საქმე # 330100122006386021
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №184აპ-24 ქ. თბილისი
რ-ო მ. ა. ტ-ი, 184აპ-24 29 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ტ. ა. მ. რ-ოს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის 13 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ.თ-ში, მ-ს I მ/რაიონის №..-ე კორპუსში მდებარე ბინა №...-ში, ტ-ი ა. მ. რ-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ქ. ფ-ს, კერძოდ, მუხლი ჩაარტყა მარჯვენა ბარძაყში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 აგვისტოს განაჩენით:
2.1. ტ-ი ა. მ. რ-ო ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ტ-ი ა. მ. რ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
2.3. ტ-ი ა. მ. რ-ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ტ-ი ა. მ. რ-ოს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ტ-ი ა. მ. რ-ს მიერ მეუღლის - ქ. ფ-ის მიმართ ძალადობის ჩადენას.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ქ. ფ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.
9. ტ-ი ა. მ. რ-მ დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, მეუღლესთან - ქ. ფ-ან ყოფით საკითხებზე მოუვიდა შეკამათება, ამ დროს ქ-ი წმენდდა იატაკს, მას სიმთვრალის გამო სველ იატაკზე ფეხი დაუცურდა, დაეცა და მისი ფეხი შემთხვევით მოხვდა მეუღლეს ფეხზე.
10. მოწმეების - ნ. კ-ისა და ლ. გ-ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტს არასდროს შესწრებიან, ბინიდან ზოგჯერ ესმოდათ ხმაურის ხმა, თუმცა ვერ აკონკრეტებენ ხმაური უკავშირდებოდა ძალადობას, სიტყვიერ კონფლიქტს თუ უბრალოდ ხმამაღალ საუბარს.
11. საქმეზე დაკითხული გამომძიებლისა და პატრულ-ინსპექტორების - გ. ქ-ის, ლ. ნ-სა და მ. პ-ის ჩვენებები არის ირიბი, ვინაიდან ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველები და გადმოსცემენ დაზარალებულისგან გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც შემდგომ სასამართლოში არ მისცა ჩვენება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
12. რაც შეეხება წერილობითი მტკიცებულებებს - შემაკავებელი ორდერი გამოწერილია შემთხვევიდან ექვსი დღის გასვლის შემდეგ; 112-ის შეტყობინებაში კი, სადაც სამი ზარის მიუხედავად, ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი ტ-ი ა. მ. რ-ოს მხრიდან დაზარალებულის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
14. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, როდესაც საქმეში წარმოდგენილ მასალათა ნაწილი ბადებს მნიშვნელოვანი სახის კითხვებს და საეჭვოდ აქცევს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კონსტიტუციის ამავე მუხლის თანახმად, აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (ე.წ. ,,In dubio pro reo“ პრინციპი).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე ტ-ი ა. მ. რ-ს მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი