Facebook Twitter
საქმე N190100122006011640



საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


საქმე №38აპ-24 ქ. თბილისი
გ–ი გ., 38აპ-24 15 მაისი, 2024 წელი


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი


ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილისა და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ლაშა მერაბიშვილმა და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ–მა.

2. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას, გ. გ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადშერაცხილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გ. გ–ს ბრალეულობის საკითხის გამორკვევისას, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილები – დანაშაულის შესახებ შეტყობინებები, შემაკავებელი ორდერი და მოწმე მზია მანთაშოვას ჩვენება – რომლებიც საფუძვლად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მის მსჯავრდებას.

3. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო სხვა ნაწილში, განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდება უკანონოა, რადგან არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებას საფუძვლად დაედო მოწმეების – მ. მ–სა და კ. შ–ს ჩვენებები და შეტყობინებები, რომელთა წყარო არის დაზარალებული მ. მ–სი, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ნომრიდან – ............. – დაფიქსირდა ზარები ნომერზე – ..........., თუმცა არა – ..........-ზე, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, ეკუთვნის მ. მ–ს და, შესაბამისად, ვერ დგინდება, ვის ურეკავდა სადავო დროს გ. გ–ი.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ–ს, – დაბადებულს 19.. წლის 31 მაისს, – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. 2022 წლის 21 ივნისს, დაახლოებით, 08:20 საათზე, გ. გ–მა მობილური ტელეფონის ნომრიდან – ... .. .. .., დაურეკა ყოფილ მეუღლეს – მ. მ–ს, მობილურ ტელეფონის ნომერზე – ... .. .... – და უსაყვედურა პოლიციაში დარეკვის გამო, რითაც არ შეასრულა 2022 წლის 21 ივნისს, 05:10 საათზე, გამოცემული №...... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება, მსხვერპლთან – მ. მ–სთან – არ ჰქონოდა კომუნიკაცია ტელეფონის გამოყენებით.

4.2. 2022 წლის 21 ივნისს, დაახლოებით, 08:20 საათზე, გ. გ–მა მობილური ტელეფონის ნომრიდან – ... .. .. .. , დაურეკა ყოფილ მეუღლეს – მ. მსს, მობილურ ტელეფონის ნომერზე – ... .. .. .. და პოლიციაში დარეკვის გამო, უთხრა, რომ ღორივით გამოსჭრიდა ყელს, რის გამოც, მ. მ–სს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. გ. გ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენით გ. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განაჩენით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა და, საბოლოდ, გ. გ–ს მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვდა გ. გ–სის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ–მა, რომელიც ითხოვდა სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთ მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა გ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა, კერძოდ:
12. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით ხაზგასასმელია, რომ დაზარალებულმა მ. მ–მა სასამართლოს არ მისცა გ. გ–სის მამხილებელი ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმე მ. მ–ს ჩვენების მიხედვით, მას არ გაუგია, რის შესახებ ესაუბრებოდა გ. გ–ი მის ქალიშვილს და არც მ. მ–სს უთქვამს რამე სატელეფონო მუქარასთან დაკავშირებით, ხოლო მოწმე კ. შ–ს ჩვენება, რომელმაც გამოსცა გ. გ–ს მიმართ შემაკავებელი ორდერი, მუქარის ბრალდებასთან მიმართებით, არაფრისმთქმელია; რაც შეეხება შემაკავებელი ორდერის ოქმს, რომელზეც ასევე აპელირებს ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში, ხაზგასასმელია, რომ ორდერში გაცხადებული ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა არ უკავშირდება ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალადშერაცხილ ქმედებას, რომლის ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავებოდა გ. გ–ს, კერძოდ, №.......... შემაკავებელი ორდერის ოქმი შედგენილია 2022 წლის 21 ივნისს, 03:26 საათზე, ხოლო ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დაზარალებულის მიმართ მუქარა ჩადენილია 2022 წლის 21 ივნისს, დაახლოებით, 08:20 საათზე, რისი გათვალისწინებითაც, ვერც შემაკავებელი ორდერი დაედება საფუძვლად გ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებას.
13. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად დაზარალებულ მ. მ–ს მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოადგინა სხვა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობით სარწმუნოდ დასტურდება გ. გ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს ამ სამხილების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ: 2022 წლის 21 ივნისს გამოცემული №...... შემაკავებელი ორდერის ოქმითა და მოწმე კახა შაშიაშვილის ჩვენებით დადგენილია, რომ გ. გ–სს 30 დღით ჰქონდა აკრძალული მ. მ–სთან ნებისმიერი კომუნიკაცია, ხოლო ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ, მიუხედავად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებებისა, გ. გ–სი 2022 წლის 21 ივნისს ტელეფონის ნომრიდან – .........., ტელეფონის ნომერზე – ......... არაერთხელ დაუკავშირდა მ. მ–ს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, თითქოსდა, საქმის მასალებით ვერ დგინდება, რომ ტელეფონის ნომრით – .........., რომელზეც შემთხვევის დღეს რეკავდა გ. გ–სი, ნამდვილად ეკუთვნოდა დაზარალებულ მ. მ–ს, რამეთუ საპირისპიროს მტკიცება გამომდინარეობს დაზარალებულის დედის, მოწმე მზია მანთაშოვას ჩვენებიდან, რომელმაც დაადასტურა, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიუხედავად, გ. გ–მა მეორე დილით მაინც დაურეკა მის ქალიშვილს და ესაუბრა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – კანონიერია და არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების რაიმე წინაპირობა.
14. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილისა და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



ლ. ფაფიაშვილი