საქმე # 330100123007181177
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №237აპ-24 ქ. თბილისი
ი-ა ნ 237აპ-24 29 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ი-ას, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2001 წლის 8 აპრილს, დღის საათებში, თ-ში, გ-ის მე-.. მ/რ-ში, №.. კორპუსის ბინა №...-ში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ნ. ი-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ. ა-ს, კერძოდ, უთხრა, რომ ამოხოცავდა, მოკლავდა ყველას, მათ შორის, მის შვილს - ზ-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ნ. ი-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ნ. ი-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2.3. გამართლებულ ნ. ი-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენის გაუქმება, ნ. ი-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ნ. ი-ას გამართლების შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ნ. ი-ის სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, კერძოდ:
8. დაზარალებული ბ. ა-ი გამოძიების ეტაპზე გამოკითხულ იქნა ორჯერ - 2021 წლის 8 აპრილს, უშუალოდ შემთხვევის დღეს და 2023 წლის 29 მარტს. პირველი გამოკითხვისას დაზარალებულმა განმარტა, რომ მის ძმასა და ძმისცოლს - ნ. ი-ას შვილი არ უჩნდებოდათ და გადაწყვიტეს, შვილი სუროგაციის გზით გაეჩინათ, თუმცა ძმას მალევე შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, სამკურნალოდ წავიდა ა-ში და ნ. ი-ც თან გაჰყვა. ძმა 2020 წლის სექტემბერში გარდაეცვალა. სუროგატ დედასა და ბავშვებს თავად უვლიდა, ნ-ა კი ბავშვების ბედით არ ინტერესდებოდა და ტელეფონზეც არ უკავშირდებოდა მათ მოსაკითხად. ნ. ი-ა 2021 წლის მარტში გამოჩნდა და მოინდომა ბავშვების წართმევა, რისი უფლებაც ბ. ა-მა არ მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. 2021 წლის 8 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კარზე გაიგონა ბრახუნის ხმა. მიხვდა, რომ ნ-ა იყო, ასევე იცნო ხმაზე, რომელიც ინგლისურ ენაზე უყვიროდა და ემუქრებოდა მოკვლით, ეუბნებოდა, რომ ყველას ამოხოცავდა. მუქარის ძალიან შეეშინდა, რადგან იგი ნამდვილად იყო მუქარის ამსრულებელი. ნ-ა, სხვა ქალბატონთან ერთად, ძლიერად აბრახუნებდა კარზე და უყვიროდა, კარი გაეღო, რადგან უნდა წაეყვანა ბავშვები. კარზე იმდენად ძლიერად აბრახუნებდა, რომ ლამის შეამტვრია. ასევე ემუქრებოდა, რომ მოუკლავდა შვილს - ზ-ს. მუქარის ძალიან შეეშინდა და იყო სტრესში. ნ. ი-ა აკონტროლებდა მათ ოჯახს, ყველა საკითხს, უთვალთვალებდა და არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების საშუალებას. ნ-ს ქმედება იყო გაუსაძლისი, რის გამოც დარეკა პოლიციაში. შიშის გამო ვერ გადიოდა გარეთ, ასევე ვერ გაჰყავდა ბავშვები და შეეცვალა ცხოვრების წესი. 2021 წლის 28 მარტსაც მიუვარდა ნ. და, ბავშვების სანაცვლოდ, სთხოვდა 50000 დოლარს. ამჯერადაც სთხოვდა თანხას - 50000 დოლარს და ეუბნებოდა, თუ ამ თანხას არ მისცემდა, ბავშვებს წაიყვანდა. ნ-ს სურდა მათი ა-ში გადაყვანა და გაყიდვა, ვინაიდან ბავშვებთან შეხება არ ჰქონია არასდროს. თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოკითხვისას, დაზარალებულმა ბ. ა-მა დაადასტურა მის მიერ 2021 წლის 8 აპრილს მიწოდებული ინფორმაცია ნ. ი-ას მიერ ჩადენილი მუქარის ნაწილში.
9. დაზარალებულის ჩვენება, რომ მუქარის ძალიან შეეშინდა და პოლიციაში დარეკა, ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, საქმის მასალებში არ მოიპოვება დანაშაულის შესახებ დაზარალებულ ბ. ა-ის შეტყობინება. საქმეში წარმოდგენილი №... შეტყობინება გაკეთებულია 2021 წლის 8 აპრილს შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორის - თ. მ-ის მიერ; დაცვის მხარის განმარტებით კი, საპატრულო პოლიცია თავად ჰყავდათ გამოძახებული, რომელსაც დაზარალებულმა კარი არ გაუღო. ამდენად, დაზარალებულის ჩვენება შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, არ არის დამაჯერებელი და ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის სტანდარტს.
10. ერთადერთი მოწმე, რომელიც შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს უშუალოდ აღწერს, არის ბ. ა-ის მეზობელი - ც. მ-ი, რომელმაც გამოკითხვისას აღნიშნა, რომ 2021 წლის 8 აპრილს ბინის კარი ჰქონდა ღია, ვინაიდან ცვლიდნენ კარის საკეტს. ბ. ა-ის ბინის კართან დაინახა სამი ქალბატონი, რომელთაგან იცნო ნ. ი-ა, რომელიც აბრახუნებდა კარზე და ბ-ას უყვიროდა მისთვის გაუგებარ ენაზე, მაგრამ აშკარად საუბრობდა მუქარის ტონით. ბ-ს მათთვის კარი არ გაუღია, ცოტა ხანში მივიდა პოლიციაც. ნ. ი-ან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც.
11. ამდენად, დაზარალებულ ბ. ა-სა და მოწმე ც. მ-ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ 2021 წლის 8 აპრილს ნ. ი-ა ნამდვილად იყო მისული ბ. ა-ის სახლის კართან და აბრახუნებდა მასზე, თუმცა დაზარალებულს მისთვის კარი არ გაუღია, ხოლო მეზობელს არ ესმოდა ენა, რომელზეც ნ. ი-ა მიმართავდა ბ. ა-ს მუქარის ტონით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის ტონით საუბარი არ ნიშნავს და უტყუარად ვერ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნ. ი-ა დაზარალებულს დაემუქრა ყველას ამოხოცვითა და შვილის მოკვლით, რასაც ბრალდების მხარე ედავება მას. დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა უთანხმოება ბავშვების თაობაზე. შესაბამისად, ხმამაღალი საუბარი და მუქარის ტონი, როგორც ამას მოწმე უთითებს, უტყუარად ვერ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ სიტყვები, რომელსაც ნ. ი-ა წარმოთქვამდა, იყო მუქარის შემცველი. ერთადერთი პირი, რომელიც ამხელს ნ. ი-ას მუქარის განხორციელებაში, არის თავად დაზარალებული.
12. დაზარალებულის მეუღლე - თ. ა-ი და პატრულ-ინსპექტორები - ე. ლ-ძე და თ. მ-ლი არ ყოფილან 2021 წლის 8 აპრილს განვითარებული მოვლენების თვითმხილველები, არამედ ინფორმაცია მიიღეს თავად ბ. ა-ნ, რომელიც ერთადერთი პირდაპირი მოწმეა ნ. ი-ს მხილების თვალსაზრისით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. თავად ნ. ი-მ გამოკითხვისას განმარტა, რომ შვილების წაყვანის მიზნით, 2021 წლის 8 აპრილს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატთან - მ. შ-ან ერთად მივიდა ბ. ა-ის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა მან კარიც კი არ გაუღო. იმ დღეს პირადად ბ. ა-ი არ უნახავს, მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია და არც დამუქრებია. ნ. ი-ას განმარტებით, როდესაც ბ-ს მისამართზე მივიდნენ, სანამ სახლში ავიდოდნენ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ისინი მათი მისვლიდან მალევე მივიდნენ.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამოკითხულ მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია იმის დასადგენად, რომ ნ. ი-ა 2021 წლის 8 აპრილს ნამდვილად დაემუქრა ბ. ა-ს. ამგვარ ინფორმაციას გამოძიებას აწვდის მხოლოდ დაზარალებული, რაც არ არის გამყარებული რაიმე სხვა უტყუარი მტკიცებულებით. მით უფრო, არაფერი მიუთითებს ბ. ა-ის მხრიდან შიში განცდაზე, რაც განსახილველი დანაშაულისათვის აუცილებელი ობიექტური გარემოებაა.
15. აღსანიშნავია, რომ საქმეზე არ დაკითხულა აღნიშნული მოვლენების სავარაუდო თვითმხილველი მოწმე - ადვოკატი მ. შ-ძე, რომლის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს, გარდა თავად ადვოკატის განცხადებისა, ადასტურებს ნ. ი-სა და მოწმე ც. მ-ის ჩვენებებიც. პირველი ინსტანციის სასამართლომ მისი განმარტებები მოისმინა მხოლოდ ადვოკატისაგან წარმოთქმული დასკვნითი სიტყვით.
16. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ნ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენზე ნ. ი-ას მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი