Facebook Twitter

საქმე # 190100119003018697

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1387აპ-23 ქ. თბილისი

პ-ი ლ, 1387აპ-23 7 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:

ლ. პ-ი, დაბადებული ... წლის ... მაისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.

2. ლ. პ-ს მსჯავრად დაედო თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 23 მაისს დ-ის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერები: N... და N..., რომლებიც ითვალისწინებდა დ-ში, 9 ა-ის ქუჩაზე N..., N.. საცხოვრებელი კორპუსებისა და დ-ი, .. მ-ის ქუჩაზე N.., N9.. N.. და N.. საცხოვრებელი კორპუსების სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ზემოაღნიშნულ ტენდერებში გაიმარჯვა ი.მ „ლ. პა-მა“ და 2017 წლის 14 ივლისს დ-ის მუნიციპალიტეტსა – და ი.მ „ლ. პ-ს“ შორის გაფორმდა N80 და N81 ხელშეკრულებები, საერთო ღირებულებით – 155 427,66 ლარი.

ხელშეკრულება ხელმოწერით დაადასტურეს: დ-ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ლ. პ-მა. ამ ტენდერების საფუძველზე, ი.მ „ლ. პ-ს“ დამატებით შესასრულებლად განესაზღვრა საცხოვრებელი კორპუსების სახურავებიდან ძველი ნარჩენის გატანა.

ი.მ. „ლ. პ-მა“ თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, არასრულყოფილად შეასრულა ,,N80“ და ,,N81“ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები, ასევე დ-ის მუნიციპალიტეტში წარადგინა მცდარი ინფორმაციის შემცველი, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება და ორივე ტენდერის საერთო ღირებულებად მიუთითა ჯამურად – 149.122,42 ლარი, ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისათვის მისაღები – 89 286,84 ლარისა.

შესაბამისად, ლ. პ-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა – 59835,58 ლარს.

აღნიშნული ქმედებით დ-ის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სამმართველოს პროკურორი ქეთევან სონიძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში შეცვლას და ლ. პ-ის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, ზიანი ანაზღაურებული არ ყოფილა. ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და ერთადერთი პროპორციული საშუალება, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ თავისუფლების აღკვეთაა.

5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).

8. საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).

9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (ბრალდების მხარე) ითხოვს მხოლოდ ლ. პ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმებას, კერძოდ, ჯარიმის შეცვლას საპატიმრო სახის სასჯელით.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების განხილვის პარალელურად, საკასაციო პალატა თანაბრად ხელმძღვანელობს ლ. პ-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის როგორც სახე, ისე მისი ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან.

12. პროკურორის ძირითად არგუმენტს მისი მოთხოვნის გასამყარებლად წარმოადგენს ის, რომ მიყენებულია დიდი ოდენობით ზიანი, რომელიც არ არის ანაზღაურებული.

13. საკასაციო პალატა ხელმეორედ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის, მართლსაწინააღმდეგო შედეგთან ერთად, დამატებით უნდა შეფასდეს საქმეში არსებული ყველა გარემოება, კერძოდ:

14. მოცემულ შემთხვევაში, ლ. პ-ი არ არის ნასამართლევი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა პროკურორის საპასუხოდ მიუთითა, რომ მის მიერ გაკეთებული სახურავი დააზიანა დ-სში ძალიან ძლიერმა ქარმა (ე.წ. ქარბორბალამ). ამის შემდეგ, მან გადახდილი სახურავი, საკუთარი მუშებით, აღებული სესხის საფუძველზე აღადგინა. მოცემული აღდგენითი სამუშაოების თანხა კი მისთვის არ გადაუხდიათ.

15. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს, როგორც არასაპატიმრო (ჯარიმას), ისე – საპატიმრო სახის სასჯელს (თავისუფლების აღკვეთას, ვადით – 6-დან ცხრა წლამდე).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი მკაცრად პერსონალურ ხასიათს ატარებს და მისი დამძიმების მიზნით, მითითება, რომ ჩადენილმა თაღლითობამ დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (რომელიც ისედაც ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს), არ არის საკმარისი; მით უმეტეს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება პროკურორს არ წარმოუდგენია.

17. ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისათვის ყველა აუცილებელ გარემოებასთან ერთად, ითვალისწინებს მათ შორის ჩადენილი ქმედებით დამდგარ შედეგს, დაზარალებულის პოზიციას მსჯავრდებულის მიმართ და მიაჩნია, რომ ლ. პ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნას ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი