საქმე N 330100123007038640
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №218აპ-24 ქ. თბილისი
ა–ი მ., 218აპ-24 1 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის განაჩენით მ. ა–ი, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (2022 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (2022 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილისთვის (2022 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, მ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
მ. ა–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მასვე 20 (ოცი) წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
მ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 15 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა–მა ჩაიდინა: მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2022 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-8 ნაწილით); მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2022 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-8 ნაწილით).
მ. ა–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის 27 დეკემბერს, ქ. თ–ში, ..........ის ქუჩაზე, N.. კორპუსის სადარბაზოში მ. ა–სმა (M. A–S), მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 8,28 გრამი ნარკოტიკულ საშუალება, გამომშრალი ,,მარიხუანას” შემცვლელი თეთრი ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, 400 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. თ. შ. ს–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
ü 2022 წლის 29 დეკემბერს, ქ. თ–ში, ...........ის ქუჩაზე, N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ა–მა (M. A–S), მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 9,84 გრამი ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანას” შემცვლელი თეთრ გამჭირვალე პოლიეთილენის პაკეტში ერთ ცალად გახვეული, სპეციფიკური სუნის მქონე, მწვანე ფერის გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, 400 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. თ. შ. ს–სზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა–სს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ მ. ა–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ მ. ა–სათვის შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი, რის გამოც, სასჯელი უნდა შემსუბუქდეს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რათა შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
11. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მითითებაზე, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით – სამიდან რვა წლამდე); ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი (ჩადენილი დანაშაულების მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, რაც გამოიხატა ნარკოტიკული საშუალების გავრცელებაში ხელშეწყობით, დანაშაულთა სიმრავლე) და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მ. ა–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და არ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ მ. ა–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი