საქმე N 020100123007331560
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №265აპ-24 ქ. თბილისი
მ–ა მ., 265აპ-24 24 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძისა და მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ და მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ–მ.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას მ. მ–ს გამტყუნების ნაწილში და მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ან მ. მ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში არსებულ მტკიცებულებები და გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მ. მ–ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში, მაშინ, როცა შესაძლებელი იყო მისი გამართლება ბრალდების ყველა ეპიზოდში; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა დაზარალებულისა და მისი დის არასანდო და მიკერძოებული ჩვენებები; გამოძიებამ არ ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზები, რაც მეტ სიცხადეს შეიტანდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად; სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ დაზარალებული ითხოვდა ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას, ხოლო ბრალდებული წარსულში არ იყო ნასამართლევი.
ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას მ. მ–ს გამართლების ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ. მ–ს მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. გარდა დაზარალებულისა, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულისა და ბრალდებულის შვილი – დ. მ–ა, რომელმაც განმარტა, რომ მამა უმიზეზოდ ეჩხუბებოდა დედას. მართალია, დ. მ–ს უშუალოდ მუქარისა და 2022 წლის მაისის თვეში მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებზე არ უსაუბრია, მაგრამ დაზარალებულის ჩვენების სანდოობისა და თანმიმდევრულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს. რაიმე სახის დაინტერესება დაზარალებულის მხრიდან მ. მ–ს მიმართ არ გამოკვეთილა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. მ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
მ. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის მაისის ბოლოს, საღამოს საათებში, ქ. ზ–ში, ქ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, მ. მ–მ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ა. ტ–ს, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, მისი აღქმით, ა. ტ–ს მიერ საოჯახო საქმეების არასათანადო შესრულების გამო, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, რის გამოც, იგი წაბორძიკდა და დაეცა. მ. მ–ს წაქცეულ ა. ტ–ს ურტყამდა ხელებსა და ფეხებს ტანისა და თავის არეში. აღნიშნული ძალადობის შედეგად, ა. ტ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 1 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. ზ–ში, ქ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, მ. მ–მ ყოფილ მეუღლეს – ა. ტ–ს, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის, დ. მ–ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი მოუჭირა კისერზე, სხეულზე შეასხა ჟანგის მოსაცილებელი სითხე, თმით ათრია, იატაკზე დააგდო და ხელზე უკბინა, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 1 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. ზ–ში, ქ–ს ქუჩის №.., ბინა №..-ში, მ. მ–ს ყოფილ მეუღლეს – ა. ტ–ს, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2023 წლის 3 აპრილს, დილის საათებში, ქ. ზ–ში, ქ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. მ–სმ ყოფილ მეუღლეს – ა. ტ–ს, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის – დ. მ–ას თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ერთხელ დაარტყა გულ-მკერდის არეში და წიხლი ჰკრა, რის შედეგადაც, ა. ტ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 3 აპრილს, დილის საათებში, ქ. ზ–ში, ქ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. მ–ს ყოფილ მეუღლეს – ა. ტ–ს, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, მისი და თავიანთი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა. ტ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა მას და დ. მ–ს.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მ. მ–ს, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 აპრილის და 3 აპრილის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
მ. მ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. მ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
მსჯავრდებულ მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 10 აპრილიდან.
გაუქმდა მ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება მსჯავრდებულის გამტყუნების ნაწილში და მ. მ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება მ. მ–ს გამართლების ნაწილში და მის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მხარეები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, ვინაიდან მ. მ–ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2023 წლის 1 აპრილის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, დაზარალებულ ა. ტ–ს ჩვენების გარდა, ასევე დადასტურებულია: არასრულწლოვანი მოწმის დ. მ–ს ჩვენებით, მოწმეების – შ. ტ–სა და ნ. ღ–ს ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის №......... დასკვნით, დაზარალებულ ა. ტ–ს სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით, განსხვავებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 აპრილის და 3 აპრილის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებისგან.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111; 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 აპრილის და 3 აპრილის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში მ. მ–ს გამართლების თაობაზე და უთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის ფაქტს, კერძოდ: სახელმწიფო ბრალმდებელმა, გარდა დაზარალებულ ა. ტ–ს ჩვენებისა, ვერ წარმოადგინა სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. მ–ს მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა (2022 წლის მაისის ეპიზოდი) და მუქარის ფაქტებს. ამასთან, მართალია, დაზარალებულმა მუქარის ნაწილში განმარტა, რომ მას მ. მ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე – შვილის მოკვლით, რის შედეგადაც, განიცადა მისი განხორციელების რეალური შიში, მაგრამ მისი ჩვენება ამ ნაწილში არ დასტურდება შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირის, არასრულწლოვანი მოწმის – დ. მ–ს ჩვენებით, რომელსაც მუქარის ფაქტის შესახებ არ მიუთითებია. გარდა ამისა, დაზარალებულის ჩვენება არ შეესაბამება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულის დის – შ. ტ–ს ჩვენებას, რომელმაც დაზარალებულისგან სრულიად განსხვავებულად განმარტა მ. მ–ს მიერ დამუქრების ფაქტები, კერძოდ, მან მიუთითა, რომ დაზარალებულის განმარტებით, მ. მ–მ ა. ტ–ს სოციალურ ქსელ ,,......ის" საშუალებით გაუგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინებები. ამდენად, 2022 წლის მაისის ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ ადასტურებს მ. მ–ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 აპრილის და 3 აპრილის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.
11. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მ. მ–ს, სასჯელის განსაზღვრის ზოგადსავალდებულო გარემოებებისა და სასჯელის მიზნების მხედველობაში მიღებით, როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა ერთობლიობით, განუსაზღვრა კანონით დადგენილი სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც, მისი შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
12. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში აპელირებენ კასატორები, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, მხარეები საჩივრებში არ უთითებენ.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძისა და მსჯავრდებულ მ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი