373აპ-23 27 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. მ-ას, მსჯავრდებულების – ი. ა-სა და რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. რ. ა-ძე, დაბადებული .. წლის .. ივლისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, რ. ა-ს საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
საქარველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1441–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 147–ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და რ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 7 წლითა და 6 თვით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა – 2 წლითა და 3 თვით.
რ. ა-ს სასჯელის აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 1 თებერვლიდან.
1.2. ხ. ს-ა, დაბადებული .. წლის ... სექტემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, ხ. ს-ას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა – 2 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
საქარველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და ხ. ს-ას, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვით.
ხ. ს-ას სასჯელის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან.
1.3. კ. კ-ა, დაბადებული .. წლის .. იანვარს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ კ. კ-ს საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა – 2 წლითა და 3 თვით;
კ. კ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან.
1.4. ი. ს-ია, დაბადებული .. წლის ... დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, ი. ს-ას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა – 1 წლითა და 6 თვით;
ი. ს-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 1 თებერვლიდან.
1.5. ი. ა-ია, დაბადებული .. წლის ... ოქტომბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, ი. ა-ას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა – 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼–ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, ი. ა-ას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 1 წლისა და 6 თვით;
საქარველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. ა-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 6 თვით;
ი. ა-ას სასჯელი აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 1 თებერვლიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით:
დასაშვებად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ რ. ა-სა და მისი ადვოკატის – ო. მ-ს, მსჯავრდებულების – რ. ა-ის, ი. ა-სა და ი. ს-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე: რ. ა-ის, ხ. ს-ას, კ. კ-ას, ი. ს-იას, ი. ა-ას მიმართ; (აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განაჩენით, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – ნათია თათიაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 2022 წლის 16 მაისს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროს პროკურორს ნათია თათიაშვილსა და ხსენებული აპელანტებიდან მსჯავრდებულ ი. ს-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა და ი. ს-ას ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით (საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებული გადაწყვეტილება):
მსჯავრდებულების – რ. ა-ისა და ი. ა-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი – რ. ა-სა და ი. ა-ას მიმართ დარჩა უცვლელად.
4. წარდგენილი ბრალდების არსი/სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. რ. ა-ს, ბრალად ედებოდა წამება, ესე იგი, ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით, პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და ჯგუფურად.
მასვე ბრალად ედებოდა განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
4.2. ი. ა-ას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.
მასვე ბრალად ედებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია.
4.3. ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
რ. ა-ძე კანონით დადგენილი წესით დაინიშნა და 2011 წლის 14 ივნისს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, რის შესაბამისადაც წარმოადგენდა მოხელეს.
ი. ა-ია კანონით დადგენილი წესით დაინიშნა და 2011 წლის 14 ივნისს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯ-ის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, რის შესაბამისადაც, წარმოადგენდა მოხელეს.
2011 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ. ა-ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ წ-ის რაიონის სოფელ მ-ში მცხოვრებ ლ. ა-ას, შესაძლებელია, ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილ ზ. ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯ-ის პოლიციის განყოფილების უფროსმა – ვ. ა-მ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ – რ. ა-მ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯ-ის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა – ხ. ს-მ, 2011 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე, წ-ის რაიონის სოფელ მ-ში, ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს ლ. ა-ა.
მოქმედებდნენ რა ინფორმაციის მიღების განზრახვით, ავტომანქანაში რ. ა-ძე და ხ. ს-ია სცემდნენ მას და სთხოვდნენ, რომ გაემჟღავნებინა ძებნილი ზ. ა-ას ადგილსამყოფელი. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენისა და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, რ. ა-მ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლ. ა-ას ავტომატის ლულა ჩაუდო პირში, რაც გაგრძელდა გარკვეული პერიოდი ავტომანქანის გაჩერებამდე.
ზემოხსენებულმა პირებმა ლ. ა-ა მიიყვანეს სოფელ ჭ-ან არსებულ მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვლავ გააგრძელეს მის მიმართ სასტიკი მოპყრობა, კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობითა და ავტომატით გასროლას ინსცენირებდნენ.
ლ. ა-ის ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზნით, იგი დაიჭირა ხ. ს-მ, რ. ა-მ ანთებული სიგარეტები გადასცა ვ. ა-ეს, რომელმაც ხანგრძლივად, წუთობრივი ინტენსივობით დაადო ისინი ლ. ა-ას იღლიებში, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლ. ა-ია მათ კითხვაზე პასუხობდა, რომ იგი ზ. ა-ას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს დაკავებული პირის გადაყვანა და მის მიმართ ფიზიკური ძალადობის გაგრძელება ჯ-ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. დასახელებულ ადგილას მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა აღნიშნულ პირებთან ერთად განაგრძეს განყოფილებაში მყოფმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა: შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა – ი. ს-ამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა – კ. კ-მ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯ-ის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა – ი. ა-ამ.
ლ. ა-ს სამართალდამცავები კვლავ სთხოვდნენ ძებნილი ზ. ა-ს ადგილსამყოფელის დასახელებას. ასევე, მოსთხოვეს, რომ დაესახელებინა ტერორისტული ჯგუფის ის წევრები, რომლებმაც, 2008 წლის 25 ოქტომბერს, წ-ის რაიონის სოფელ ფ-ში ჩაიდინეს ტერორისტული აქტი.
სასურველი ინფორმაციის მიუღებლობის გამო, უკანონოდ დაკავებულ ლ. ა-ას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განიზრახეს ხელოვნურად შეექმნათ თითქოს, მისი დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისას ლ. ა-ას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი თან არ ჰქონია, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, ი. ა-ამ დაკავებულს წარუდგინა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება 0,0242 გრამი „ჰეროინი“, „AK“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 19 სამხედრო ვაზნა, რომელიც თითქოს, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
ი. ა-ამ ჯ-ის პოლიციის განყოფილებაში, მონაწილე პირებთან ერთად, შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელშიც მიუთითა, რომ 2011 წლის 15 ივნისის, 03:00 საათზე, ლ. ა-ია, თითქოს დააკავეს წ-ის რაონის სოფელ მ-ს ტერიტორიაზე, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.
თავდაპირველად, ლ. ა-ია უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. თუმცა, კ. კ-ს მიერ მის მიმართ ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, ლ. ა-ამ განიცადა ძლიერი მორალური ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი და შესაბამისად, ხელი მოაწერა ზემოხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოს, მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
აღნიშნულის შემდეგ ლ. ა-ია მიიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც რ. ა-მ, ი. ს-მ და ხ. ს-მ სხვა პირებთან ერთად კვლავ სცემეს იგი. ამასთან, ლ. ა-ს უწოდებდნენ ტერორისტს და დაწვის სიმულაციის მიზნით, აიძულებდნენ მას ბუხარში შესვლას.
ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე, ლ. ა-ას წარედგინა ბრალდება: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, რის შესაბამისადაც, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა – 3000 ლარი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, 2013 წლის 16 იანვარს ლ. ა-ა გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
ამდენად, რ. ა-ის მიერ ჩადენილმა განზრახ უკანონო დაკავებამ ლ. ა-ას მსჯავრდება გამოიწვია, ხოლო მისი და ჯგუფის სხვა წევრების მიერ ჩადენილმა წამებამ ლ. ა-ას მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა;
ი. ა-ას მიერ ჩადენილმა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ლ. ა-ას მსჯავრდება გამოიწვია, ხოლო მისი, როგორც მოხელის მიერ ჩადენილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებამ, ლ. ა-ს უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
5. კასატორი – მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – ო. მ-ია ითხოვს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას რ. ა-ის ნაწილში და მის ნაცვლად, სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ის, რომ ლ. ა-ს მიმართ ძალადობის მიზანი ძებნილი – ზ. ა-ს შესახებ ინფორმაციის მიღება იყო, ხოლო მოგვიანებით, ტერაქტში მონაწილე პირთა ვინაობის დასახელება, მხოლოდ დაზარალებული ადასტურებს. მოწმეები: ლ. ფ-ა, თ. ქ-ა და ლ. გ-ვა შეესწრნენ მხოლოდ ჯ-ის განყოფილებაში განვითარებული მოვლენების გარკვეულ მონაკვეთს და მათ არ დაუნახავთ რ. ა-ის მიერ დაზარალებულზე ძალადობა. ამდენად, აღნიშნული მასალა არასათანადო მოპყრობის ან წამების დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულება ვერ იქნება. რ. ა-ის მიერ დაზარალებულის უკანონო დაკავება აგრეთვე ვერ დასტურდება ერთზე მეტი პირდაპირი მტკიცებულებით. რ. ხ-ს დაკითხვისას გამოიკვეთა, რომ იგი ჩვენებას მისი ვარაუდებიდან, პირადი დასკვნებიდან გამომდინარე აძლევდა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმად, 2011 წლის 15-20 ივნისის მდგომარეობით, ლ. ა-იას იღლიის ფოსოებში რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. შეუძლებელია, არასპეციალისტის მიერ შესამჩნევი დაზიანების კვალი ექსპერტს გამოჰპარვოდა. ლ. ა-ას სხეულზე სისხლნაჟღენთებისა და სხვა სახით დაზიანება, მისი უკანონო დაკავების მომენტიდან წალენჯიხის სამმართველოდან წაყვანის მომენტამდე, არ დასტურდება ბრალდების მტკიცებულებათა ერთობლიობით. ლ. ა-ას მიერ გამოძიებისა და სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობრივია სიგარეტის ეპიზოდში სავარაუდო წამების ჩამდენ პირთა და მათი მოქმედების/როლის შესახებ. ექსპერტმა მიუთითა, რომ კონტუზიო ლ. ა-ას განუვითარდა სტრესული მოვლენის დადგომისთანავე და იმავე მომენტიდან ჰქონდა მეხსიერების ,,ჩავარდნები.“ ექსპერტმა გ. მ-მა აღნიშნა, რომ ლ. ა-ას მეხსიერების დარღვევა ჰქონდა ტრავმის გამომწვევ მოვლენებთან დაკავშირებით. სტრესის მოხსნის შემდეგ, შესაძლოა, მისი გამომწვევი ფაქტი გაიხსენოს. ტრავმის შემდეგ, მეხსიერების ,,ჩავარდნა“ დიდხანს რჩება. ლ-ს შემთხვევაში, მეხსიერების დარღვევა ტრავმით იყო გამოწვეული. ლ. ა-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, მასში მონაწილეობა რ. ა-ს არ მიუღია. მან მხოლოდ დაადასტურა ოქმი, როგორც პოლიციის უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა (დაკავებულის პოლიციაში დაწესებულებაში წარდგენის შემდეგ). მოცემულ ოქმში გადმოცემული ფაქტობრივი მონაცემები ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის წარმოდგენილ: დაზარალებულის ჩვენებას, ჩვენების ადგილზე შემოწმებასა და ფოტოსურათით ამოცნობით მიღებულ ინფორმაციას. ადვოკატის მითითებით, რ. ა-ის მსჯავრდება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
6. კასატორი – მსჯავრდებულების ი. ა-სა და რ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ვ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად, ი. ა-სა და რ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტს შექმნიდა. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. ურთიერთსაწინააღმდეგოა ლ. ა-ას ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნაში ასახული გარემოებებიც. ადვოკატი უთითებს და განიხილავს ლ. ა-ს სასამართლოზე გაცხადებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც მისი მოსაზრებით, გაქარწყლებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით. აგრეთვე აღნიშნავს, რომ მოწმე რ. ხ-ას ჩვენებაში არსებობს უზუსტობები. ადვოკატი უკანონოდ მიიჩნევს სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებასაც, ვინაიდან, დაცვის მხარეს შეეზღუდა მოწმეთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის შესაძლებლობა.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – ნათია თათიაშვილმა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. შესაბამისად, საკასაციო პალატა დაცვის მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
10. წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-მ ჩაიდინა: წამება, დამამძიმებელ გარემოებებში და განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია; ხოლო ი. ა-მ ჩაიდინა: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია.
11. დაცვის მხარე – მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – ო. მ-ა და მსჯავრდებულების – ი. ა-სა და რ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – მ. ვ-ი ითხოვენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულების გამართლებას, ვინაიდან ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტს.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით (მათ შორის – მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით) უტყუარად დადასტურებულია რ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების, ხოლო ი. ა-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
13. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისათვის არსებითი გარემოებების ნაწილში თანხვდენილია და მათში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
14. დაზარალებულის საკმარისად ვრცელი ჩვენება ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც საკასაციო სასამართლო სრული მოცემულობით აღარ მიუთითებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მოცემულ ჩვენებაში მოწმემ თანმიმდევრულად და დეტალურად ისაუბრა როგორც შემთხვევის დღემდე განვითარებულ მოვლენებზე (მათ შორის, მის ტელეფონზე გაუგებარი შინაარსის მქონე მოკლეტექსტური შეტყობინებების მიღებაზე, მოწმის მცდელობაზე, რომ თანმხლებ პირებთან ერთად ევლო, რათა მარტო არ დაეჭირათ), ისე შემთხვევის დღესა და მას შემდეგ მომხდარ ფაქტებზე. დაზარალებულმა აშკარად და ცალსახად მიუთითა იმ პირებზე, მათ როლსა და მონაწილეობის ხარისხზე, რომლებმაც მასთან მიმართებით, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაული ჩაიდინეს, კერძოდ, ლ. ა-მ მოწმედ დაკითხვის დროს, მათ შორის მიუთითა ი. ა-სა და რ. ა-ზე, რომლებიც განსახილველი საქმის მსჯავრდებულ-კასატორებს წარმოადგენენ.
15. საკასაციო პალატა, პირველყოვლისა, აღნიშნავს, რომ დაზარალებული მოწმის ჩვენების თანახმად, მის მიმართ გამოყენებული იყო მთელი რიგი, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობრივი აქტები, მათ შორის:
პირსა და ყელში ავტომატის ლულის ღრმად ჩათხრა; ცემა, რაც გამოიხატა ხელით, ფეხით, მუშტით, მრავალი დარტყმებით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში; ანთებული სიგარეტით ორივე იღლიის ფოსოში მრავლობითი დამწვრობის მიყენება; სექსუალური შინაარსის, გაუპატიურების მუქარა, რაც გახდა საფუძველი აღიარებითი ჩვენების ხელმოწერისა; სხვადასხვა სახის მუქარა, მათ შორის, მოკვლის და რომ ციხეში ის უნდოდათ ხალხის სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად; წყურვილის დროს წყლის მიუცემლობა და ასე შემდეგ (აღსანიშნავია, რომ ლ. ა-ს მიმართ გამოყენებული მეთოდები დეტალურად აგრეთვე მიმოხილულია ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ ,,ე-ას’’ კომპლექსურ-კომისიური ამბულატორიული ფიზიკური და ფსიქიკური სამედიცინო შემოწმების N... დასკვნაშიც).
16. რაც შეეხება უშუალოდ კასატორთა მონაწილეობას განსახილველ ქმედებებში, აღნიშნულზე დაზარალებულმა აგრეთვე დეტალურად მიუთითა თავის ჩვენებაში, მაგალითად:
მოწმემ აღნიშნა, რომ იგი გაიტაცეს ხ. ს-მ, რ. ა-მ და ვ. ა-მ. ხ. ს-მ ხელები, თავს უკან, თავისივე მაისურით შეუკრა. რ. ა-მ და ხ. ს-მ სავარძლებს შორის მოაქციეს ისე, რომ რ. ა-ძე ზემოდან ფეხებით დაადგა. რ. ა-მ და ხ. ს-მ გზაში თავისა და სახის მიდამოში არაერთხელ დაარტყეს გაშლილი ხელი და მუშტი. რ. ა-მ იარაღის ლულა პირში იძულებით ჩასთხარა, იმდენად ღრმად, რომ საყლაპავი დაუზიანა. თავდაპირველად, სოფელ ჭ-ში, მიტოვებულ ქარხანაში წაიყვანეს. ხ. ს-ას ის გაკავებული ჰყავდა, ხოლო რ. ა-მ ანთებული სიგარეტი გადასცა ვ. ა-ს, რომელმაც იგი ორივე იღლიაში დაადო, წუთიანი ინტენსივობით (ჯამურად – შვიდჯერ). პარალელურად, ითხოვდნენ ეთქვა, სად იმყოფებოდა ზ. ა-ია. რ. ა-ძე იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, გარდა აღნიშნულისა, სცემა იარაღის კონდახით. ტერიტორია ვ. ა-ს ტელეფონზე შესული ზარის შემდეგ დატოვეს და ჯ-ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს; ფიზიკური შეურაცხყოფა, ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად, განაგრძეს განყოფილებაში მყოფმა თანამშრომლებმა: ი. ს-მ და ი. ა-მ. პოლიციის განყოფილებაში, ბრალდებულები: რ. ა-ძე, ხ. ს-ა და ი. ს-ია, ი. ა-ას თანდასწრებით, აღიარებით ჩვენებისა და ზ. ა-ას ადგილსამყოფელის მიღების სანაცვლოდ, მას არაერთხელ დაემუქრნენ და სცემეს. მუქარა უკავშირდებოდა როგორც გაუპატიურებას, ისე – მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობას. მან რამდენჯერმე დაკარგა გონება. გონებადაკარგული, აზრზე სისველის შეგრძნებას მოჰყავდა. ბრალდებულები წყალს ასმევდნენ და ასხამდნენ კიდეც, რათა გონზე მოსულიყო. განყოფილებაში დაინახა ავტომატი, თუმცა, ვინ მოიტანა და როდის, არ ახსოვს. ვ. ა-მ და ი. ა-ამ მას უთხრეს, რომ აღნიშნული ავტომატი მას ეკუთვნოდა და სთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას. თავდაპირველად, იგი უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჰქონდა ჩადენილი, თუმცა, კ. კ-სა და გ. ს-ას მიერ მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და მოკვლის ინსცენირების შემდეგ, ხელი მოაწერა საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოს მის მიერ ჩადენილი დანაშაული. კ. კ-ამ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის მუქარით მას ხელი მოეწერინა ი. ა-ას მიერ შედგენილი დაკითხვის ოქმზე, რომელშიც ის აღიარებდა ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ფაქტებს. დილით იგი წაიყვანეს წ-ის რაიონულ სამმართველოში, სადაც რ. ა-მ, ი. ს-ამ და ხ. ს-მ სხვა პირებთან ერთად, კვლავ განაგრძეს მისი ცემა. ამასთან, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ იგი სხვა პირებს გამოადგებოდათ სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასევე დაწვის სიმულაციის მიზნით, ისინი ბუხარში შესვლას აიძულებდნენ.
17. საკითხს, თუ რამდენად სწორად არიან იდენტიფირებული კასატორები, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირები, მოწმეს აგრეთვე პასუხი აქვს გაცემული, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ:
ბრალდებულები ვიზუალურად რამდენჯერმე აღწერა. წარმოუდგენლად მიაჩნია, იმ ადამიანების სახის დავიწყება, რომლებმაც აწამეს. შესაბამისად, ყოველ ჯერზე ბრალდებულები ამოიცნო მის მიერ სწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თავდაპირველად, მან რ. ა-ის გვარი არ იცოდა, თუმცა, მისი ამოცნობა მარტივად შეძლო. ამ ნაწილში, საკასაციო სასამართლო დამატებით ითვალისწინებს მოწმე ა. ჯ-ს ჩვენებასაც. იგი იყო პირველი იმ ადვოკატებს შორის, რომლებიც ლ. ა-ას ინტერესებს იცავდნენ. ა. ჯ-ა ლ. ა-ს 2011 წლის 15 ივნისს შეხვდა. ამ დროს ლ-ს მრავლობითი, იდენტიფიცირებადი დაზიანებები: სახეზე, თავზე, ყურებსა და ტანზე ეტყობოდა. ლ. ა-მ მას განუმარტა, რომ დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებმა. მას დაზიანებების მიმყენებელი პირების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, უთხრა, რომ მათ ამოცნობას შეძლებდა და მათი კბილების წყობაც კი ახსოვდა.
18. რაც შეეხება ზემოაღწერილ ქმედებებით გამოწვეულ შედეგს, დაზარალებულმა ლ. ა-მ მიუთითა, რომ:
ბრალდებულების მიერ განხორციელებული მოქმედებებით მან ისეთი მორალური/სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი განიცადა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც რთულია. ბრალდებულების მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად მიყენებული მორალური და სულიერი ტანჯვის ხარისხი იმ მაქსიმუმს აღწევს, რომლის გაძლებაც ადამიანს ფიზიკურად შეუძლია.
19. საკასაციო სასამართლო ჩადენილი დანაშაულის კატეგორიიდან, დანაშაულის ჩამდენ პირთა სამსახურებრივი სტატუსიდან, ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან (მათ შორის პოლიციის განყოფილება) და ბუნებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს დაზარალებულის არგუმენტებს, თუ რატომ არ განმარტა იღლიებში არსებულ დაზიანებებსა და იმაზე, თუ რატომ გაუჭირდა თავდაპირველი გამოძიების ეტაპზე ბრალდებულების დასახელება, კერძოდ:
19.1. მოწმემ აღნიშნა, რომ ვ. ა-მ და ი. ა-მ მუქარის შემცველი ტექსტებით გააფრთხილეს, რომ არავისთან ესაუბრა იღლიებში არსებულ დაზიანებებზე. გარდა ამისა, 2011 წელს დაწყებული გამოძიების პერიოდში ბრალდებულები თანამდებობის პირები იყვნენ, შესაბამისად, პრივილეგირებულებიც. თავად პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ი. ა-ას მიერ დასახელებული პირები, ციხისა და საკნის ,,მაყურებლები“ დახვდნენ (რომლებიც მუშაობდნენ იმ საკითხზე, რომ მსჯავრდებულებს არ ემხილათ თანამდებობის პირები). ამასთან, იმ დაწესებულებაში, სადაც ის სასჯელს იხდიდა, კ. კ-ას ძმა, ლ. კ-ა მუშაობდა. შესაბამისად, იმ პირობებში, მარტივი არ ყოფილა მისი მხრიდან ბრალდებულების მხილება და მცირე წინააღმდეგობები მისი გამოკითხვის ოქმებში გამოწვეულია სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოებებით. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე თავიდანვე განაცხადა და ფიზიკური დაზიანებებიც აჩვენა შესაბამის პირებს. ერთადერთი, რის თაობაზეც მან თავიდანვე არ განმარტა, ეს იყო დამწვრობები იღლიაში. დაზარალებულმა მიუთითა, რომ მოგვიანებით მას სითამამე შეჰმატა ტელევიზიის მეშვეობით გასულმა სიუჟეტმა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც მისი ამბით დაინტერესდა. შესაბამისად, მსგავსი ყურადღების შემდეგ, მან თავი დაცულად იგრძნო და გაბედა იმაზე საუბარი, რაზეც მანამდე ვერ საუბრობდა.
20. დაზარალებულის ჩვენების სანდოობასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაცვის მხარეს ვრცლად გასცა პასუხი, რომელსაც საკასაციო სასამართლო აგრეთვე იზიარებს. ამასთან, საკასაციო პალატამ დაზარალებულის ჩვენების შეფასების დროს ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებს, რომ ლ. ა-მ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია აღწერა დეტალურად და თანმიმდევრულად, რა დროსაც, მან მიუთითა როგორც მის მიმართ ძალადობის დროზე, ადგილსა და ფორმაზე, არამედ ყველა იმ პირზე, რომელიც მასში კონკრეტული როლით იყო დროის სხვადასხვა პერიოდში ჩართული. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ გარემოებასთან ერთად, შეაფასა სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც დაზარალებულის ჩვენების გარკვეულ ნაწილს დამატებით ამყარებს/ადასტურებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხსენებული მტკიცებულების სანდოობას კიდევ უფრო მეტად ამყარებს. კერძოდ:
საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ როგორც დაზარალებულის ჩვენებით გამოიკვეთა, უშუალოდ, 2011 წლის 14 ივნისს, იგი სტუმრად მივიდა რ. ხ-ნ. ამ დროს დაურეკა ვ. ც-მ და შეხვედრა სთხოვა. მასთან შესახვედრად რ. ხ-სა და კ. ა-ან ერთად წავიდა. დანიშნულების ადგილზე მისვლისას, რ. ხ-ს დაემშვიდობა და იქვე მდგომ კ. ა-ს შეხვდა. ამ დროს მოულოდნელად მიუახლოვდათ მანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა სამი ადამიანი. მათგან ერთ-ერთმა პირდაპირ ხორხში დაარტყა და ძირს დააგდო, შემდეგ იძულებით ჩასვეს მანქანაში და გაიტაცეს. მანქანიდან დაინახა, რომ კ. ა-ია თავისი სახლისკენ გარბოდა. რ. ხ-ა შემთხვევის ადგილზე უშუალოდ არ დაუნახავს, თუმცა, მოგვიანებით შეიტყო, რომ მან ყველაფერი დაინახა.
21. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა დაზარალებულის ჩვენების გაანალიზების შემდეგ, ყურადღებას მიაქცევს სწორედ ხსენებული ორი მოწმის: რ. ხ-სა და კ. ა-ას ჩვენებებს და შეაფასებს ერთი მხრივ, კონკრეტულად რა გარემოებები დგინდება მათი საშუალებით, მეორე მხრივ, რამდენად თანხვდენილია ისინი დაზარალებულის ჩვენებასთან. ამავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ხსენებული ორი მოწმე უშუალოდ წამების შემადგენლობის თვითმხილველი არ არის, თუმცა, ამ მტკიცებულებებით შესაძლებელია პირდაპირი სახით დადგინდეს, თუ რა ფორმითა და პირობებში აღეკვეთა თავისუფლება რეალურად ლ. ა-ას, კერძოდ:
22. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ. ა-მ მიუთითა, რომ 2011 წლის 14 ივნისს, დაურეკა ლ. ა-მ, რომელმაც უთხრა, რომ ვ. ც-მ შეხვედრა სთხოვა და მის სახლთან დაუთქვა შეხვედრა. იგი შეხვდა ლ. ა-ს. საუბრის დროს მათი მიმართულებით ქვემოდან ამოვიდა ჯიპის მოდელის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა სამი პირი და ლ. ა-ს მიმართულებით წავიდნენ. თავად შეეშინდა და სახლისკენ გაიქცა. გზად ლ. ა-ას ყვირილი ესმოდა, რომელიც იძახდა, რომ დაიჭირეს, რის შემდეგაც ავტომანქანის მოტრიალებისა და წასვლის ხმა გაიგო. მოწმის განმარტებით, გზა ავტომანქანის ფარებმა გაანათა, შესაბამისად, ა. ფ-ს სახლის გადასახვევიდან ყველაფრის დანახვა იქნებოდა შესაძლებელი. ავტომანქანიდან გადმოსულ პირებს არ უთქვამთ, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და სწორედ ამიტომ შეეშინდა. ლ. ა-ს სახესა და თავის მიდამოში დაზიანებები არ ჰქონია. დაზარალებულთან შეხვედრისას, მართალია, ბნელოდა, თუმცა, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს კარგად ხედავდნენ. ლ. ა-ს ავტომატი ან/და ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.
23. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ. ხ-მ, ლ. ა-ს დაკავებასთან მიმართებით, მიუთითა ფაქტობრივად, იმავე გარემოებებზე, რაც თავად დაზარალებულმა და კ. ა-ამ. ის და ლ. ვ-ა ც-ან შესახვედრად ერთად წავიდნენ. როდესაც დათქმულ ადგილას მივიდნენ, მან გზა ა. ფ-ას სახლისკენ განაგრძო. ამავე დროს, დაინტერესდა, ვის შეხვდებოდა ლ. ა-ა, რის გამოც, გაჰყვა მას და დაინახა, თუ როგორ შეხვდა ლ. კ-ას. ამ დროს, მათ სიახლოვეს ქვემოდან მომავალი ჯიპის მოდელის ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც სამი ადამიანი გადმოვიდა. ავტომანქანის შუქზე დაინახა, რომ ერთ-ერთს ავტომატი ეჭირა ხელში. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ლ. ა-ია იძულებით ჩასვეს ავტომობილში. კ. ა-ია თავისი სახლისკენ გაიქცა, ხოლო ლ. ა-ია ამავე მანქანით მოსულმა პირებმა წაიყვანეს. რ. ხ-მ დაადასტურა, რომ ლ. ა-ა, 2011 წლის 14 ივნისს, დაახლოებით, 22:00-23:00 საათამდე პერიოდში დააკავეს, რა დროსაც რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება სახეზე არ ჰქონია. რ. ხ-ას განმარტებით, დაკავებისას, ლ. ა-ს ცეცხლსასროლი იარაღი ან/და ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონია. ის ავტომატს აუცილებლად შენიშნავდა და ლ-ს სახლში ნამდვილად არ შეუშვებდა.
24. დაზარალებულის ჩვენება შინაარსობრივად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებსაც, მათ შორის:
24.1. მოწმეებმა: რ. შ-ამ, გ. ჭ-მ, მ. ა-მ, ლ. ა-მ და გ. ა-მ მიუთითეს, რომ 2011 წლის 14 ივნისს, დილიდან შუადღემდე, ლ. ა-ია მათთან ერთად თოხნიდა სიმინდის ყანას. მუშაობისას, ისინი ერთმანეთის გვერდი-გვერდ იყვნენ; ნაწილი, მათ შორის, დაზარალებულიც, წელს ზემოთ შიშველი მუშაობდა და მასზე რაიმე სახის დაზიანება თავსა და სხეულზე, მოწმეებს არ შეუნიშნავთ. ნაშუადღევს ისადილეს, რა დროსაც მცირე ალკოჰოლი მიიღეს. აღნიშნულის შემდეგ დაიშალნენ და მეზობლის წლისთავზე წავიდნენ. ლ. ა-ას დაზიანებები არც წლისთავზე მისვლის დროს აღენიშნებოდა. მოწმეთა განმარტებით, მათ ლ. ა-ას ცხენიდან გადმოვარდნის თაობაზე არასდროს გაუგიათ, დაზარალებული კარგი მოჯირითე იყო და ცხენიდან არასდროს გადმოვარდნილა. მოწმეებმა ლ. ა-ია დადებით პიროვნებად დაახასიათეს და განმარტეს, რომ იგი ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა.
24.2. აგრეთვე, სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. შ-მ აჩვენა, რომ 2011 წლის 14 ივნისს ლ. ა-ია მეზობლის წლისთავზე ნახა, დაახლოებით, 5 წუთი ისაუბრეს და შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. დაზარალებულს თმა გადაპარსული ჰქონდა და დაზიანებები სახესა და თავის მიდამოში არ აღენიშნებოდა.
24.3. ბრალდების მხარემ გამოაქვეყნა ნ. ფ-ს დაკითხვისა და გამოკითხვის ოქმები, ასევე გ. ჭ-სა და გ. ჭ-ას დაკითხვის ოქმები. მოწმეთა დაკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ვ. ა-ის მითითებით, გ. და გ. ჭ-ები თავის საცხოვრებელ სახლთან ი. ა-ამ გამოკითხა, რომელმაც მოტყუებით მოაწერინა ხელი ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც, თითქოს ისინი შეესწრნენ მთვრალ ლ. ა-ას ცხენიდან გადმოვარდნის ფაქტს. მოწმეთა განმარტებით, მსგავს შემთხვევას (ესე იგი, ლ. ა-ას ცხენიდან გადმოვარდნას), არასდროს შესწრებიან.
24.4. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ დაკავებამდე ლ. ა-ას სხეულსა და თავზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა და შესაბამისად, ხელოვნურად იქმნებოდა იმგვარი სახის მტკიცებულებები, რომლებიც აღნიშნულის საპირისპიროზე იმეტყველებდა (როგორც აღინიშნა, დაკავებამდე დაზიანებების არქონაზე საუბრობენ: რ. ხ-ა და კ. ა-აც).
24.5. მოწმეების: ლ. ფ-ს, თ. ქ-ასა და პ. კ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ლ. ა-ს დამკავებელ პირებს შორის ნამდვილად იყო რ. ა-ძე. გარდა ამისა, ჯ-რის პოლიციის განყოფილებაში ლ. ა-ას მიმართ ძალადობას ესწრებოდნენ: რ. ა-ე და ი. ა-ია.
24.6. მოწმეების: ა. ჯ-ს, რ. გ-ას, ბ. მ-ას, ზ. კ-ს, ზ. თ-იას, ვ. ა-ას ჩვენებებით და სხვა, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით, ექსპერტების ჩვენებებით დგიდნება, რომ 2011 წლის 15 ივნისის, ზ-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში შეყვანისას, ლ. ა-ას აღენიშნებოდა არაერთი სახის დაზიანება. ამასთან, ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ე-ას’’ კომპლექსურ-კომისიური ამბულატორიული ფიზიკური და ფსიქიკური სამედიცინო შემოწმების N... დასკვნის თანახმად, ლ. ა-ას მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებას.
25. სააპელაციო პალატამ აგრეთვე მართებულად შეაფასა დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნავს, რომ მოწმეებს: ბ. ქ-ას, კ. კ-სა და ი. ს-ას სააპელაციო პალატისათვის არ მოუწოდებიათ რაიმე ისეთი ინფორმაცია, რაც გადაწონიდა/არსებით გავლენას მოახდენდა დაზარალებულის ჩვენებასა თუ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა შინაარსზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უპასუხა დაცვის მხარის არაერთ არგუმენტს, რასაც საკასაციო სასამართლო აგრეთვე ეთანხმება და აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებით არ გამოკვეთილა საჩივრის დასაშვებობის არცერთი წინაპირობა და ადვოკატებს არ მიუთითებიათ რაიმე ისეთი სახის არგუმენტზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს შეუქმნიდა.
26. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით – ,,ა-ია საქართველოს წინააღმდეგ,“ დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის როგორც პროცედურული, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილის დარღვევა და ამავე კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გამოიკვეთა, რომ ლ. ა-ს მიმართ არსებული დაზიანებები იყო არასათანადო მოპყრობის შედეგი, რომელსაც იგი დაექვემდებარა სწორედ მაშინ, როდესაც იგი პოლიციელების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. აგრეთვე დადგინდა, რომ ლ. ა-ა ფაქტობრივად დააკავეს არა, 2011 წლის 15 ივნისს, 03:00 საათზე, არამედ, 2011 წლის 14 ივნისს, 22:00 საათიდან-23:00 საათამდე დროის მონაკვეთში. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გადაისინჯა ლ. ა-ას მიმართ გამოტანილი განაჩენი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლს 20 სექტემბრის განაჩენით პრეიუდიციულად დადგენილია, რომ:
26.1. ლ. ა-ას მიმართ წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრისა და 2012 წლის 20 სექტემბრის განაჩენები გაუქმდა; ლ. ა-ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
27. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით;“ (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44); „მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმპციიდან” (იხ. ,,დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ,“ (Dvalishvili v. Georgia), N19634/07, 18/03/2013, §39; ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება: რ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების, ხოლო ი. ა-ს მიერ – საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობა.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. მ-ას, მსჯავრდებულების – ი. ა-სა და რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე რ. ა-სა და ი. ა-ას მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი