საქმე # 330100121005062329
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №161აპ-24 ქ. თბილისი
დ-ი რ 161აპ-24 6 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. დ-ს, - დაბადებულს ... წლის .. ივლისს, - და რ. გ-ს, - დაბადებულს .. წლის 28 ოქტომბერს, - ბრალად ედებათ ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჯგუფურად; თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, დ-ის ქუჩის N..-ში მყოფმა რ. დ-მა, რ. გ-მა და დაუდგენელმა პირმა, ჯგუფურად, ძალის გამოყენებით, შეამტვრიეს ნაცნობის - ვ. ჩ-ის საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი, მისივე ნების საწინააღმდეგოდ შეიჭრნენ ბინაში და საპირფარეშოში ჩაკეტილ ვ. ჩ-ს ხმამაღლა აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას - ითხოვდნენ ვალის დაბრუნებას და ემუქრებოდნენ მას ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებით.
· რ. დ-ი, რ. გ-ი და დაუდგენელი პირი, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებით - ვალის თანხის თვითნებურად ანაზღაურების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვ. ჩ-ის კუთვნილ ნივთებს - 1400 ლარად ღირებულ ხმის გამაძლიერებელს, ე.წ. „დინამიკს“ და 100 ლარად ღირებულ „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონის დამტენს; ასევე დოკუმენტებს - ვ. ჩ-ის სახელზე გაცემულ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტს, მის მართვის მოწმობას, პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა და სს „ს-ის“ ექსპრეს ბარათს. რ. დ-ის, რ. გ-სა და მათთან მყოფი მესამე პირის ძალადობრივი გზით ჩადენილი თვითნებური ქმედების შედეგად ვ. ჩ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:
2.1. რ. დ-ვი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. რ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2300 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 2021 წლის 12 აგვისტოდან იმავე წლის 17 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ რ. დ-ს გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2.3. გაუქმდა რ. დ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი.
2.4. რ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.5. რ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2200 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 2021 წლის 12 აგვისტოდან იმავე წლის 15 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, რ. გ-ს გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2.6. გაუქმდა რ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. დ-მა და რ. გ-მა ჩაიდინეს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჯგუფურად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. დ-ისა და რ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მსჯავრდებულების - რ. დ-ისა და რ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ ვ. ჩ-ისა და მოწმეების - ლ. კ-ის, ი. გ-ის, ქ. რ-ისა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით. ისინი სავსებით საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და სადავოდ არც მხარეები ხდიან, განსხვავებით თვითნებობის ბრალდების ეპიზოდისა. ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი რ. დ-ისა და რ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისათვის.
8. მსჯავრდებულების მიერ ძალადობითა და ძალადობის მუქარით თვითნებობის ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ საქმეში წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ ვ. ჩ-ის ჩვენება, რომელმაც პასპორტთან მიმართებით აღნიშნა, რომ რ. დ-ს თავად შესთავაზა ვალის დაბრუნებამდე მისი წაღება, ხოლო ე.წ. დინამიკისა და ტელეფონის დამტენის შესახებ მიუთითა, რომ უშულოდ არ დაუნახავს მისი წაღების ფაქტი; თუმცა, როდესაც საპირფარეშოდან გამოვიდა, აღნიშნული ნივთები აღარ დახვდა, ხოლო მოგვიანებით ისინი დაუბრუნა რ. დ-მა.
9. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ რამდენადაც მსჯავრდებულებმა კატეგორიულად უარყვეს ვ. ჩ-ის სახლიდან ე.წ. დინამიკისა და ტელეფონის დამტენის წაღების, ასევე, რ. დ-მა უარყო მოგვიანებით აღნიშნული ნივთების ვ. ჩ-ის დაბრუნების ფაქტი, ხოლო შემსწრე პირის - მოწმის სახით დაკითხული ლ. კ-ის განმარტებით, მათ ხელში რაიმე ნივთი, მითუფრო დიდი ზომის, არ დაუნახავს, საჭიროა ობიექტურად სხვა დამატებითი მტკიცებულებების არსებობა (მაგალითად, ხელწერილი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ რ. დ-მა დაზარალებულს ნამდვილად დაუბრუნა დასახელებული ნივთები და ა.შ.), რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს მისცემს რ. დ-სა და რ. გ-ის მიერ მათ მიმართ ბრალად შერაცხული აღნიშნული ქმედების დადასტურების შესაძლებლობას.
10. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში რ. დ-ისა და რ. გ-ის მიერ თვითნებობის ბრალდებასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ვ. ჩ-ის ჩვენება, რომლის სანდოობაშიც სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, თუმცა მხოლოდ ეს ერთი ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მსჯავრდებულების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობას, ვინაიდან დაზარალებულ ვ. ჩ-ის ჩვენება არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და დაარწმუნოს ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომ სწორედ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
11. ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანი. საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც სააპელაციო პალატა, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის ყურადღების მიღმა დარჩა ქმედების თვითნებობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ისეთი სავალდებულო ნიშანი, როგორიცაა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ:
12. ბრალდების დადგენილების თანახმად, რ. დ-ი და რ. გ-ი, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ - ვალის თანხის თვითნებურად ანაზღაურების მიზნით დაეუფლნენ ვ. ჩ-ის კუთვნილ ნივთებს: ხმის გამაძლიერებელს - ე.წ. „დინამიკსა“ და მობილური ტელეფონის დამტენს, ასევე დოკუმენტებს. ბრალდების ეს შინაარსი ადასტურებს, რომ ბრალდების მხარე მათ არ ედავება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას - ანუ მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ამ ნივთების მისაკუთრების მიზანი და მას დაეუფლნენ დროებით, რათა დაზარალებულს იძულებით გადაეხადა ვალი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ზიანის არსებობისათვის გადამწყვეტი ვერ იქნება მხოლოდ ნივთების ღირებულება. ბრალდებას უნდა დაედასტურებინა ამ ნივთების დაზარალებულის მფლობელობიდან დროებითმა გასვლამ რა ზიანი მიაყენა მას და შემდეგ შეეფასებინა მისი მნიშვნელობა. არის თუ არა მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი, საბოლოოდ უნდა დაადგინოს სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით. ის შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ისე ქონებრივი, თუმცა ამ ნიშნის დაუდგენლობის პირობებში გამორიცხულია პირის მსჯავრდება თვითნებობისათვის. ცალსახაა, რომ საკუთრების ნებისმიერი ხელყოფა უსიამოვნოა მესაკუთრისათვის და ხელს უშლის მას. თუმცა საკუთრების ხელყოფის ყველა შემთხვევა ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით დადგენილი აუცილებელი ნიშნის - მნიშვნელოვანი ზიანის არსებობას.
13. განსახილველ შემთხვევაში გაურკვეველია, რა ვადით არ ფლობდა ხმის გამაძლიერებელსა და მობილური ტელეფონის დამტენს დაზარალებული ვ. ჩ-ი და საერთოდ სჭირდებოდა თუ არა ეს ნივთები ამ პერიოდში. ბრალდების მხარეს არც კი უმსჯელია ამ და მსგავს საკითხებზე, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, დაედგინა, რა უარყოფითი შედეგი მოჰყვა დაზარალებულისათვის საკუთარი ნივთების დროებით მისი მფლობელობიდან გასვლას და არის თუ არა ეს უარყოფითი შედეგი/ზიანი მისთვის მნიშვნელოვანი. ანალოგიური სიტუაციაა დაუფლებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბრალდებას არ გაურკვევია ხომ არ მოხდა ისე, რომ დაზარალებულმა ვერ შეძლო გარკვეული გადარიცხვების განხორციელება, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, მისი საბანკო ბარათის დაუფლების გამო; ვერ შეძლო საზღვრის კვეთა, რაც ასევე მისთვის არსებითად დამაზიანებელი იყო პასპორტის დაუფლების გამო და ა.შ.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით რ. დ-ისა და რ. გ-ის გამართლების ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად და ობიექტურად შეაფასა.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი