Facebook Twitter
საქმე N 330100123007118617

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №305აპ-24 ქ. თბილისი
ბ–ი დ., 305აპ-24 30 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ს. კ–სა და რ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ბ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ს. კ–მ და რ. ს–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით და სასჯელის განსაზღვრას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, შემდეგი საფუძვლებით: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ დ. ბ–ს მიმართ კანონიერად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, ხოლო სააპელაციო პალატამ კი, არასწორად განმარტა მითითებული მუხლის დანაწესი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება არ ეწინააღმდეგება აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, დ. ბ–მა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრული შემადგენლობის შერჩევამდე, საქმის არსებით განხილვამდე აღიარა ბრალად შერაცხილი ქმედება, უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის გაგრძელებასა და საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დ. ბ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციური დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წლითა და 9 (ცხრა) თვით
თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

გაუქმდა დ. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

დ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 20 იანვრიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ–მა ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

დ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის 19 იანვარს, დ. ბ–სმა შეიტყო, რომ მისი მეუღლე თ. უ–ე ურთიერთობდა ბ. თ–სესთან. აღნიშნული საკითხის გასარკვევად იგი დაუკავშირდა ბ. თ–ს და სთხოვა შეხვედრა. იმავე დღეს, საღამოს საათებში, დ. ბ–ი, მეუღლესთან ერთად, თავის მართვის ქვეშ მყოფი „BMW X6-ის” (სახელმწიფო სანომრე ნიშნით .........) ფირმის ავტომანქანით შეხვდა ბ. თ–სეს, რომელთან ერთადაც გაემართა ქ.თ–ში, მ–ს ქუჩაზე მდებარე ........ს სასაფლაოს მიმართულებით, სადაც დაახლოებით 22:00 საათზე ავტომანქანა შეაჩერა და ბ. თ–სთან დაიწყო საკითხის გარკვევა. საუბრისას დ. ბ–სმა მისგან ვერ მიიღო დამაჯერებელი პასუხი და დარწმუნდა, რომ მას მის მეუღლესთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, რის გამოც, განაწყენებულმა მისი მოკვლა განიზრახა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, დ. ბ–მა ამოიღო „მაკაროვის“ კონსტრუქციის №............ პისტოლეტი და პირდაპირი დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა ბ. თ–სეს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

ü 2023 წლის 19 იანვარს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩაზე მდებარე ........ს სასაფლაოს მიმდებარედ დ. ბ–სის მიერ ბ. თ–ს განზრახ მკვლელობის გამო შეშინებული თ. უ–სე გადავიდა „BMW X6-ის” (სახელმწიფო სანომრე ნიშნით .......) ფირმის ავტომანქანიდან და გაიქცა. დ. ბ–ი მას გამოედევნა, დაეწია, მიიჩნია, რომ მის მეუღლეს როგორც ქალს არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების მიზნით, „მაკაროვის“ კონსტრუქციის №......... პისტოლეტიდან მარჯვენა ხელში რამდენჯერმე ესროლა.

ü 2023 წლის 19 იანვარს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩაზე, .........ს სასაფლაოს მიმდებარედ, დ. ბ–ი, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „მაკაროვის“ მოდელის პისტოლეტსა და ამ ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ საბრძოლო ვაზნებს. 2023 წლის 20 იანვარს, ქ.თ–ში, .............–ს ქუჩა №........., ბინა N...-ში ჩატარებული დ. ბ–ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 9 მმ კალიბრიანი, №........ პისტოლეტი, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულ დ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან, იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, რადგან დ. ბ–მა ბრალი აღიარა მხოლოდ სასამართლო განხილვის დასკვნით ეტაპზე, რაც ვერ იქნება მიჩნეული გამოძიებასთან თანამშრომლობად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

დ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 20 იანვრიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით მისთვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება არ ეწინააღმდეგება აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: №305აპ-21; N 669აპ-22; N 888აპ-21)

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დ. ბ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის მხოლოდ დასკვნით ეტაპზე აღიარა დანაშაული, კერძოდ: წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დ. ბ–მა, გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულის გამოკითხვის 2023 წლის 21 იანვრის ოქმის თანახმად, წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა დუმილის უფლება. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თავდაპირველად საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რის შემდეგაც, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის რამდენიმე სხდომის ჩატარების შემდეგ, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვაზე და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია (იხ. სასამართლო სხდომის 2023 წლის 18 სექტემბრის ოქმი), ხოლო 2023 წლის 21 სექტემბერს აღიარა დანაშაულები (იხ. სასამართლო სხდომის 2023 წლის 21 სექტემბრის ოქმი). ამდენად, დ. ბ–მა ჩადენილი დანაშაულები მხოლოდ დასკვნით სხდომაზე აღიარა. ბრალის აღიარება მხოლოდ სასამართლო განხილვის დასკვნით ეტაპზე კი ვერ იქნება მიჩნეული გამოძიებასთან თანამშრომლობად საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის და არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის თვითკმარ სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: 878აპ-22, 444აპ-23).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ს. კ–სა და რ. ს–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი