Facebook Twitter

საქმე # 080100123006982145

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№13აპ-24 ქ. თბილისი

კ–ე დ., 13აპ-24 30 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – ი. მ–ს, გ. ფ–ს, დ. და ო. კ–ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ–ს, მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა–სა და მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ–მის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულების – ი. მ–ს, გ. ფ–ს, დ. და ო. კ–ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ–მ, მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა–მ და მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ხ–მ, რომლებიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელების შემსუბუქებას, რადგან მიიჩნევენ, რომ მათ ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, გამოყენებული სასჯელები ზედმეტად მკაცრია, კერძოდ, მსჯავრდებულების – ი. მ–ს, გ. ფ–ს, დ. და ო. კ–ების ადვოკატის მითითებით, მსჯავრდებულები არ ყოფილან წარსულში ნასამართლევი, გამოძიების ეტაპიდანვე აღიარებდნენ ჩადენილს, სასამართლოში თავი სრულად ცნეს დამნაშავეებად და უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფ მართლმსაჯულებას, ამავდროულად – ო. კ–ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, ი. მ–ს 21 წლამდე სტუდენტია, რომელზეც ვრცელდება ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, ხოლო დ. კ–ე – სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც წლების განმავლობაში პირნათლად ასრულებდა სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ მოვალეობას; მსჯავრდებულ ს. ბ–ს ადვოკატის მითითებით, ს. ბ–ე, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იყო 19 წლის, არ არის ნასამართლევი, გამოძიების დაწყებისთანავე აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ ქმედებას, სრული მოცულობით უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც დაზოგა სასამართლოს, სახელმწიფოსა და, ზოგადად, ადამიანური რესურსები; მსჯავრდებულ ვ. ა–ს ადვოკატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ აღნიშნა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: დანაშაულის აღიარება და მონანიება, ისევე, როგორც – მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, ხსენებულმა გავლენა ვერ მოახდინა შეფარდებული სასჯელის ზომაზე, რამეთუ გამოყენებულია უმკაცრესი სასჯელი; დაცვის მხარე ერთხმად აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ. მ–ს არ აქვს მსჯავრდებულების მიმართ პრეტენზია და მსუბუქი სასჯელების გამოყენებას ემხრობა, ხოლო დაზარალებულ გ. ჩ–ს უფლებამონაცვლემ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულები მიისწრაფოდნენ შერიგებისა და ზიანის ანაზღაურებისაკენ.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით: ს. ბ–ს, – დაბადებულს 2003 წლის 1 დეკემბერს, – ი. მ–ს , – დაბადებულს .... წლის .., – დ. კ–ს, – დაბადებულს .... წლის ..., – ო. კ–ს, – დაბადებულს .... წლის ..., – გ. ფ–ს, – დაბადებულს... წლის ..., – და ვ. ა–ს, – დაბადებულს .... წლის ..., – მსჯავრი დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯათ, თითოეულს – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ბ–მ, ი. მ–მა, დ. კ–მ, ო. კ–მ, გ. ფ–მ და ვ. ა–მ ჩაიდინეს: ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2022 წლის 17 დეკემბერს ს. ბ–ე, ი. მ–ს, დავით და ო. კ–სეები, გ. ფ–ს, ვ. ა–სე და სხვა პირები იმყოფებოდნენ ქ. ხ–ში, ა–ს ქუჩის №....-ში მდებარე დ. და ო. კ–ების საცხოვრებელ ბინაში, აღნიშნავდნენ დ. კ–ს დაბადების დღეს და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. იმავე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მ. მ–ს საცხოვრებელი ბინის წინ, ღია აივანთან, ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ – მ. მ–ს, გ. ჩ–ე, გ. ჩ–ე და სხვა პირები.

3.2. დაახლოებით, 21:00 საათზე, ეზოში ჩავიდნენ ი. მ–ს და ს. ბ–ე, რომლებსაც კამათი მოუხდათ მ. მ–სა და გ. ჩ–სთან. კამათის დროს, დ. კ–სესთან ერთად ეზოში ჩავიდნენ ვ. ა–სე, ო. კ–ე, ასევე – გ. ფ–ს და გ. კ–ე, რის შემდეგაც, კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც დავით და ო. კ–ები, ვ. ა–ე, ი. მ–ს, გ. ფ–ს, ს. ბ–ე და გ. კ–ე, ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად, უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ფეხებითა და ხელებით სხეულის სხვადასხვა არეებში სცემეს მ. მ–სა და გ. ჩ–ს, რომლებსაც აგინებდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას, რაც გაგრძელდა 10-15 წუთს. ყვირილის გამო, ეზოში შეიკრიბნენ მაცხოვრებლები და გააშველეს ისინი.

3.3. იმავე დღეს, დაახლოებით, 23:00 საათზე, დ. კ–მ, ვ. ა–მ, ო. კ–მ, ი. მ–მა, ს. ბ–მ, გ. ფ–მ და სხვებმა, მ. მ–ს აივანთან კვლავ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, რა დროსაც ფეხებითა და ხელებით, სხეულის სხვადასხვა არეებში სცემეს მ. მ–სა და გ. ჩ–ს, რომლებსაც აგინებდნენ და აყენებდნენ შეურაცხმყოფას, რაც, ამჯერად გაგრძელდა, დაახლოებით, 10 წუთს. ყვირილის გამო ეზოში შეიკრიბნენ მაცხოვრებლები და გააშველეს ისინი.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულების – ი. მ–ს, გ. ფ–სს, დ. და ო. კ–ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ხ–მ, მსჯავრდებულ ვ. ა–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა–მ და მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ხ–მ, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელების შემსუბუქებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. კასატორების მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვით, სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97), რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელები, რომელთა შემსუბუქება, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას და, შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი.

9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – ი. მ–ს, გ. ფ–ს, დავით და ო. კ–ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ხ–ს, მსჯავრდებულ ვ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა–სა და მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი