Facebook Twitter

საქმე # 180100121004964905

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №220აპ-24 ქ. თბილისი

მ–ე დ., 220აპ-24 23 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძისა და მსჯავრდებულ დ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ, ასევე მსჯავრდებულმა დ. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ–მ.

ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და დ. მ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან; ბრალდების მხარის მოწმეებისა და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგოა, რის გამოც, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ისინი; ამასთან, ჩვენებები მოპოვებულია პროკურორის ზეწოლის შედეგად; სასამართლომ არასწორად შეაფასა და განმარტა მოწმეთა ჩვენებები და საქმეში წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებები; ბრალდების მხარემ გააყალბა მტკიცებულებანი; ამდენად, განაჩენი არ ემყარება სარწმუნო, დამაჯერებელ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა; ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, თვითმხილველი მოწმის – გ. ნ–ს ჩვენებით, ასევე დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის – ს. ბ–ს ჩვენებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ დ. მ–მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება, განზრახ მკვლელობის მცდელობა; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულ ა. ნ–ს ჩვენება, რომელმაც სასამართლოს, მსჯავრდებულის ადვოკატის ზემოქმედების შედეგად, მიაწოდა დ. მ–ს სასარგებლო, არასწორი ინფორმაცია, მაშინ, როდესაც იგი გამოძიების მთელ პერიოდში მკვლელობის მცდელობაში ამხელდა მას; დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არის ერთმანეთთან შეუსაბამო, არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. მ–ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის 9 მაისს, 19:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. დ–ში, მ. კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ა. ნ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მთვრალმა დ. მ–მ ა. ნ–ს გულმკერდის მიმართულებით რამდენჯერმე მოუქნი ახელთნაქონი დანა, თუმცა განზრახვის აღსრულება ვერ შეძლო, რადგან რამდენჯერმე მოქნეული დანა ა. ნ–მ მოიგერია მარცხენა ხელით, რომელზეც დ. მ–მ მიაყენა ორი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ კი, გ. ნ–მ დ. მ–ს დანა წაართვა, რითაც ხელი შეუშალა ა. ნ–ს განზრახ მოკვლაში.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენით დ. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დ. მ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

დ. მ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 10 მაისიდან.

გაუქმდა დ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. მ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვისა და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ დ. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის – დაზარალებულ ა. ნ–ს, მოწმეების: ქ. ტ–ს, ნ. ბ–ს, გ. ნ–ს, მ. ნ–ს, მ. პ–ს, გ. კ–ს, ზ. უ–ს ზ. ბ–ს, დ. თ–ს, ნ– მ–ს, ტ. ტ–სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 9 მაისისა და განმეორებით დათვალიერების 2021 წლის 10 ივლისის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 10 მაისის ოქმით, 2021 წლის 10 მაისის ამოღების ოქმით, დ. მ–ს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N......... დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნით, დაზარალებულ ა. ნ–ს სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N.......... დასკვნით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. მ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

9. მოცემულ შემთხვევაში დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა; გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი მხარეთა ყველა ძირითად არგუმენტზე.

10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დოლაკიძისა და მსჯავრდებულ დ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი