Facebook Twitter

საქმე # 210100123007830438

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №195აპ-24 ქ. თბილისი

ხ-ი გ, 195აპ-24 29 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილის - იოსებ გულოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ხ-ს, - დაბადებულს .... წლის ... ნოემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 2 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წ-ის პოლიციის განყოფილების უბნის ი

· ნსპექტორმა ა. მ-მა გამოსცა N... შემაკავებელი ორდერი, 30 დღით, რომლის თანახმად, გ. ხ-ს ოჯახის წევრის, კერძოდ, ყოფილი მეუღლის - მ. ხ-ის მიმართ განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ასევე მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მ. ხ-ი იმყოფება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

· მიუხედავად ამისა, 2023 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 08:00 საათზე, ს-ის რაიონის ქალაქ წ-ში, ა-ისა და ქ-ს ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე, 2023 წლის 1 ივლისს, დაახლეობით 19:00 საათზე, ამავე მისამართზე, გ. ხ-ი მივიდა მ. ხ-ან და დაამყარა მასთან კომუნიკაცია, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

· 2023 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ს-ის რაიონის ქალაქ წ-ში, ა-ისა და ქ-ის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) ნასამართლევმა გ. ხ-მა, უსაფუძვლო მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ. ხ-ლს, კერძოდ, ორივე ხელი მოუჭირა ორივე ხელზე, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. გ. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა გ. ხ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულ გ. ხ-ვს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილემ - იოსებ გულოშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, გ. ხ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. დაზარალებულმა მ. ხ-მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება მეუღლის - გ. ხ-ის წინააღმდეგ.

7. გ. ხ-მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ.

8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით დგინდება, რომ დაზარალებულ მ. ხ-ს არ აღენიშნება დაზიანებები. სამედიცინო ბარათში მითითებული - ყრუ ტკივილი ნეკა თითის არეში და მცირედი შესიებით ვერ დგინდება, ვისგან, რა ვითარებაში ან როდის მიიღო ისინი დაზარალებულმა.

9. რაც შეეხება გ. ხ-ის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ფაქტს, აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხული ა. ტ-ის ჩვენებაზე, სადაც იგი განმარტავს, რომ ჰყავს მიკროავტობუსი და მუშაობს წ-ი-დ-ოს მარშრუტზე. მოწმემ ვერ გაიხსენა მის სატრანსპორტო საშუალებაში ვინმეს მ. ხ-ის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს, ასევე არ დაუნახავს წ-ის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მისთვის ვინმეს სიტყვიერი ან სხვა რაიმე სახის შეურაცხყოფა მიეყენებინოს.

10. მოწმეების - ვ. მ-სა და ლ. მ-ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2023 წლის 1 ივლისს წ-ის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ხ-ს მიუვარდა მ. ხ-ი, მისგან ითხოვდა შერიგებასა და ერთად ცხოვრებას, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც გ. ხ-ი ითხოვდა თავის დანებებას და ცდილობდა გაცლას. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მოწმეები გამოკითხა თავად ბრალდების მხარემ და სასამართლოში შეთანხმდნენ მხარეები გამოკითხვის ოქმში არსებულ ფაქტებზე, რის გამოც ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული. იმ მოცემულობაში კი, როდესაც ბრალდების მხარე თანხმდება ფაქტზე, რომ მ. ხ-ი მიუვარდა გ. ხ-ს და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, გ. ხ-ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დამნაშავედ ცნობის მოთხოვნა სრულიად ალოგიკურია.

11. მოწმეების - ვ. მ-ისა და ლ. მ-ის გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებს ასევე უდაოდ მიჩნეული ბრალდების მხარის მტკიცებულებები - საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №.. და გ. ხ-ის მიმართ ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნები, რომელთა თანახმადაც, გ. ხ-ს აღენიშნებოდა ნაკაწრები ცხვირის, გულმკერდისა და მკერდის ძვლის არეში; მისგან ამოღებულ პერანგზე არსებული დაზიანებები გახევისა და გაგლეჯის სახით წარმოქმნილი იყო მასზე ფიზიკური ძალის ზემოქმედებით. ბრალდების მხარის აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ გ. ხ-ს 2023 წლის 1 ივლისს, დაახლეობით 19:00 საათზე, ს-ის რაიონის ქალაქ წ-ში, ა-ისა და ქ-ის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ დაურღვევია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ ჰქონია ამის განზრახვა, ისევე, როგორც მ. ხ-ის მიმართ არ ჩაუდენია ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. პირიქით, მასთან კომუნიკაციაში შევიდა დაზარალებულად ცნობილი პირი, რა დროსაც გ. ხ-ის ცდილობდა გარიდებას, როგორც იმავე დღეს დილის საათებში, როდესაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში მისულს, ადგილზე დახვდა შერიგების თხოვნით მისული მ. ხ-ი, მან კი მაშინვე დატოვა საცხოვრებელი სახლი, რაც დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ჟ. ხ-ის გამოკითხვის ოქმით.

12. გ. ხ-ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების დამადასტურებელ მტკიცებულებებად ვერ გამოდგება შეტყობინება დანაშაულის თაობაზე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულის მიერ დაფიქსირებული შეტყობინება, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს გ. ხ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ შეტყობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და რომელშიც აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. მასში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა კი შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით უნდა დადასტურებულიყო.

13. უსაფუძვლოა პროკურორ იოსებ გულოშვილის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ხ-ის მიმართ წარსულშიც იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი იმავე დაზარალებულის მიმართ ანალოგიური ბრალდებით, აღნიშნულს აქვს განმეორებითი და სისტემატური ხასიათი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინა განაჩენი გავლენას ახდენს მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციასა და სასჯელზე; შესაბამისად, ის გ. ხ-ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების დამადასტურებელ მტკიცებულებებად ვერ გამოდგება.

14. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა მ. ხ-მა მიუთითა ქ. წ-ში, დ. ა-სა და ქ-ის ქუჩებს შორის დამაკავშირებელ გზაზე მეუღლის - გ. ხ-ის მიერ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაზე.

14.1. მოცემულ შემთხვევაში 2023 წლის 1 ივლისს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მ. ხ-ან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.

14.2. იმ პირობებში, როდესაც მ. ხ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი გ. ხ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

14.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:

14.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

14.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).

14.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.

15. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2023 წლის 1 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი გ. ხ-ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.

16. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ხ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილის - იოსებ გულოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე გ. ხ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი