Facebook Twitter

საქმე # 330140022006298407

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №260აპ-24 ქ. თბილისი

მ–ე მ., 260აპ-24 24 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ–სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. მ–მ და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა.

ü მსჯავრდებული მ. მ–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. მ–ს ბრალეულობა არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდების არც ხსენებულ ეპიზოდში იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. მ–ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი არგუმენტებით: მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა ერთმანეთთან შეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა მიხედვითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა მ. მ–ს ბრალეულობა მეუღლის მიმართ ფიზიკური და სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდებშიც, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ეს მტკიცებულებები და გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამამართლებელ ნაწილში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. მ–ს ბრალად ედება: ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სისტემატური ძალადობის ეპიზოდი).

მ. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 04:00 საათზე, თ–ში, ს–ს დასახლების, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ. მ–მ იძალადა მეუღლეზე – მ. დ–ზე, კერძოდ, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ხელის წინამხრის მიდამოში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ში, ს–ს დასახლების, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ. მ–მ იძალადა მეუღლეზე – მ. დ–ზე, კერძოდ, დაწოლილს მუშტი დაარტყა მარცხენა წვივის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ში, ს–ს დასახლების, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, ფიზიკური ძალადობის შემდეგ, მ. მ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – მ. დ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა. მ. დ–მა სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2022 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით დროის შუალედში, თანაცხოვრების პერიოდში, კვირაში, დაახლოებით, ოთხჯერ, თ–ში, ს–ს დასახლების, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, მ. მ–ე მეუღლეს – მ. დ–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. მ. მ–ს შეურაცხყოფის სისტემატური ხასიათის შედეგად, მ. დ–სმა განიცადა ფსიქოლოგიურ ტანჯვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით მ. მ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 23 აგვისტოს მუქარის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ძალადობის ეპიზოდი), წარდგენილ ბრალდებებში.

მ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი (2022 წლის 31 აგვისტოდან - 2022 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით) და დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათით – ჩაეთვალა მოხდილად.

გაუქმდა მსჯავრდებულ მ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება მსჯავრდებულის გამტყუნების ნაწილში და მ. მ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. მ–ს მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მხარეები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვისა და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულის მშობლების, მოწმეების – მ. დ–სა და ნ. ო–ს გამოკითხვის ოქმებით, პატრულ-ინსპექტორ დ. მ–სა და პოლიციის თანამშრომლების – კ. გ–სა და ვ. დ–ს ჩვენებებით, პატრულ-ინსპექტორ დ. მ–ს სამხრე კამერის მეშვეობით შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების ამსახველი ჩანაწერითა და სამხრე კამერის ჩანაწერების დათვალიერების შესახებ ოქმით, დაზარალებულ მ. დ–ს მონაწილეობით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 19 სექტემბრის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის – ე. ლ–ს ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, განსხვავებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 23 აგვისტოს მუქარის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებისა, ვინაიდან ამ ნაწილებში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი მ. მ–სის დამნაშავედ ცნობისათვის. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ. დ–მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის - მ. მ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და, ამასთან, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ. მ–ს მიერ მეუღლის - მ. დ–ს მიმართ, მითითებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 23 აგვისტოს მუქარის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

11. რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ, სააპელაციო პალატამ მ. მ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში აპელირებენ კასატორები, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, მხარეები საჩივრებში არ უთითებენ.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. მ–სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი