Facebook Twitter

საქმე # 190100123007053888

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №159აპ-24 ქ. თბილისი

ი-ი კ, 159აპ-24 29 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. ი-ს, - დაბადებულს .. წლის ... ივლისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის და ოჯახის წევრის მიმართ; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 26 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 24 ივნისის განაჩენი, რომლითაც კ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და შეეფარდა 2 წელი პირობითი მსჯავრი. 2023 წლის აგვისტოში, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური სასმელების მიღების გამო წარმოშობილი კონფლიქტისას, კ. ი-მა მამას - ი. ი-ს მუშტი დაარტყა ზურგის არეში, რითაც ი. ი-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 26 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2022 წლის 24 ივნისის განაჩენი, რომლითაც კ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და შეეფარდა 2 წელი პირობითი მსჯავრი. 2023 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური სასმელების მიღების გამო წარმოშობილი კონფლიქტისას, კ. ი-მა მამას - ი. ი-ს თავის არეში ორჯერ დაარტყა შუშის ბოთლი და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტები. კონფლიქტის მიმდინარეობისას კ. ი-მა მამას - ი. ი-ს განუცხადა, რომ მოკლავდა, აფატრავდა, ნაკუწებად აქცევდა და დედის საფლავის გვერდით დამარხავდა. აღნიშნული მუქარა ი. ი-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2002 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, გ-ნის რაიონის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური სასმელების მიღების გამო წარმოშობილი კონფლიქტისას კ. ი-მა მამას - ი. ი-ს თავის არეში ორჯერ დაარტყა შუშის ბოთლი და მუცლის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტები, რითაც ი. ი-ს განუვითარდა ჭრილობები თავის არეში, ნევროლოგიურად დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. კ. ი-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა (2023 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) და 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2023 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2.2. გაუქმდა კ. ი-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი აკრძალვები.

2.3. კ. ი-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რომლის მიხედვით კ. ი-ი სრულად იქნება ცნობილი დამნასავედ წარდგენილ ბრალდებებში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა კ. ი-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

7. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო რ-ის კლინიკის რეგისტრატორის განცხადება, რომ კლინიკაში შეიყვანეს ი. ი-ი, რომელსაც აღენიშნებოდა ოჯახის წევრებისაგან მიყენებული დაზიანებები.

8. მოწმის სახით დაიკითხა პაციენტ - ი. ი-ის მიმღები ექიმი - ლ. გ-ი, რომელიც მის მიერ შედგენილ ჩანაწერებში, რაც ერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათს, არ მიუთითებს, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა პაციენტმა მიღების მომენტში. თუმცა, სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნულმა მოწმემ გაიხსენა, რომ ი. ი-მა რუსულ ენაზე უთხრა, რომ შვილმა მიაყენა დაზიანება. მოწმე ლ. გ-მა ვერ გაიხსენა, თუ როგორი იყო პაციენტის მდგომარეობა და აღნიშნა, რომ ის იყო ფხიზელი; მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის ეპიკრიზსა და მასალებში აღნიშნულია, რომ პაციენტი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

9. მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა ნ. კ-მა დაადასტურა მის მიერ ი. ი-ის გამოკითხვის ოქმის თარგმნის ფაქტი და სისწორე და აღნიშნა, რომ ი. ი-ს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც, მისი განმარტებით, შვილმა მიაყენა.

10. მოწმე ა. ი-მა, რომელიც შემთხვევის ადგილას მყოფი ერთადერთი თვითმხილველი მოწმეა, რომელმაც სასამართლოს ჩვენება მისცა, აღნიშნა, რომ გაიგონა ი. ი-სა და ნ. ი-ას ყვირილი და როდესაც მათ სახლში მივიდა, ნახა, რომ ისვახანსა და ნუშაბას ჰქონდათ კონფლიქტში. მოწმე ა. ი-ას განმარტებით, ამ დროს მას კ. ი-ი არ დაუნახავს, დაახლოებით 2 წუთით დატოვა შემთხვევის ადგილი და დაბრუნებისას ძირს მყოფი ი. ი-ი დახვდა, რომელსაც დაზიანება ჰქონდა თავის არეში და სისხლი სდიოდა. მოწმე ა. ი-ას განმარტებით, არც ამ დროს დაუნახავს მას შემთხვევის ადგილზე კ. ი-ი, არც რაიმე მინის ნამსხვრევი. კითხვებზე, თუ რას ამბობდა შემთხვევის ადგილას ი. ი-ი, მოწმე ა. ი-მ განმარტა, რომ ი-ნი ნასვამი იყო და მხოლოდ იმას ყვიროდა, რომ ყველას დააჭერინებდა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეებმა - ნ. ი-მ და ი. ი-მა არ მისცეს ჩვენება, შესაბამისად, მათ მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებულმა ინფორმაციებმა და ფაქტობრივმა გარემოებებმა, მათი მხრიდან დადასტურება ვერ ჰპოვა.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ირიბ მტკიცებულებათა სიმრავლე მოწმეების - ლ. გ-ის, მ. ვ-ისა და ნ. კ-ის სახით, რომლებმაც ჩვენების მიცემისას სასამართლოში გადმოსცეს ი. ი-ნ მათთვის გადმოცემით ცნობილი ინფორმაცია დაზიანების მიყენების გარემოებებისა და მიმყენებელი პირის შესახებ, რაც თავის მხრივ, ი. ი-ის მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის გზით არ დადასტურებულა. მოწმე ა. ი-მ, რომელიც კონფლიქტის გარკვეული ეპიზოდების შემსწრეა, არ დაადასტურა შემთხვევის ადგილას კ. ი-ის ყოფნის ფაქტი. ამდენად, ბრალდების ფორმულირებაში ასახული გარემოებები ფიზიკური ძალადობისა და დაზიანებების მიყენების გარემოებების შესახებ ვერცერთი ზემოაღნიშნული ან სხვა პირდაპირი მტკიცებულებით ვერ იქნა დადგენილი.

13. ამასთან, არაერთი პირდაპირი მტკიცებულებაა წარმოდგენილი ი. ი-ის სხეულზე დაზიანებების არსებობის შესახებ, კერძოდ: სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი და მასზე დართული დოკუმენტაცია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების - ლ. გ-ის, ნ. კ-ის, მ. ვ-ისა და ა. ი-ს ჩვენებები, რომლებითაც ცალსახად დასტურდება ის ფაქტი, რომ ი. ი-ვს 2023 წლის 12 თებერვალს ნამდვილად მიაყენეს სხეულის დაზიანებები. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად აღნიშნავს, რომ სხეულის დაზიანებების არსებობა დამოუკიდებლად არ იძლევა საკმარის საფუძველს დასკვნისათვის, თუ ვისი ქმედების მიზეზობრივი შედეგია აღნიშნული დაზიანებები. გონივრული ეჭვი პირის უდანაშაულობის შესახებ უნდა გაქარწყლდეს დანაშაულის შემადგენლობის ისეთი მთავარი ობიექტური ნიშნის მიმართ - როგორიცაა ქმედება, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც თავად ბრალდების მხარის მტკიცებულებებით იკვეთება, რომ შემთხვევის ადგილას კ. ი-ის ნაცვლად, კონფლიქტში ჩართული სხვა პირიც იმყოფებოდა.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

16. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება კ. ი-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე კ. ი-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი