საქმე N 330100122006480417
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1238აპ-23 ქ. თბილისი
გ–ი გ., 1238აპ-23 13 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს–მა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან გ. გ–ს ბრალეულობა არ დადასტურებულა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდების მხარემ დაარღვია წინასასამართლო სხდომაზე გაცხადებული პირობა, რომ დაკითხავდა მოწმეებს და გამოიკვლევდა ვიდეოჩანაწერებს, რომლითაც დაადასტურებდა ბრალდებას, რამეთუ მოწმეთა უმრავლესობა, მათ შორის – ტაქსის მძღოლი, გ. ხ–ი, დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა, ხოლო ვიდეოჩანაწერი – არ გამოუკვლევია. მნიშვნელოვანია, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ დადასტურდა მსჯავრდებულის კავშირი შემთხვევის ადგილთან, პროკურორმა სასამართლოში წარმოადგინა არა მტკიცებულების, არამედ – ცნობის სახით, რითაც საფუძველი გამოაცალა გ. გ–ს უდანაშაულობის მტკიცებას. სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა დაზარალებულ ე. მ–სას ჩვენება, რომელიც ეწინააღმდეგება გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიცემულ განმარტებებს და, ამავდროულად, ფიზიკურად შეუძლებელია იყოს სიმართლე. კანონის დარღვევით გამოქვეყნდა მოწმე ე. ს–ს გამოკითხვის ოქმი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფორმა №100-ის საფუძველზე, რომელიც გაცემული იყო 2022 წლის 22 დეკემბერს. გამოძიებას არ ამოუღია თავდასხმის შედეგად გატაცებული ნივთები, რაც ერთობლივად შეფასებისას ცხადყოფს, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი გ. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ–ს, – დაბადებულს 19.. წლის 4 დეკემბერს, – ბრალად დაედო ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:25 საათზე, გ. გ–ი დაზარალებულ ე. მ–სას შეჰყვა ქ. თ–ში, ფ–ში, სადგურის ქუჩის №..-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში, სადაც იარაღის გამოყენებით თავს დაესხა ე. მ–სას და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით ყელიდან ჩამოჰგლიჯა სამი ოქროს ყელსაბამი, ხელიდან მოხსნა ოთხი ოქროს ბეჭედი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. გ–ს ქმედების შედეგად დაზარალებულ ე. მ–ს მიადგა – 6080 ლარის მატერიალური ზიანი.
3. გ. გ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ს–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი გ. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რამეთუ მისი ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულ ე. მ–ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით, რომელიც არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ერთმნიშვნელოვნად ამხელს გ. გ–ს მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში. აღსანიშნავია, რომ ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით დადგენილა რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა დაებრალებინა ე. მ–ს ესოდენ მძიმე, არჩადენილი დანაშაული გ. გ–სათვის, რომელსაც, დადგენილია, რომ შემთხვევამდე არ იცნობდა და, შესაბამისად, არ არსებობს მისი ჩვენების ობიექტურობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი. ე. მ–ს მონათხრობი, რომ 2022 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:25 საათზე, თავისი კორპუსის სადარბაზოში შეყვა გ. გ–ი, რომელმაც იარაღის მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გასტაცა ოქროს ნივთები და ხელჩანთა, თანხვდენილია და დასტურდება მოწმე ე. ს–ს მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიცემულ განმარტებებთან, რომელიც გამოქვეყნდა კანონის დაცვით და ცხადყოფს, რომ შემთხვევის დროს იგი იმყოფებოდა სწორედ იმ სადარბაზოსთან, რომელშიც თავს დაესხნენ ე. მ–ს და დაინახა, რამდენიმეწამიანი შუალედით, როგორ შეჰყვა დაზარალებულს სადარბაზოში კაპიუშონიანი მამაკაცი, რომელიც მალევე გამოვარდა უკან, ხელში ჩანთით. მას კივილით მისდევდა უკან ე. მ–სა, რომელიც ითხოვდა ჩანთის დაბრუნებასა და პოლიციის გამოძახებას. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეთა ნაწილის მოხსნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა ვერაფრით შეფასდება დაცვის სასარგებლო მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. მხარეებს ჰქონდათ თანასწორი შესაძლებლობა, მოეპოვებინათ და წარმოედგინათ მტკიცებულებები, გამოეთქვათ საკუთარი და გაექარწყლებინათ საპირისპირო მხარის მოსაზრებები, ჰქონოდათ პოზიციები როგორც თავისი, ისე – მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სამხილებთან მიმართებით. დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, ჩაეტარებინა სასურველი საექსპერტო კვლევა ან/და დასაკითხ პირთა სიაში შეეყვანა ის მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც, დაცვის მტკიცებით, ხელს შეუწყობდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის №920აპ-21 განჩინება, პუნქტი 13). ამდენად, გ. გ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერი და სამართლიანია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ს–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი