საქმე # 330100123007107460
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1391აპ-23 ქ. თბილისი
ა-ძე ნ, 1391აპ-23 7 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენით:
ნ. ა-ძე, დაბადებული .. წლის ... იანვარს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან, კერძოდ, 2023 წლის 27 ივლისიდან.
2. ნ. ა-ს მსჯავრად დაედო თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 19 იანვარს გ. მ-მ, წინასწარ შეთანხმებით, ნ. ა-ნ ერთად, ვ. მ-ოსა და ი. ნ-ს მოტყუებით ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობით თანხა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.
შეთანხმებისამებრ, გ. მ-ს, მის კუთვნილ სს „ს-ის“ ანგარიშზე ვ. მ-ოსა და ი. ნ-ის მეგობარი – ვ. ს-ვა ჩაურიცხავდა თანხას. გზავნილის განაღდების შემდგომ, თანხა სრულად უნდა გადაეცა ამ უკანასკნელთათვის, ხოლო თავის მხრივ, დაზარალებულები გ. მ-სა და ნ. ა-ს გადასცემდნენ მომსახურების ღირებულებას.
2023 წლის 19 იანვარს, გ. მ-ის კუთვნილ სს „ს-ის“ ანგარიშზე რამდენიმე ეტაპად ჩაირიცხა თანხა, ჯამურად – 29.232 ლარი, რომლის ანგარიშზე ასახვის მიზნით, თ-ში, პ-ის გამზირის N..-ში მდებარე სასტუმრო „ა-ში“ ყოფნისას, ვ. მ-ომ გ. მ-ის მობილურ ტელეფონში არსებული სს „ს-ის“ აპლიკაციის გამოყენებით, მიუთითა შესაბამისი კოდები და გზავნილი გააქტიურა.
გზავნილის ანგარიშზე ასახვის შემდგომ, გ. მ-ძე და ნ. ა-ძე მოტყუებით, თითქოს, სს „ს-ის“ კუთვნილ მობაილბანკს ჰქონდა პრობლემა, დაეუფლნენ დიდი ოდენობით თანხას, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
ზემოაღნიშნული ქმედებით დაზარალებულებს მიადგათ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:
მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ნ-ის – სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ნ-ე, ითხოვს – სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილის ცვლილებისა და ნ. ა-ის სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ნ. ა-მ მოინანია ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია.
5. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).
8. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (დაცვის მხარე) ითხოვს მხოლოდ ნ. ა-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, საპატიმრო სახის სასჯელის ჯარიმით შეცვლას.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას.
10. საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით – ექვსიდან ცხრა წლამდე.
11. განსახილველ შემთხვევაში, ადვოკატი უთითებს, რომ ნ. ა-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა ადვოკატის მითითებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხულია ერთ-ერთი მოწმე, გამომძიებელი – ნ. მ-ი. ამასთან, მტკიცებულებები უდავოდ ცნეს არსებით სასამართლო სხდომებზე, ეტაპობრივად და არა, ერთიანად, რამაც მხოლოდ გარკვეულწილად დაზოგა სასამართლოს რესურსი და აღნიშნული ფაქტი ასახულია სასჯელის კონკრეტულ ზომაში, კერძოდ: ნ. ა-ეს კანონით განსაზღვრული, თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა – 6 წელი აქვს განსაზღვრული.
12. მოცემულ საქმეში ინფორმაციის სახით წარმოდგენილია N8 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წერილი (ტ. II, ს.ფ. 522), რომლის თანახმადაც, ნ.ა-ძე განსახილველი საქმის პარალელურად, გასამართლდა კვლავ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენისათვის.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, ჩადენილი ქმედების სახესა და მოვალეობათა დარღვევის ზომას, კერძოდ, რომ განსახილველ შემთხვევაში, ჩადენილია – თაღლითობა რამდენიმე სახის დამამძიმებელ გარემოებაში; ამასთან, მართალია, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტსაც, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სისხლის სამართლის N007030223008 საქმეზე მიყენებული ზარალის თანხა ანაზღაურებული აქვს უშუალოდ ბრალდებულთან ერთად მხილებული პირის – გ. მ-ის მხარეს (კერძოდ– 5600 აშშ დოლარი).
14. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის თანხმად, დაცვის მხარეს არ მიუთითებია რაიმე ახალი სახის შემამსუბუქებელ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო პალატას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძველს შეუქმნიდა.
15. ამდენად, ნ. ა-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნას ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი