Facebook Twitter

საქმე N 330100121004954492

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№110აპ-24 ქ. თბილისი

ჭ-ი მ., 110აპ-24 21 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა. დაზარალებულმა ნ. ო–მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო დაზარალებულმა მ. ჭ–მა განმარტა, რომ მ. ჭ–სა და შ. პ–ს ფიზიკური დაპირისპირებისას ცდილობდა მათ გაშველებას, მკლავზე სისველე იგრძნო და შენიშნა, რომ იყო დაჭრილი, სისხლი სდიოდა. საავადმყოფოში ნახა ასევე დაჭრილი ნ. ო–ე და მამას გადასცა ჩანთა, რომელშიც იდო დანა, რომელიც მოგვიანებით ამოიღეს სამართალდამცავებმა. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული დანის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მ. ჭ–ს, ხოლო მინორული წილი – მ. ჭ–სა და ნ. ო–ს; მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა, მ. შ–მ დაადასტურა, რომ გამოძიების დროს, გამოკითხა შეშინებული და განერვიულებული ნ. ო–ე, რომლის მოთხოვნითაც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი მ. ჭ–ს მიმართ; მოწმეების – ი. ა–სა და ე.ჩ–ს ჩვენებებით განისაზღვრა ნ. ო–სა და მ. ჭ–სათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათი და ხარისხი; მოწმეებმა – ნ. ხ–მ, გ. ო–მ და შ. პ–მა უარყვეს გამოძიების დროს, გამოკითხვების დროს მიწოდებული ინფორმაცია, თუმცა დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მომხდარი კონფლიქტის არსებობა, რა დროსაც დანით დაზიანდნენ ნ. ო–ე და მ. ჭ–ი.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ჭ–ს, – დაბადებულს 19.. წლის .. .., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2021 წლის 3 ივლისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ....ის ქუჩის №..-ის №.. კორპუსის №.. ბინაში, მ. ჭ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ნ. ო–ს, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 3 ივლისს, დაახლოებით, 12:30 საათზე, ქ. თ–ში, ........ს ქუჩის №..-ის №..კორპუსის №... ბინაში, ნასვამმა მ. ჭ–მ, დანის გამოყენებით, მაჯისა და მხრის არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს – ნ. ო–სა და ბიძაშვილს – მ. ჭ–ს. კერძოდ, აიღო სამზარეულოს დანა და გაიწია შოთა პაპაშვილისკენ, რა დროსაც, მათ შორის ჩადგნენ – ნ. ო–ე და მ. ჭ–ი, რის გამოც, მ. ჭ–მ ნ. ო–ს მიაყენა ჭრილობა მარჯვენა მაჯის არეში, ხოლო მ. ჭ–ს – მარცხენა მხრის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულებმა – ნ. ო–მ და მ. ჭმა მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

3. მ. ჭ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის განაჩენით მ. ჭ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელიც ითხოვდა მ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ მ. ჭ–ს ბრალეულობას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას, რომელშიც ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა მ. ჭ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:

10. მ. ჭ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ნ. ო–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – მ. შ–ს – მონათხრობი ემყარება დაზარალებულ ნ. ო–ს ნაამბობს, ირიბია და შეუძლებელია, საფუძვლად დაედოს მ. ჭ–ს მსჯავრდებას; შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელზეც ასევე აპელირებს პროკურორი თავის საკასაციო საჩივარში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასთან მიმართებით – არაფრისმთქმელია, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც 2021 წლის 3 ივლისის დილას მ. ჭ–ს მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა, საქმეში არ მოიპოვება, რაც ერთობლივად ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მ. ჭ–ს ბრალეულობა ვერ დაადასტურა.

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მ. ჭ–სათვის წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით საყურადღებოა, რომ დაზარალებულმა ნ. ო–მ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, ხოლო დაზარალებულ მ. ჭ–ს ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დღეს, ნ. ო–ს ნათესავი – შ. პ–ი ფიზიკურად ძალადობდა მ. ჭ–ზე, ხოლო თავად და ნ. ო–ე ცდილობდნენ მათ გაშველებას, რა დროსაც იგრძნო წვა და შენიშნა, რომ იყო მკლავში დაჭრილი, სდიოდა სისხლი, თუმცა დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა, რომ მ. ჭ–ს, რომლის ხელში დანა არც დაუნახავს, შეიძლება, განზრახ მიეყენებინა მისთვის დაზიანება; ნ. ო–ს ძმამ – გ. ო–მ დაადასტურა, რომ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, მივიდა ნ. ო–ს სახლში, სადაც მათმა ნათესავმა – შ. პ–მა ხელი დაარტყა მ. ჭ–ს, რომელსაც, თავის მხრივ, ხელიდან გააგდებინა რაღაც საგანი, რომელიც დანას არ ჰგავდა, მაგრამ იფიქრა, ინსტინქტურად ვინმე არ დაეზიანებინა. დაჭრილმა ნ. ო–მ და მ. ჭ–მა, რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები, არ დაუნახავს; შ. პ–ს განმარტებით, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, მივიდა ნათესავის სახლში, სადაც დახვდათ ნამტირალევი ნ. ო–ე, რის გამოც აღელდა და მ. ჭ–ს სახეში დაარტყა ხელი. ამდენად, დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, ნ. ო–სა და მ. ჭ–ს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე მისულმა შ. პ–მა ფიზიკურად იძალადა მ. ჭ–ზე, ხოლო ნ. ო–ე და მ. ჭ–ი მათ შორის ჩადგომით შეეცადნენ, განემუხტათ ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც მიიღეს დაზიანებები, თუმცა ხაზგასასმელია, რომ საქმეში წარმოდგენილი არცეთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ მ. ჭ–მა განზრახ მიაყენა დაზიანებები ნ. ო–სა და მ. ჭ–ს, რაც ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს აცლის მისთვის წარდგენილ ბრალდებას – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. მეტიც, იმ ვითარებაში, როდესაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის შედეგად მ. ჭ–ს თავის არეში აღენიშნებოდა მჭრელი თვისებების მქონე საგნით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობა და მასზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგინდეს მ. ჭ–ზე თავდასხმის ხასიათი და ხარისხი, ასევე – გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებულმა ნ. ო–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, დაზარალებულმა მ. ჭ–მა კი კატეგორიულად გამორიცხა მ. ჭ–ს მიერ მისი განზრახ დაზიანება, ხოლო შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა მოწმეთა ჩვენებები, ნ. ო–სა და მ. ჭ–ს დაზიანებების წარმომავლობასთან მიმართებით, არაფრისმთქმელია, შეუძებელია იმის უტყუარად მტკიცება, რომ მ. ჭ–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაული.

12. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე მ. ჭ–ს ედავებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ორი პირის – ნ. ო–სა და მ. ჭ–ს – მიმართ, მაშინ, როდესაც მ. ჭ–ი, რომელსაც, სადავოდ გამხდარი შემთხვევის შედეგად, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, არ არის მ. ჭ–სის ოჯახის წევრი, ხოლო მ. ჭ–ს ოჯახის წევრის – ნ. ო–ს – დაზიანების ხარისხი გამოძიებას არ დაუდგენია, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი ნ. ო–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი