Facebook Twitter
საქმე N 330100122006223716

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


№59აპ-24 ქ. თბილისი
დ–ა ლ., 59აპ-24 20 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და ლ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა. კასატორის მტკიცებით, დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ ორ საკითხს – იყო თუ არა ამოღებული პისტოლეტი ცეცხლსასროლი იარაღი და ეკუთვნოდა თუ არა იგი ლ. დ–ს – დადებითი პასუხი გაეცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა – გ. ი–მა, ს. კ–მა, თ. ბ–მ და დ. კ–მა დაადასტურეს, რომ აღმოჩენილი და ამოღებულია პისტოლეტი, ბრალდებულის ოჯახის წევრების განმარტებით, ეკუთვნოდა ლ. დ–ს, რაც მითითებულია ჩხრეკის ოქმშიც. ჩხრეკის დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერი კი ცხადყოფს, რომ ლ. დ–ს მშობლებს (რომლებმაც აღარ მისცეს ჩვენებები სასამართლოს) ჩხრეკის მიმდინარეობისას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამთ და განმარტეს, რომ ამოღებული იარაღი ეკუთვნოდა მათ შვილს. სასამართლომ, გადაწყვეტილების მოტივაციისას, აღნიშნა, რომ ჩხრეკის ვიდეოჩანაწერში არ იყო ასახული ლ. დ–ს ოჯახის წევრების განმარტება პისტოლეტის კუთვნილებასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვიდეოჩანაწერში უნდა იყოს ასახული საგამოძიებო მოქმედების უკლებლივ ყველა დეტალი, რომელიც ჩხრეკის ოქმში იქნება მითითებული, რაც, ერთი მხრივ, ობიექტურად შეუძლებელია, ხოლო, მეორე მხრივ, აზრს უკარგავს თავად საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენის აუცილებლობას. ამავდროულად, სასამართლომ საერთოდ აღარ იმსჯელა მხარეებს შორის სადავოდ გამხდარ მეორე საკითხზე, არ შეაფასა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნები, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული კვლევებით, ამოღებული პისტოლეტის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიისათვის მიკუთვნების საკითხი, ურთიერთსაპირისპიროდ იყო გადაწყვეტილი.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. დ–ს, – დაბადებულს 19.... წლის .., – ბრალად დაედო: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. ლ. დ–მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2022 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, ქ. თ–ში, ....ს ქუჩის №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, სროლისათვის ვარგის, კუსტარულად გადაკეთებულ ,,BLOW TR 17“ მოდელის, 9 მმ ნომინალურ კალიბრიან ,,.........“ პისტოლეტს, რომელიც ამოღებულია მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

3. ლ. დ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 2023 წლის 17 მარტის განაჩენით ლ. დ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 2023 წლის 17 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და ლ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 2023 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო ან დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა ლ. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა. ამასთან სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დასაბუთებული პასუხები გასცა აპელანტის – ბრალდების მხარის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, კერძოდ:

10. სადავოდ არ გამხდარა, რომ 2022 წლის 9 აგვისტოს, ქ. თ–ში, ..ის ქუჩის №..-ში არსებულ ი. დ–ს საცხოვრებელ სახლში, ჩატარდა ჩხრეკა, რომელშიც მონაწილეობდნენ: დ. კ–ი, ს. კ–ი, გ. ი–ი, ი. ს–ა, მ. ც–ე და თ. ბ–ე. ჩხრეკის შედეგად მ. ც–ს საძინებელ ოთახში არსებული ტანსაცმლის კარადიდან ამოღებულია ,,BLOW TR 17“ მოდელის პისტოლეტი ნომრით „...............”. იმ გარემოების დასადგენად, ი. დ–ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტი მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ეკუთვნოდა თუ არა ლ. დ–ს, სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა პოლიციის თანამშრომელთა – გ. ი–ს, თ. ბ–ს,დ. კ–სა და ს. კ–ს ჩვენებები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და მისი ავტორის, ექსპერტ გ. კ–ს ჩვენება.

11. აღსანიშნავია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა – გ. ი–მა, თ. ბ–მ, ს. კ–მა და დ. კ–მა – დაადასტურეს, რომ მ. ც–ს საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან ამოღებულ პისტოლეტთან დაკავშირებით, მ. ც–მ განმარტა, რომ პისტოლეტი ეკუთვნოდა მის შვილს – ლ. დ–ს, რაც ასევე ასახულია საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმშიც. მოწმე პოლიციელების ჩვენებების მიხედვით, სახლის ჩხრეკა გადაღებულია მობილური ტელეფონის ვიდეორეჟიმით, რომელიც ცხადყოფს, რომ მ. ც–მ მისი საძინებლიდან ამოღებულ პისტოლეტზე ნამდვილად განაცხადა, რომ ეკუთვნოდა მის შვილს – ლ. დ–ს. აქვე ხაზგასასმელია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებასთან მიმართებით, მოწმეთა ზემოაღნიშნული მტკიცება აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ ნეიტრალურ მტკიცებულებას – სახლის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერს – რომელშიც არ არის ასახული მ. ც–ს სადავოდ გამხდარი განმარტება, რომლის შინაარსს, მხარეების ურთიერთსაპირისპირო განმარტებების კვალდაკვალ, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და იქიდან გამომდინარე, რომ თავად მ. ც–მ, ისევე, როგორც – ი. დ–მ ისარგებლეს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, მტკიცებულებების შეფასების შედეგად გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ლ. დ–ს სასარგებლოდ. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელმაც იმ ვითარებაში, როდესაც უტყუარად ვერ დადასტურდა ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთთან ლ. დ–ს კავშირი, არ მიიჩნია საჭიროდ ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ ჩატარებულ ბალისტიკურ ექსპერტიზებზე სიღრმისეული მსჯელობა, რომელთა კვლევის ძირითადი საგანი იყო ამოღებული ნივთის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიისათვის კუთვნილების საკითხი.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვასაძე


მოსამართლეები: შ. თადუმაძე


ლ. ფაფიაშვილი