საქმე # 190100123007630035
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №150აპ-24 ქ. თბილისი
ღ-ი თ, 150აპ-24 29 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ღ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ოქტომბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2023 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. რ-ში, ლ-ის ქ....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მთვრალმა თ. ღ-მა ფულადი თანხის გადაცემაზე უარის მიღების შემდეგ ფიზიკურად იძალადა მეუღლის - ნ. ხ-ის მიმართ. კერძოდ: რამდენიმე წამის განმავლობაში ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა ხელის მტევანზე, რა დროსაც ნ. ხ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. თ. ღ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2.2. გაუქმდა თ. ღ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი აკრძალვები.
2.3. გამართლებულს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, თ. ღ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
7. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ თ. ღ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. ხ-მა და მოწმე ნ. დ-მ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და მეუღლისა და შვილის - თ. ღ-ის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება.
10. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 112-ში ნ. ხ-ის შეტყობინება ოჯახში კონფლიქტის თაობაზე, რის საფუძველზეც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციის მუშაკები. ადგილზე მისული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები უშუალოდ არ შესწრებიან ოჯახური ძალადობის ან მუქარის ფაქტს; შემაკავებელი ორდერის გამცემმა ინსპექტორმა ზ. ს-მა სასამართლოს გადმოსცა ნ. ხ-ან კითხვარის შევსებისას, დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და 2023 წლის 6 ივლისს მათ მისვლამდე მეუღლის მიერ მაჯაში ძლიერად ხელის მოჭერის თაობაზე. ამდენად, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორი ზ. ს-ი არ წარმოადგენს ფაქტის თვითმხილველ პირს; შესაბამისად, მისი ჩვენება ირიბია, რამდენადაც ფიზიკურ ძალდობასთან დაკავშირებული ფაქტი მან მხოლოდ გადმოცემით იცის და უშუალოდ არ უნახავს არც აღნიშნული ფაქტი და არც მისი დამადასტურებელი რაიმე გარემოება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
12. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, როდესაც საქმეში წარმოდგენილ მასალათა ნაწილი ბადებს მნიშვნელოვანი სახის კითხვებს და საეჭვოდ აქცევს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კონსტიტუციის ამავე მუხლის თანახმად, აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (ე.წ. ,,In dubio pro reo“ პრინციპი).
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142), რაც ამ შემთხვევაში საქმის მასალებით გამოკვეთილი არ არის.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე თ. ღ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი