საქმე # 060100121004900642
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1408აპ-23 ქ. თბილისი
მ-ძე ტ, 1408აპ-23 6 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძისა და მსჯავრდებულ ტ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განაჩენით:
1.1. ტ. მ-ძე, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა (2021 წლის იანვრის ეპიზოდი), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2021 წლის 25 ივნისის ეპიზოდი), 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. მ*ს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად შეეფარდა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა, კერძოდ, 3 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება. ტ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 26 ივნისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. მ-მ ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარითა და მისი პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ტ. მ-ძე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, უკავშირდებოდა მეუღლეს - თ. ჯ-ს და სისტემატურად აგინებდა მას, ამცირებდა, ეძახდა დამამცირებელ სიტყვებს, რამაც თ. ჯ-ის ტანჯვა გამოიწვია;
· 2021 წლის იანვარში, ტ. მ-ძე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით უკავშირდებოდა მეუღლეს - თ. ჯ-ს და ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა და მოკლავდა, კერძოდ, მუცელში გაუყრიდა დანას, სახეს დაუსახიჩრებდა, რომ მისთვის არავის შეეხედა. აღნიშნულის შედეგად თ. ჯ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში;
· 2021 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ტ. მ-ძე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლის - თ. ჯ-ს მამას - ნ. ჯ-ს და დაემუქრა, რომ თუ იგი ვერ უვლიდა თავის შვილს - თ. ჯ-ს, მაშინ მას თავად მიხედავდა და გაანადგურებდა. ტ. მ-ის მუქარა თ. ჯ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში;
· 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ტ. მ-ძე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, უკავშირდებოდა მეუღლეს - თ. ჯ-ს და სისტემატურად აგინებდა მას, ამცირებდა, ეძახდა დამამცირებელ სიტყვებს, რამაც გამოიწვია თ. ჯ-ის სულიერი ტანჯვა. აგრეთვე, 2021 წლის იანვარში, ტ. მ-ძე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, უკავშირდებოდა მეუღლეს - თ. ჯ-ს და ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა და მოკლავდა, კერძოდ, მუცელში გაუყრიდა დანას, სახეს დაუსახიჩრებდა, რომ მისთვის არავის შეეხედა, რის შედეგადაც თ. ჯ-ეს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, ხოლო 2021 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ტ. მ-ძე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლის - თ. ჯ-ის მამას - ნ. ჯ-ს და დაემუქრა, რომ თუ იგი ვერ უვლიდა თავის შვილს - თ. ჯ-ს, მაშინ მას თავად მიხედავდა და გაანადგურებდა. ტ. მ-ის მუქარა თ. ჯ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. ტ. მ-ის მხრიდან თ. ჯ-ის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი მუქარისა და თ. ჯ-ის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირების გამო, თ. ჯ-მ 2021 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ვ-ის რაიონის სოფელ ძ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სცადა თვითმკვლელობა, კერძოდ, დანის საშუალებით მარცხენა მაჯაზე მიიყენა დაზიანება, რა დროსაც ოთახში შევიდა მისი და - ქ. ჯ-ძე, რომელმაც თ. ჯ-ს წაართვა დანა და არ მისცა თვითმკვლელობის საშუალება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ტ. მ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3.3. ტ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2021 წლის იანვრის ეპიზოდი), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2021 წლის 25 ივნისის ეპიზოდი). საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ტ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა, კერძოდ, 3 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება. ტ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 26 ივნისიდან.
4. კასატორმა - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ტ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ქმედებაშიც და დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. მსჯავრდებულ ტ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ტ. მ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ტ. მ-ის გამართლების თაობაზე და უთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გაუფრთხილებლობით ჩადენა შეუძლებელია, იგი შეიძლება ჩადენილ იქნას მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. პირდაპირი განზრახვა გულისხმობს, რომ დამნაშავის ქმედება უნდა განხორციელდეს დაზარალებულის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის მიზნით, ხოლო არაპირდაპირი განზრახვის დროს დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, არ სურს ეს შედეგი, მაგრამ, შეგნებულად უნდა უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა დაზარალებულის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის განზრახვა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მართალია დასტურდება, რომ ტ. მ-სა და თ. ჯ-ს შორის არსებობდა დაძაბული ურთიერთობა, იყო კონფლიქტური სიტუაცია და რომ ტ. მ-ე მეუღლეს ემუქრებოდა, სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფდა მას (რომლებიც სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს წარმოადგენენ და შერაცხული აქვს კიდეც მას მსჯავრად), თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად მიუთითებდა ტ. მ-ის განზრახვაზე თვითმკვლელობის ცდამდე მიეყვანა თ. ჯ-ძე.
8. ზემოაღნიშნულის გარდა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვითაც დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა დანა სისხლისმაგავარი ლაქებით. საქმის მასალებით მიხედვით აღნიშნულ დანაზე არსებულ სისხლისმაგვარ ლაქებზე დანიშნული არ ყოფილა ექსპერტიზა, შესაბამისად არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა იატაკზე არსებული სისხლის ლაქები, თუკი ასეთი მართლაც არსებობდა. საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, თ. ჯ-ს აღენიშნებოდა ზედა კიდურების ზედაპირული ტრავმა; დაზიანება მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად; ასევე მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის ჭრილობის სრულყოფილი მორფოლოგიური სურათი. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
9. ამდენად, არასაკმარისი მტკიცებულებებით პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს. ასეთ პირობებში კი სასამართლომ სათანადოდ უნდა შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის სრულად გამართლების შესახებ, ვინაიდან ტ. მ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისათვის დადასტურებულია არა მარტო დაზარალებულ თ. ჯ-ის ჩვენებით, არამედ მოწმეების - ნ. ჯ-ის, ქ. ჯ-ის, ჟ. ჯ-ის, გ. ჟ-ის, ლ. მ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.. დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
12. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძისა და მსჯავრდებულ ტ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი