საქმე # 330100115782527
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №174აპ-24 ქ. თბილისი
კ-ი ზ, 174აპ-24 6 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით:
1.1. ზ. კ-ს, - დაბადებულს .. წლის … სექტემბერს, - ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის ჩადენაში; დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2005 წლის თებერვლის ბოლოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნ-ის მე-4 პ-ოზე მდებარე მოედანთან, გ. ქ-ამ და დ. მ-მ, ვალის დაუბრუნებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზ. კ-ს, რომელიც მათ მიმართ განიმსჭვალა შურისძიებით და განიზრახა დ. მ-სა და გ.ქ-ას მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ. კ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალით, რასაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. 2005 წლის 2 მარტს, გ. ქ-ია და დ. მ-ძე, ამ უკანასკნელის კუთვნილი „ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანით სახ.№…, მივიდნენ თ-ში, ნ-ის მე-… მ/რაიონის, მე-… კორპუსთან. იქ შეხვდნენ ზ. კ-ს და კვლავ მოსთხოვეს ვალის დაბრუნება. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის გაიმართა ხმამაღალი საუბარი, რაც განმუხტა საპატრულო პოლიციის მუშაკების გამოჩენამ. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ. კ-ი ავტომანქანის უკანა სავარძელში ჩაუჯდა გ. ქ-ას და დ. მ-ს, რომლებსაც შესთავაზა, გასულიყვნენ სადმე მოფარებულ ადგილას და იქ გაეგრძელებინათ საუბარი. ამ წინადადებას გ. ქ-ია დაეთანხმა, დაძრა ავტომანქანა, მივიდა ნ-ის მე-… მ/რაიონის მე-.. კორპუსთან და იქ გააგრძელეს საქმის გარჩევა. საუბრის დროს გ. ქ-ამ და დ. მ-მ დალიეს ალკოჰოლური სასმელი, რომლითაც გაუმასპინძლდნენ ზ. კ-საც. ამ დროს იგი გახდა აგრესიული და მოკვლის მიზნით მოიმარჯვა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, შემდეგ ორჯერ ესროლა ჯერ გ. ქ-ას, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა გამჭოლი ჭრილობები მკერდის უკანა ზედაპირზე, ხოლო შემდეგ განახორციელა ორი გასროლა დ. მ-ის მიმართულებით, რომელსაც მიაყენა გულ-მკერდისა და კისრის მიდამოს ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები. ზ. კ-მა მიიჩნია, რომ თავისი დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანა, რის შემდეგ პისტოლეტით ხელში გადმოვიდა ავტომანქანიდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ. ქ-ია ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ. მ-ძე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც კვალიფიციური სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს. 2005 წლის 3 მარტს, პოლიციის მუშაკების მიერ გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში, გაიჩხრიკა ზ. კ-ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც საძინებელ ოთახში არსებული შავი ტყავის ჩანთიდან ამოიღეს მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალა - ოთხი ცალი „მაკაროვის“ და „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტების ვაზნა, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 აგვისტოს განაჩენით:
2.1. ზ. კ-ი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდა.
2.2. ზ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისგან.
2.3. ზ. კ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა და მოითხოვა ზ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის შემცირება ერთი მეოთხედით და საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ: საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
6. საკასაციო სასამართლო ზ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) წარდგენილი ბრალდებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა ზ. კ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ზ. კ-ის მიერ განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ჩადენა, კერძოდ:
7. დაზარალებულმა დ. მ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თავდამსხმელი პიროვნება მას არ დაუნახავს და არც გასროლების რაოდენობა ახსოვს ერთის გარდა. ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე პირველი ჩვენების მიცემის შემდგომ, მეორედ მიცემული ჩვენება, რეალობას არ შეესაბამება და მასში აღწერილი ფაქტები გამომძიებლის გამოგონილია. მანვე აღნიშნა, რომ არანაირი კონტაქტი არ ჰქონია გ. ქ-ას ძმასთან და მისთვის არ უთქვამს, რომ გ. ქ-ას მკვლელობა ჩაიდინა ზ. კ-მა. თავის მხრივ, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ქ-ია არ ყოფილა 2005 წლის 2 მარტს განვითარებული მოვლენების თვითმხილველი. მან მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნახა დ. მ-ძე და გამოჰკითხა ძმის გარდაცვალების ამბავი, რომლისგანაც შეიტყო, რომ მისი ძმის მკვლელი იყო ზ. კ-ი.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მთავარი ფიგურანტების ნაამბობის მიხედვით ნათელია, რომ უშუალო დაზარალებული უარყოფს ზ. კ-ის მხრიდან მასსა და გ. ქ-ზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტს და აღნიშნავს, რომ არ დაუნახავს თავდამსხმელი; ხოლო მ. ქ-ს ჩვენება, გარდა იმისა, რომ ირიბი შინაარსისაა და უშუალო თვითმხილველი იგი არ ყოფილა, მასთან ურთიერთიერთობისა და ზ. კ-ის მხილების ფაქტს არ ადასტურებს დ. მ-ძე. შესაბამისად, მოწმეთა ამგვარი ჩვენებები წარმოშობს გადაულახავ ეჭვს, რაც არ შეიძლება გადაწყდეს ზ. კ-ის საუარესოდ. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთაგან ასევე არავინაა ფაქტის თვითმხილველი, რომელიც მიუთითებდა ზ. კ-ზე, როგორც შეიარაღებულ თავდამსხმელზე.
9. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის №… და №.. დასკვნებით, მართალია, აღწერილია გ. ქ-ას გვამზე არსებული ცეცხლნასროლი ჭრილობები, ასევე, დ. მ-ის დაზიანებები, მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, თუმცა აღნიშნული დასკვნებით ობიექტურად შეუძლებელია იმ პირის ვინაობის დადგენა, რომელმაც გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი მათ მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ ვერ დადგინდა ზ. კ-ის მონაწილეობა 2005 წლის 2 მარტს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში, მისთვის წარდგენილი ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასთან მიმართებით სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, რაც გასაჩივრებული განაჩენით სწორადაა შეფასებული.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ზ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) დამნაშავედ ცნობას.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. კ-ის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის ბინის ჩხრეკის ოქმითა და №… ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. კ-ის მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი