საქმე # 010100122006419992
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№88აპ-24 ქ. თბილისი
რ–ი ე., 88აპ-24 30 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. რ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ისა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ ე. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ–მ, ხოლო, მეორე მხრივ, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – აკაკი მოქერიამ.
2. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ე. რ–სათვის შეფარდებული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, რადგან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: იგი დაკავების დღიდან გულწრფელად აღიარებდა და ინანიებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რისთვისაც მას მსჯავრი დასდო სასამართლომ, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
3. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას, ელგუჯა რამიშვილის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა დანაშაულის ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი ბრალეულობა უტყუარად დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულმა რ. ი–მ განმარტა, რომ ე. რ–მა მოსთხოვა ფული, რადგან იყო ,,კაი ბიჭი“ და, შესაბამისად, ერგებოდა წილი. მეტიც, მსჯავრდებული რამდენჯერმე მივიდა რ. ი–სთან, ყველა ხერხით ცდილობდა მისგან თანხების გამოძალვას, ბოლოს კი ფიზიკურად გაუსწორდა. რ. ი–ს არ დაუკონკრეტებია, რა სახის მუქარას ჰქონდა მის მიმართ ადგილი, რითაც დაეხმარა მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის შემსუბუქებაში, რაც მოძალადის მიმართ შიშს, მის ვაჟთან მსჯავრდებულის ნაცნობობას და ერთი სოფლიდან წარმომავლობას უკავშირდება.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. რ–ს, – დაბადებულს 19.. წლის 29 ივნისს, – ბრალად დაედო: გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2022 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №..-ში მდებარე რ. ი–სის კუთვნილ სავალუტო ჯიხურსა და ჯიხურის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ე. რ–მა ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, რ. ი–ს მოსთხოვა სავალუტო ჯიხურში თანხის გაცვლით მიღებული მოგების გადაცემა.
4.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განაჩენით ძალადობისათვის ნასამართლევმა ე. რ–სმა, სხვა პირთან ერთად ჯგუფურად, 2022 წლის 27 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №..-ში მდებარე რ. ი–ს კუთვნილი სავალუტო ჯიხურის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ. და რ. ი–ებს, კერძოდ, დათო ირემაძეს მუშტი დაარტყა სახეში, რ. ი–ს კი მუშტი სახეში, ხოლო ლითონის კონსტრუქცია – თავში. ფიზიკური ძალადობის შედეგად, რ. და დ. ი–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
5. ე. რ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენით ე. რ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი – 1 წელი, ჩაეთვალა პირობითად; საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი – და, საბოლოოდ, მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი – 1 წელი, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი და ჯარიმა 3000 ლარი.
7. სასამართლომ დაადგინა, რომ ე. რ–მა ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, არაერთგზის, თუმცა ვერ დადასტურდა მის მიერ ბრალადშერაცხილი გამოძალვის ჩადენის ფაქტი.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ, რომელიც ითხოვდა ე. რ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის გამოყენებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ე. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ–მ, რომელიც ითხოვდა ე. რ–ს მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენებასა და სასჯელის მთლიანად პირობითად ჩათვლას.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი შეიცვალა: ე. რ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი – და, საბოლოოდ, მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 ლარი.
10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და ე. რ–ი უსაფუძვლოდ გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის – გამოძალვის, ესე იგი, სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნის, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები – შემადგენლობა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი სამხილების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან. ხაზგასასმელია, რომ ვერც ბრალდების მხარე უთითებს თავის საკასაციო საჩივარში და არც საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, მათ შორის, ბრალადშერაცხილი ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ელემენტის სასამართლოში უტყუარად დამტკიცება, წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებულის მხრიდან თანხის მოთხოვნას, თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელიც გამოძალვის აუცილებელი წინაპირობაა. საკასაციო საჩივარში პროკურორის მიერ გაცხადებული ვარაუდი, რატომ შეიძლება, არ დაეკონკრეტებინა დაზარალებულს მის მიმართ გაცხადებული მუქარის შინაარსი, არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით და In dubio pro reo - პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
13. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომლის მიხედვით, სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნულის კვალობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე – მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილ მაკვალიფიცირებელ გარემოებათა სიმრავლისა და არაერთი დანაშაულისათვის გაუქარწყლებელი ნასამართლობის მხედველობაში მიღებით, ე. რ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება, არ არის მიზანშეწონილი.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. რ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი