Facebook Twitter
საქმე N 210100122005654011

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

№80აპ-24 16 მაისი, 2024 წელი
ბ–ი დ., 80აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ განაჩენი, კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში, უკანონოა და ითხოვს, დ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. კასატორის მტკიცებით, არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არამედ – მხოლოდ მსჯავრდებულის განზრახვა, რომელიც, ბრალდების მხარის მითითებით, მიმართული იყო სწორედ თ. ბ–ს სიცოცხლის მოსპობისაკენ, თუმცა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, იგი სიკვდილს გადაურჩა. კასატორის მოსაზრებით, საყურადღებოა: დაზიანების მიყენების კონკრეტული ვითარება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და დაზარალებულის ჩვენება ცხადყოფს, რომ დ. ბ–მა თ. ბ–ი ისეთ ადგილას დაიბარა, სადაც ხალხი არ მოძრაობდა და ჯიბეში დამალული დანით, ისე მოულოდნელად მიაყენა დაზიანება, რომ განმეორებით დარტყმამდე დაზარალებული ვერ მიხვდა, რა მოხდა; ურთიერთდამოკიდებულება დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის –დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, დ. ბ–ს არარსებული ვალისა და დედამისთან მისი ურთიერთობის გამორკვევა სურდა, თუმცა მსჯავრდებულის დედამ, რომელსაც შეეძლო, ამ საკითხისათვის ნათელი მოეფინა, ჩვენების მიცემაზე უარი თქვა; დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება – მიყენებული ჭრილობის ლოკალიზაცია პირდაპირ მიუთითებს დ. ბ–ს განზრახვაზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა თავიდან მოიშორა დანაშაულის იარაღი და, შესაბამისად, მისი პარამეტრების დადგენა ვერ მოხერხდა, ბუნებრივია, რომ დანა, დანაშაულის ჩამდენში იწვევს სიკვდილის დადგომის გარდაუვალობის განცდას, ხოლო თუ ქმედებას თან ახლავს სურვილი და მის წარმოდგენაში ქმნის შესაძლებლობას, რომ სასურველი შედეგი დადგება, ცალსახად გამოკვეთილია მკვლელობის განზრახვა, რომელიც დ. ბ–მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ აღასრულა, თუმცა იგი დარწმუნებული იყო, რომ შედეგს მიაღწია და დატოვა შემთხვევის ადგილი; დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და ლოკაცლიზაცია – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თ. ბ–ს აღენიშნებოდა მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, წვრილი ნაწლავისა და ჯორჯლის დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რაც ერთობლივად ცხადყოფს, რომ დ. ბ–ს ქმედებაში გამოკვეთილია მკვლელობის განზრახვის ელემენტები და დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა შურისძიების მოტივით, თ. ბ–ს განზრახ მიაყენა მუცლის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ბ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2022 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით, 10:00 საათზე, სიღნაღის რაიონის ქ. წნორში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ბ–მა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა თ. ბ–ს, რომელსაც ზემოაღნიშნული ქმედებით დაუზიანდა წვრილი ნაწლავი და მარცხენა მხარი, თუმცა, დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

3. დ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დ. ბ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ბ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

5.1. 2022 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით, 10:00 საათზე, ს-ს რაიონის ქ. წ–ში, ........ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ბ–მა ურიერთშელაპარაკების ნიადგაზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დანის გამოყენებით, ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ დაუზიანა თ. ბ–ს.

6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანა ცუცქირიძემ, რომელიც ითხოვდა დ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, დ. ბ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ. ბ–სთან დაპირისპირების შემდეგ, თ. ბ–ს აღენიშნებოდა მჩხვლეტავი, მჭრელი საგნით მიყენებული, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება – მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, წვრილი ნაწლავისა და ჯორჯლის დაზიანებით.

12. ბრალდების მხარის მტკიცებით, დ. ბ–მა თ. ბ–ს მიზანმიმართულად, მისი მოკვლის განზრახვით, ხელთნაქონი დანით მიაყენა დაზიანება მუცლის არეში, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, განზრახვა ვერ აღასრულა, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სამხილებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ დ. ბ–ს განზხრახ სურდა თ. ბ–ის სიცოცხლის მოსპობა, რომელიც მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

13. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილი უნდა იქნას: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ – ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განაჩენი №680აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8-9).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მსჯავრდებულის განზრახვის დასადგენად, სააპელაციო სასამართლომ, გარდა დაზარალებულისათვის მუცლის არეში მიყენებული დაზიანების ლოკალიზაციისა და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული მჩხვლეტავი, მჭრელი იარაღისა, მართებულად მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ თ. ბ–ს შემთხვევის შედეგად განზრახ მიყენებული აქვს ერთი ჭრილობა მუცლის არეში. ხაზგასასმელია, რომ თავად დაზარალებულმაც დაადასტურა, რომ მუცლის არეში ჭრილობის მიყენების შემდეგ სწორედ მან აუქნია ხელი მსჯავრდებულს, რა დროსაც შემთხვევით გაეკაწრა მხარი; დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ დ. ბ–ს ობიექტურად არაფერი უშლიდა ხელს, გაეგრძელებინა დანაშაულებრივი ქმედება და, შესაბამისად, აღესრულებინა თ. ბ–ს მოკვლის განზრახვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ერთი ჭრილობის მიყენების შემდეგ, მსჯავრდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო დაზარალებული კუთვნილი ავტომანქანით, თავისი ფეხით მივიდა საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების მისაღებად, რაც, ერთობლივად შეფასებისას, საეჭვოს ხდის ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ დ. ბ–ს სურდა თ. ბ–ს მკვლელობა, მაგრამ განზრახვის აღსრულება ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, მათ შორის – ბრალადშერაცხილი დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური ნიშნების გონივრულ ეჭვს მიღმა დამტკიცება, სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების უტყუარი და საკმარისი ერთობლიობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დ. ბ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა მჩხვლეტავი, მჭრელი საგნის გამოყენებით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა თ. ბ–ს, ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ იგი დაზარალებულის მოკვლის განზრახვით მოქმედებდა.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



ლ. ფაფიაშვილი