Facebook Twitter

საქმე # 330100123006980517

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1390აპ-23 ქ. თბილისი

ე-ი ვ, 1390აპ-23 6 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ე-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ლ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. ე-ს, - დაბადებულს .. წლის .. სექტემბერს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის დეკემბერში, ქ. თ-ში, მ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №...-ში ყოფნისას, ვ. ე-მა, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ე-ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. დ-ეს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულმა ქმედებამ ნ. დ-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

· 2023 წლის 10 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თ-ში, მ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №...-ში მყოფ ნ. დს ტელეფონზე დაურეკა ყოფილმა მეუღლემ - ვ. ე-მა, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა. ნ. დ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით:

2.1. ვ. ე-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ვ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით.

2.3. გაუქმდა ვ. ე-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ე-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2023 წლის 10 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თ-ში, მ-ნის ქუჩის №..-ში მდებარე ბინა №..-ში მყოფ ნ. დ-ს ტელეფონზე დაურეკა ყოფილმა მეუღლემ - ვ. ე-მა, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა. ნ. დ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - მსჯავრდებულმა ვ. ე-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ლ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ვ. ე-ის გამართლება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ვ. ე-ის მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ვ. ე-ის სრულად უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეების - მ. ხ-ის, გ. მ-ს ჩვენებებით, №... შეტყობინების ოქმით, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ. ე-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, კერძოდ:

9. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. დ-მ და მოწმე ნ. ე-მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლისა და მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ოჯახური დანაშაული არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, დანაშაული ძირითადად ხდება სახლში და შესაბამისად, დაზარალებულიც და, ხშირ შემთხვევაში, მოწმეებიც ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მათ ახლო ნათესავს. ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული, მათ შორის, დაზარალებული ან/და მოწმე შეიძლება თავისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის - თავად შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ, ნებაყოფლობით გამოიკითხა, მონაწილეობა მიიღო საკუთარი მობილური ტელეფონის დათვალიერებაში, გაეცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილებასა და დაზარალებულის უფლებების განმარტებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენები N118აპ-20, N443-აპ-20).

12. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ნ. დ-მ შემთხვევიდან უმალვე, რამდენიმე წუთში გააკეთა შეტყობინება, რომ მისი ყოფილი მეუღლე ტელეფონით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც იგი იყო აღელვებული, რასაც ადასტურებს საქმეზე გამოკვლეული სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან“ გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი.

13. გარდა ამისა, შემთხვევის დღეს, დაზარალებულ ნ. დ-ან სატელეფონო საუბრისა და მუქარის ჩადენის ფაქტი დაადასტურა შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოწმე მ. ხ-მა. მან თანამიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ 2023 წლის 10 თებერვალს ნ. დ-ს ტელეფონზე დაურეკა ყოფილმა მეუღლემ - ვ. ე-მა, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა, რის გამოც ნ-ას გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში და იტირა, შემდეგ კი მან აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა 112-ს.

14. ნ. დ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ 112-ში დარეკვამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე იგი ვ. ე-ლს ტელეფონის საშუალებით ნამდვილად ესაუბრებოდა.

15. რაც შეეხება მუქარის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის - მუქარის რეალურად აღქმას, აღნიშნული დადასტურდა როგორც მოწმე მ. ხ-ის ჩვენებით, რომელმაც აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის შემდეგ ნ-ა ტიროდა და იყო აღელვებული, ასევე სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან“ გამოთხოვილი აუდიოჩანაწერით.

16. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. ე-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

17. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ, რომ 2021 წლის დეკემბერში, ვ. ე-მა, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ე-ის თანდასწრებით, სახეში ხელის დარტმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. დ-ეს და რომ აღნიშნული ქმედებით ნ. დ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტს ბრალდების მხარე სადავოდ არ ხდის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, მასზე ვრცლად არ იმსჯელებს.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ე-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ლ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი