Facebook Twitter
საქმე N 330100122006568953

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით


საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


საქმე №187აპ-24 ქ. თბილისი
ა–ი ო., 187აპ-24 1 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ხ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოების გათვალისწინებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განაჩენით ო. ა–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.

გაუქმდა მსჯავრდებულ ო. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

მსჯავრდებულ ო. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 30 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებულ ო. ა–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვა – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ა–მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:

ო. ა–მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საერთო წონით – 399,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი” , რასაც 2022 წლის 30 ოქტომბერს, ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, ავტომანქანაში მოთავსებულ სამგზავრო ჩანთაში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თ–ში, ....ის მე-.. შესახვევი, №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ო. ა–ს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ხ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ო. ა–სისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, სახელდობრ, ო. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი. ასევე, სრულად გაითვალისწინეს ო. ა–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელთა შესახებაც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აპელირებს (დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებსა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს; მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

9. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ო. ა–ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ, მას თან ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ინახავდა „ჰონდას“ მარკის ავტომანქანაში, რაც პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ



დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ო. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე


მოსამართლეები: შ. თადუმაძე


ლ. ფაფიაშვილი