საქმე # 330100122006050333
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №319აპ-24 ქ. თბილისი
რ-ძე ო, 319აპ-24 7 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ო. რ-სა და ლ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ას, მსჯავრდებულ ო. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ე-ას, მსჯავრდებულების - დ. და ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ო. რ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა; დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული; დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; დ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის 2... ივნისს, ვ. მ-ე, - დაბადებულს ... წლის ... მარტს, ლ. კ-ს, - დაბადებულს .. წლის .. დეკემბერს, გ. გ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მარტს და გ. გ-ს, - დაბადებულს .. წლის ... მარტს, - დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული; დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ-ში, კ-ს პირველი შესახვევი №..-ში მდებარე სს „ს-ია თ-ის“ ოფისის მეოთხე სართულზე არსებულ ოთახში, საზოგადოების დირექტორ გ. ქ-ის მეგობარ კ. ქ-ნ სასაუბროდ მივიდნენ მისი ნაცნობები - მ. მ-ძე, ო. რ-ძე, ხ. ც-ია, დ. მ-ძე, ვ. მ-ე, გ. გ-ძე, გ. ა-ლი, ო. ბ-ია და გ. გ-ნი, ასევე მათი მეგობრები - ა. ბ-ძე, ლ. კა-ი, გ. მ-ი და შ. გ-ნი. შეხვედრის დროს მ. მ-ეს ახლდნენ პირადი დაცვის წევრები - კ. მ-ი და გ. ა-ი, ო. რ-ს ახლდნენ პირადი დაცვის წევრები - ლ. გ-ძე და დ. ც-ი, დ. და ვ. მ-ს ახლდათ პირადი დაცვის წევრი - გ. პ-კო. ამავე საუბარს ასევე ესწრებოდნენ კ. ქ-ას მეგობარი - ვ. გ-ძე და გ. ქ-ი. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებს შორის მოხდა შეკამათება და ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნული დაპირისპირების დროს კ. ქ-მ მის ხელთ არსებული, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი №ИГ3372, რომელსაც საბრძოლო ვაზნებთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ხსენებული კონფლიქტის ადგილზე, ჯერ თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხ. ც-ას და მიაყენა ქალა-სარქველის მოტეხილობა, შუბლის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა მარჯვნივ, თავის მრავლობითი ღია ჭრილობები და შემდეგ იარაღიდან ესროლა ხ. ც-ას და მარცხენა მხრის არეში მიაყენა ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. ამავე კონფლიქტში მონაწილე პირების მიერ სროლის შედეგად განზრახ იქნა მოკლული კ. ქ-ა.
· ამავე კონფლიქტის დროს გ. ქ-ი, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა თავისზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „ARCUS 94” მოდელის ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - ამავე იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილ საბრძოლო ვაზნებს. მანვე ხსენებული კონფლიქტის დროს გასროლები მოახდინა ხსენებული იარაღიდან.
· ო. რ-მ, დ. მ-მ, ვ. მ-მ, ლ. კ-მა, გ. გ-მა და გ. გ-მ იცოდნენ რა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - კ. ქ-ს განზრახ მკვლელობა, ასევე კ. ქ-ას მიერ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაულები - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და ტარება და ხ. ც-ას ჯანმრთელობის განზრახი მძიმე დაზიანება, ხოლო გ. ქ-ის მიერ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება, აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ო.რ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ო. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 13 ივლისიდან.
2.3. გ. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 3 აპრილიდან.
2.4. გ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 5 მაისიდან.
2.5. დ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 8 ივნისიდან.
2.6. ვ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 8 ივნისიდან.
2.7. ლ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის გამოყენებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი, რაც ჩათვლილი აქვს პირობით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ლ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 13 აპრილიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. რ-მ, დ. მ-მ, ვ. მ-მ, ლ. კ-მა, გ. გ-მა და გ. გ-მ ჩაიდინეს დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული; ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ-ში, კ-ს პირველი შესახვევის №..-ში მდებარე სს „ს-ის“ ოფისის მეოთხე სართულზე არსებულ ოთახში, საზოგადოების დირექტორ გ. ქ-ის მეგობარ კ. ქ-ან სასაუბროდ მივიდნენ მისი ნაცნობები - მ. მ-ძე, ო. რ-ე, ხ. ც-ია, დ. მ-ძე, ვ. მ-ძე, გ. გ-ძე, გ. ა-ი, ო. ბ-ია და გ. გ-ანი, ასევე მათი მეგობრები - ა. ბ-ე, ლ. კ-ი, გ. მ-ი და შ. გ-ნი. შეხვედრის დროს მ. მ-ს ახლდნენ პირადი დაცვის წევრები - კ. მ-ი და გ. ა-ი, ო. რ-ეს ახლდნენ პირადი დაცვის წევრები - ლ. გ-ძე და დ. ც-ი, დ. და ვ. მ-ს ახლდათ პირადი დაცვის წევრი - გ. პ-კო. ამავე საუბარს ასევე ესწრებოდნენ კ. ქ-ას მეგობარი ვ. გ-ე და გ. ქ-ი. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებს შორის მოხდა შეკამათება და ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნული დაპირისპირების დროს კ. ქ-ამ მის ხელთ არსებული მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი №ИГ3372, რომელსაც საბრძოლო ვაზნებთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ხსენებული კონფლიქტის ადგილზე, ჯერ თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხ. ც-ს და მიაყენა ქალა-სარქველის მოტეხილობა, შუბლის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა მარჯვნივ, თავის მრავლობითი ღია ჭრილობები და შემდეგ იარაღიდან ესროლა ხ. ც-ს და მარცხენა მხრის არეში მიაყენა ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. ამავე კონფლიქტში მონაწილე პირების მიერ სროლის შედეგად განზრახ იქნა მოკლული კ. ქ-ა.
· ამავე კონფლიქტის დროს გ. ქ-ი, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა თავისზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „ARCUS 94” მოდელის ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას - ამავე იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილ საბრძოლო ვაზნებს. მანვე ხსენებული კონფლიქტის დროს გაისროლა რამდენჯერმე ხსენებული იარაღიდან.
· ო. რ-მ, დ. მ-მ, ვ. მ-მ, ლ. კ-მა, გ. გ-მა და გ. გ-მ იცოდნენ რა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - კ. ქ-ს განზრახ მკვლელობა, ასევე კ. ქ-ას მიერ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაულები - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და ტარება და ხ. ც-ას ჯანმრთელობის განზრახი მძიმე დაზიანება, ხოლო გ. ქ-ის მიერ ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება, აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
4.2. ო. რ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4.3. ო. რ-ეს, დ. მ-ს, ვ. მ-ს, ლ. კ-ს, გ. გ-სა და გ. გ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხათ ბრალდება გ. ქ-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ნაწილში.
4.4. ო. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 13 ივლისიდან.
4.5. გ. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 3 აპრილიდან.
4.6. გ. გ-იძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 5 მაისიდან.
4.7. დ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 8 ივნისიდან.
4.8. ვ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 8 ივნისიდან.
4.9. ლ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.10. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის გამოყენებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ლ. კა-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 13 აპრილიდან.
5. კასატორმა - მსჯავრდებულების - ო. რ-სა და ლ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. თ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენის გაუქმება.
5.1. მსჯავრდებულ ო. რ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ე-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენის გაუქმება და ო. რ-ის გამართლება.
5.2. მსჯავრდებულების - დ. და ვ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენის გაუქმება და დ. და ვ. მ-ის გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის - მსჯავრდებულების - ო. რ-სა და ლ. კ-ის ადვოკატ ზ. თ-ას, ასევე მსჯავრდებულ ო. რ-ის ადვოკატ ქ. ე-ს მიერ წარმოდგენილ პოზიციებს მსჯავრდებულების - ო. რ-სა და ლ. კ-ის უდანაშაულობის თაობაზე გამამტყუნებელი განაჩენით მათთვის შერაცხული ბრალის, კერძოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული; დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - ნაწილში, რადგან კასატორების ასეთი პოზიცია სრულიად შეუსაბამოა საქმეზე კანონიერი და უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილ რეალურ ფაქტობრივ გარემოებებთან. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ეჭვგარეშე ადასტურებს ო. რ-სა და ლ. კ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ ისინი უშუალოდ შეესწრნენ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენას.
9. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულების - დ. და ვ. მ-ის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან ის არ შეესაბამება საქმეში არსებული, საკმარისი და კანონიერი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
10. მსჯავრდებულების - ო. რ-ის, ლ. კ-ის, დ. და ვ. მ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნა:
10.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების შემთხვევის ადგილზე ყოფნა დასტურდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:
10.2. მოწმე ხ. ც-მ დაადასტურა ო. რ-ის ოფისში ყოფნის ფაქტი; ასევე ხაზი გაუსვა ო. რ-ის ოფისში ყოფნას იმ მინიშნებით, რომ სწორედ მან გამოიყვანა დაჭრილი ხ. ც-ია ოფისიდან, რომელიც ყვიროდა - „არ მესროლოთ, იარაღი არ მაქვსო“. იგი საავადმყოფოში წაიყვანეს ო. რ-მ და ლ. გ-მ.
10.3. მოწმე გ. პ-მ გამორიცხა ძმები მ-ის დაცვის სამსახურში ყოფნა, თუმცა ამ პოზიციის საპირისპიროდ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი ვ. მ-ის დარეკვის შემდეგ მიდის იარაღით და ვ-ის მითითებით ადის ოფისის მეოთხე სართულზე, სადაც დახვდნენ კ. მ-ი, გ. ა-ლი; დაპირისპირების დროს მან იარაღს დაუმაგრა მჭიდი, რა დროსაც იგრძნო ხელში წვა, იარაღი იქვე დააგდო და გავიდა მეორე ოთახში, სადაც ნახა დაჭრილი ო. ბ-ია და გ. გ-ი. მან შემთხვევის ადგილი დატოვა მ-სა და ა-ან ერთად.
10.4. დ. ც-ან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე ოფისში იმყოფებოდნენ მ. მ-ძე, მისი ძმა (გ. ა-ლი) და დაცვის წევრები - კ. მ-ი და გ. ა-ი, ასევე ოფისში იყო ო. რ-ე დაცვასთან ერთად - დ. ც-ი, ლ. გ-ძე და გ. გ-ძე, იქვე იმყოფებოდნენ ასევე მ-ის მეგობრები - გ. გ-ნი, ხ. ც-ია და სხვები, კიდევ ერთი დაცვის წევრი (ოღონდ არ იცის ვისი) გ. პ-ო. ოფისში განლაგდნენ შემდეგნაირად: ოთახში სასაუბროდ შედიან მ-ი და მისი მეგობრები, ხოლო დაცვის წევრები - დ. ც-ი, ლ. გ-ძე, გ. ა-ი, კ. მ-ი და გ. პ-ო განლაგდნენ დერეფანში.
10.5. კ. მ-ს ფარული აუდიოვიდეო ჩანაწერის მიხედვით, ოფისში მყოფებთაგან დაადასტურა, რომ მხოლოდ „მ-ოს“ იცნობს მისი ნამდვილი სახელი და გვარიც არ იცის, ასევე არ იცის და არ იცნობს ოფისში მყოფ პირებს. თუმცა მოწმე კ. მ-ან ჩატარებული ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ მან ამოიცნო გ. გ-ძე, რომელიც იდგა ოფისის ოთახთან და სადაც მოხდა გასროლა, გ. გ-ნი, რომელიც იმყოფებოდა ოთახთან, სადაც ასევე იყო გასროლა, ლ. კ-ი, რომელიც იდგა ოფისის ოთახის შესასვლელთან, სადაც იყო გასროლები. ასევე აღნიშნული პირები ამოცნობილი ჰყავს გ. ქ-ლს, რომელმაც მიუთითა, რომ გ. გ-ძე იყო ოფისის დერეფანში და შეესწრო დაპირისპირებას, ხოლო ლ. კ-ი იმყოფებოდა ოფისში დაპირისპირების დროს და მონაწილეობდა დაპირისპირებაში.
10.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - გ. პ-ს, გ. ა-ის, მ. მ-სა და ო. ბ-ას ჩვენებების ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება დ. და ვ. მ-ის შემთხვევის ადგილზე არყოფნის ფაქტს, ერთმნიშვნელოვანად არადამაჯერებელია, არ შეესაბამება ობიექტურ სინამდვილეს, რამდენადაც ისინი არსებითად ეწინააღმდეგება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულ, სრულიად ნეიტრალური მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილ გარემოებებს. ესენია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად აღმოჩენილი მტკიცებულებები, შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა მიერ დატოვებული კვლები და მათზე ჩატარებული სხვადასხვა სახის ექსპერტიზების შედეგად მიღებული დასკვნები.
10.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №.. დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან, უკანა ეზოში ჩასასვლელი რკინის კარის შიდა ზედაპირიდან ამოღებული ხელის კვალი დ. მ-ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე შესრულებული მარცხენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდის ნიმუშის იდენტურია, ასევე ავტომანქანის წინა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან ამოღებული კვალი დ. მ-ის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის იდენტური. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №.. დასკვნის შედეგებზეც, კერძოდ, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით - „ანაწმენდები იარაღიდან, მჭიდიდან და 19 ცალი ვაზნიდან (PCD10176940) მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. №74,77; კოლოფები, წარწერებით: „ანაწმენდები იარაღის სახელურიდან“ და ანაწმენდები იარაღის საკეცი კონდახიდან“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ. მ-ეს. პაკეტში წარწერით - ,,...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ავტომანქანა BMW, სახ.№.. გარეთა მხრიდან...“ არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს; უკანა მარცხენა კარის გამღები სახელურიდან აღებული ანაწმენდი ადამიანის სისხლი დ. მ-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს ამ მტკიცებულებების უპირობოდ მაღალ წონაზე, უპირველესად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გენეტიკური ექსპერტიზა ბირთვული დნმ-ის კვლევას ეფუძნება, თითოეული ადამიანის ბირთვული დნმ-ი და გენეტიკური პროფილი კი არის უნიკალური და მსოფლიო მასშტაბით იდენტური გენეტიკური პროფილი არ დაფიქსირებულა. ბიოლოგიურ მასალა, რომელიც ბირთვულ უჯრედებს შეიცავს, რჩება ნივთზე კონტაქტის გზით. შესაბამისად, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით კონკრეტულ ნივთებზე აღმოჩენილი იქნა დ. მ-სა და ვ. მ-ის გენეტიკური პროფილები, დადასტურებულად უნდა იქნას მიჩნეული, რომ სწორედ მათ ჰქონდათ ნივთებთან შემხებლობა.
10.8. საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ეზოში ჩასასვლელი კარი, რომელზეც აღმოჩენილ იქნა დ. მ-ის თითის კვალი, არის დერეფნის ბოლოს მდებარე კარი, საიდანაც გ. ა-მა მ. მ-ძე გამოიყვანა, უშუალოდ იმ ადგილთან კი იყო არაერთი გასროლა და ჩადენილ იქნა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. დ. მ-ის ინციდენტის ადგილას ყოფნასა და შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის დეტალების ცოდნაზე ცხადად მიუთითითებს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს სხეულზე ჰქონდა საკუთარი სისხლი, რომელიც დატოვა ავტომანქანა BMW-ს სახ.№... უკანა მარცხენა კარის გამღებ სახელურზე.
11. მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების შეგნება და აღქმა:
11.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის დღეს დანაშაულის ადგილის ფაქტობრივ გარემოებებს ნათლად გადმოსცემს 2022 წლის 2 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მოწმეების - მ. მ-ის, ო. ბ-ას, ხ. ც-ას, გ. ა-ის, გ. პ-ოს ჩვენებები.
11.2. შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ასევე აღწერს დ. ც-ი. მასთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ჩანაწერით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს, ლ-ს ტერიტორიაზე მდებარე ოფისში, მეოთხე სართულზე არსებულ ოთახში იმყოფებოდა ო. რ-ძე, რომელიც უშუალოდ შეესწრო მომხდარ კონფლიქტს და ჩადენილ დანაშაულებს.
11.3. საკასაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში და სახეზე გვაქვს წმინდა უმოქმედობის დელიქტი, ხაზგასასმელი და დასადასტურებელია, რისი აღქმა და რისი ცოდნა აქვთ მსჯავრდებულ პირებს შემთხვევის ადგილზე მომხდარი დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ და ამ ქმედებების შედეგებზე, რას შეესწრნენ ისინი და როგორ აღიქვეს მათ ფაქტობრივი გარემოებები. პირველ რიგში, დადასტურებულია თითოეული მსჯავრდებულისა და სხვა პირების შემთხვევის ადგილზე ყოფნა და ჩართულობა კონფლიქტში, ზოგ შემთხვევაში აქტიური და ზოგ შემთხვევაში პასიურიც. მსჯავრდებულთათვის ჩადენილი დანაშაულების ცოდნის კომპონენტიც სახეზე გვაქვს, კერძოდ, თითოეულმა მსჯავრდებულმა იცოდა რა ვითარება იყო ოფისის მეოთხე სართულზე, ყველა მათგანმა აღიქვა დაპირისპირება მხარეთა შორის, დაპირისპირების შედეგად არაერთი გასროლა, სხვადასხვა სახეობის იარაღთა არსებობა (მათ შორის გ. ქ-სა და კ. ქ-ან მიმართებით), ტყვიის დამცავი მექანიზმის ამოქმედება, საევაკუაციო მოქმედებები, გარკვეულ პირთა სხეულის დაზიანებები (მათ შორის ხ. ც-ს), კ. ქ-ს მიმართ ნაწარმოები არაერთი გასროლა (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნის თანახმად, კ. ქ-ს სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული გულმკერდის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა შესავალი ჭრილობით გულმკერდის წინა ზედაპირზე შუასამედში (ჭრილობა №7-7ა) შედეგად, მარჯვენა ფილტვის, გულისა და აორტის დაზიანებით. კ. ქ-ას სულ მიყენებული აქვს ათი ცეცხლნასროლი და სავარაუდოდ ორი შემხები ცეცხლნასროლი ჭრილობა) და დერეფნის იატაკზე წაქცეული ქ-ია. ამასთანავე გამოკვეთილია მსჯავრდებულთა შორის ურთიერთკავშირი და პოზიციათა მიზანდასახულობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი (დ. და ვ. მ-ი, ლ. კ-ი) საერთოდ უარყოფდა შემთხვევის ადგილზე ყოფნას, ო. რ-ძე არწმუნებდა სასამართლოს, რომ მისი ქმედება იყო დანაშაულის შეტყობინება და პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდათ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულები სრულად და გაცნობიერებულად აღიქვამდნენ მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებს, მათ შეგნებულად დატოვეს შემთხვევის ადგილი ისე, რომ არცერთ მათგანს მომხდარის თაობაზე შეტყობინება არ გაუკეთებია. აღსანიშნავია მათ მიერ შემთხვევის ადგილის დატოვების გარემოებები, სწრაფად მიემართებიან ავტომანქანებისკენ და სწრაფად ტოვებენ შემთხვევის ადგილს ერთმანეთის მიყოლებით; მართალია ვიდეოფირებში მსჯავრდებულების იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა ისინი თავად არ უარყოფენ, როგორც ავტომანქანებით მისვლის, ასევე შემთხვევის ადგილის დატოვების ფაქტს. შესაბამისად ის, რომ მსჯავრდებულები ნამდვილად იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას ოფისის მეოთხე სართულზე, შეესწრნენ დანაშაულებრივ ფაქტებს, რაც გამოიხატა მხარეთა დაპირისპირებაში ცეცხლსასროლი იარაღებით და გარკვეულ პირთა სხეულის დაზიანებაში, რასაც ასევე შედეგად მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება, წარმოშობდა მათი მხრიდან ვალდებულებას მოეხდინათ შეტყობინება ჩადენილი დანაშაულის თაობაზე.
12. შეტყობინებისა და დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობა:
12.1. მსჯავრდებულების - ვ. მ-ის, დ. მ-ს, ო. რ-სა და ლ. კ-ან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დადასტურებულია მათი ყოფნა შემთხვევის ადგილას და აქვთ გაცნობიერებული განზრახვის მართლწინააღმდეგობის შეგნება, სრულად აქვთ ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა და არ არიან რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების წინაშე. საწინააღმდეგო აზრი, რომ ისინი დანაშაულის ადგილიდან წასვლის შემდგომ რაიმე დაუძლეველი ძალის წინაშე იყვნენ საქმეში არაა წარმოდგენილი.
12.2. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ო. რ-მ დაჭრილი ხ. ც-ია გადაიყვანა საავადმყოფოში და ამით ეგონა, რომ მისი მხრიდან განაცხადი იყო გაკეთებული დანაშაულის შესახებ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება არ წარმოადენს პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს, კერძოდ:
12.3. საქმის მასალებით, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N-100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) დადგენილია, რომ ხ. ც-ა მიყვანილია შპს „ა-ში“ 2022 წლის 2 აპრილს, 21:30 საათზე. ამავე ცნობის მე-11 პუნქტის მოკლე ანამნეზში ვკითხულობთ, რომ „პაციენტი მოყვანილია ჩვენს კლინიკაში თანმხლები პირების მიერ, როგორც აღნიშნავენ, მან მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა 10-15 წუთის წინ ...“ აღნიშნული დოკუმენტაციით დადგენილია, რომ ხ. ც-ას მიყვანისას მისმა თანმხლებმა პირებმა განაცხადეს, რომ იგი დაიჭრა 10-15 წუთის წინ, სხვა რაიმე ინფორმაციას თანმხლები პირები სამედიცინო დაწესებულებას არ აწვდიან. საკასაციო სასამართლო 1-ლი ინსტანციის განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ ო. რ-ის მხრიდან ინფორმაცია იყო მხოლოდ დაჭრილი მეგობრის შესახებ, რომ ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო 10-15 წუთის წინ. მან მიაწოდა ინფორმაცია მედ.პერსონალს. მათი დახმარება იმ წუთისათვის სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მის დაჭრილ მეგობარს. ო. რ-ის დანაშაულის შეტყობინების ვალდებულება, შესაძლოა, არ წარმოშობილა დაუყოვნებლივ, ვინაიდან მისთვის სამართლებრივი სიკეთე იმ წუთისათვის იყო მისი მეგობრის - ხ. ც-ას სიცოცხლის გადარჩენა, რაც შეძლო კიდეც, ვინაიდან მან დროულად უზრუნველყო საავადმყოფოში მისვლა, თუმცა მას ჩადენილი დანაშაულების შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვა უკვე მას შემდგომ, რაც დანაშაულები მოხდა და საფრთხე განეიტრალდა, მაგრამ იგი მხოლოდ მეგობრის საავადმყოფოში მიყვანით შემოიფარგლა. ო. რ-ძე დააკავეს ქალაქგარეთ რამდენიმე თვის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში მას არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისათვის, მითუფრო, რომ მისთვის ცნობილი იყო ასევე განსაკუთრებით მძიმე დანასაულის ჩადენის ფაქტიც. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს რესპუბლიკური საავადმყოფოს N864286 შეტყობინებაზე, ინფორმაციის რეგისტრაციის თარიღია 03/04/2022 წელი 14:51. შეტყობინების შინაარსი: „დ. ც-ი - 50 წლის და ხ. ც-ია - 59 წლის უცნობმა პირებმა მიიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ლ-ს მიმდებარე ტერიტორიიდან. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლნასროლი ჭრილობები, ხ. ც-ას აღენიშნება თავის არეში ჭრილობა, დ. ც-ს - ქვედა კიდურში ჭრილობები“. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულება განაცხადს წარადგენს უცნობი პირების მიერ დაჭრილების მიყვანასთან დაკავშირებით და ასევე ყურადსაღებია შეტყობინების შინაარსის ის ნაწილი, რომელშიც მითითებულია, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ადგილია, სავარაუდოდ, ლ-ას მიმდებარე ტერიტორია, რაც სრულად გამორიცხავს ო. რ-ის მითითებას, რომ მან საავადმყოფოს შეატყობინა მომხდარის თაობაზე და ასევე მისი კოორდინატები დატოვა საავადმყოფოში.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. კ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული კ. მ-ან შემთხვევიდან მეორე დღეს ჩატარებული ამოცნობით, რა დროსაც მან ამოიცნო ლ. კ-ი და განმარტა, რომ აღნიშნული პირი იმყოფებოდა ოფისის ოთახის შესასვლელთან, სადაც ცეცხლსასროლი იარაღებიდან გაისროლეს. ის გარემოება, რომ ლ. კ-ი დაპირისპირების დროს იმყოფებოდა ოფისში და მონაწილეობდა დაპირისპირებაში, დგინდება კიდევ ერთი ამოცნობის ოქმით, რა დროსაც გ. ქ-მა ამოიცნო იგი.
14. საკასაციო საჩივარში ადვოკატი ზ. თ-ა აღნიშნავს, რომ არ მიეცა შესაძლებლობა, მოწმის სახით დაეკითხა ის პირი, რომელიც მსჯავრდებულის წინააღმდეგ იძლეოდა ჩვენებას, ასევე ის პირები, რომლებსაც შეეძლოთ მსჯავრდებულთა სასარგებლოდ ჩვენების მიცემა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, რაც დამატებით განმეორებას არ საჭიროებს.
15. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით დ. მ-ის კვალის კონკრეტული ავტომანქანის სახელურზე აღმოჩენას ხსნის იმ ფაქტით, რომ ავტომობილი წარმოადგენდა დ. მ-ის კუთვნილებას, რომელიც შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე გაასხვისა ა. ბ-ზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის აღნიშნული ვერსია ალოგიკურია. ჯერ ერთი, დაცვის მხარემ ვერ ახსნა, კონკრეტულად, როდის და რა ვითარებაში შეიძლებოდა დაეტოვებინა დ. მ-ს ავტომანქანის სახელურზე მისი სისხლის კვალი (რაც დამაჯერებლობას შესძენდა მის ვერსიას); მეორეც, თეორიულად შეუძლებელია ავტომანქანის გამღებ სახელურზე, რომელზეც ხშირი შეხება აქვთ სხვა პირებს, თვეების განმავლობაში დარჩეს კონკრეტული პირის ბიოლოგიური მასალა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის ზედაპირიდან, კარნიზისა და საბურავის ზედაპირიდან ამოღებული სისხლის კვალი ეკუთვნის მ. მ-ს. დადგენილია აგრეთვე, რომ ავტომანქანა BMW სახ.№... იდგა შენობასთან, სადაც მოხდა შემთხვევა და ინციდენტის შემდგომ მ. მ-მ სწორედ აღნიშნული ავტომობილით დატოვა შემთხვევის ადგილი. ამდენად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ. მ-ძე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, სადაც დაპირისპირება მოხდა ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით, რა დროსაც კონკრეტულმა პირებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, ერთი პირი კი გარდაიცვალა. შექმნილ ვითარებაში, ისევე როგორც მ. მ-მ გ. ა-ის დახმარებით, დ. მ-მაც სცადა უსაფრთხოდ დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი და ამ მიზნით დერეფნის ბოლოს მდებარე კარიდან დატოვა შენობა, რა დროსაც რკინის კარზე დარჩა მისი მარცხენა ხელის ცერა თითის კვალი.
16. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს სატელეფონო ანძების ამონაწერით უტყუარად დადგენილ გარემოებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დ. მ-სა და ვ. მ-ის სარგებლობაში არსებული სიმბარათები შემთხვევის დროს ნამდვილად იმყოფებოდა იმ ანძების დაფარვის ზონაში, რომლებიც ემსახურებოდნენ შემთხვევის ადგილს. ალოგიკური და აუხსნელია ვ. მ-ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან შენობაში მომხდარი ფაქტის შესახებ ვერ გაიგო, მაშინ როდესაც შენობაში მოხდა არაერთი გასროლა, ასევე ფანჯარაში გაისროლა შ. გ-მა, ხოლო შენობა დატოვა არაერთმა დაზიანებულმა ადამიანმა. ამასთანავე, თავადვე შეხვდა მომხდართან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულების - ო. რ-ის, დ. და ვ-ს მ-ის, ლ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მათ მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მათი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების - მ. მ-ს, ო. ბ-ას, ხ. ც-ას, გ. ა-ის, ა. ჯ-ის, შ. გ-ის, ზ. ნ-ის, გ. მ-ის, ვ. მ-ისა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ჩანაწერი, ამოცნობის ოქმები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №..., ბიოლოგიურ (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნები და სხვა მტკიცებულებები.
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - ო. რ-სა და ლ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ს, მსჯავრდებულ ო. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ე-ას, მსჯავრდებულების - დ. და ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე