Facebook Twitter

საქმე # 330100123007208912

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №160აპ-24 ქ. თბილისი

წ-ი მ 160აპ-24 6 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. მ. წ-ი, - დაბადებული .. წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 9 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2023 წლის 9 თებერვლის, სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და მ. წ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, შეეფარდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების აღკვეთიდან - 4 (ოთხი) წლიდან ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. წ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 10 თებერვლიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. წ-მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის დეკემბრის ბოლოს (ზუსტი თარიღი უცნობია), დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ში, შ. ნ-ის ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. წ-მა ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ხ-ზე, კერძოდ, მობილური ტელეფონის დამტენის კაბელი არაერთხელ დაარტყა მარცხენა მკლავის არეში. აღნიშნული ქმედებით თ. ხ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 9 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, თ-ში შ. ნ-ის ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თანაცხოვრების დროს, მ. წ-ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ხ-ს სისტემატიურად, კვირაში სამჯერ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ლანძღავდა. აღნიშნულით მან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

· 2023 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, შ. ნ-ის ქ. N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. წ-მა ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ხ-ზე, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმა, მუშტები დაარტყა თავის არეში და უკბინა სახის მარცხენა მხარეს, საფეთქლის მიდამოში. მ. წ-ს ქმედების შედეგად თ. ხ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ. წ-ი ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ხ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და დაასრულებდა მის სიცოცხლეს. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსარულების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. წ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და სამართლიანი განაჩენის დადგენა სასჯელის შეფარდების კუთხით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. წ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში, გარდა მსჯავრდებულ მ. წ-ის აღიარებისა, წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (დაზარალებულ თ. ხ-სა და მოწმეების - მ. ხ-ის, ც. კ-ას, მ. შ-ას, გ. ხ-ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა, ფსიქიატრიული ექსპერტიზის N... დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 მარტის განაჩენი და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. წ-მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები.

7. რაც შეეხება მ. წ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

8. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

9. გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლომ ერთი მხრივ გაითვალისწინა რომ მ. წ-მა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, უდავოდ ცნო სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მეორე მხრივ კი დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის ჩადენის ხერხი, ვითარება, მოტივი, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (მ. წ-ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროება - სახეზეა მუქარა და ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (მ. წ-მა თ. ხ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დამტენის კაბელი დაარტყა მარცხენა მკლავის არეში; ასევე მუშტები - მარცხენა საფეთქლის არეში; სისტემატიური შეურაცხყოფა, კვირაში სამჯერ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას; ამასთან, განახორციელა მუქარა, ყელს გამოჭრიდა და დაასრულებდა მის სიცოცხლეს), დამდგარი შედეგი (მ. წ-ის ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური ტანჯვა და შიში), ასევე ის გარემოება, რომ მ. წ-ს დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გათვალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

10. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მ. წ-ის სათანადო ქცევა, სწორი სოციალური ღირებულებების გათავისება და თვითშეგნების ამაღლება, მას სწორად აქვს შერჩეული სასჯელის სახე და ზომა, რაც მსჯავრდებულის ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი