საქმე N 330100123007644333
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №296აპ-24 ქ. თბილისი
ხ–ე ე., 296აპ-24 24 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ხ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ტ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, სასჯელის თუნდაც ერთი წლით შემცირებას, ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი მკაცრია, ვინაიდან მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, რაც ჯდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის დისპოზიციაში; ამასთან, ე. ხ–მ ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, რითაც დაიზოგა სახელმწიფო რესურსი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ე. ხ–ე, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ე. ხ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
ე. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი – 2023 წლის 7 მარტიდან 2023 წლის 24 მარტის ჩათვლით, ასევე – 2023 წლის 21 ივნისიდან 2023 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.
ე. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან – 2023 წლის 26 ოქტომბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ხ–მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2023 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თ–ში, ნ–ს ქუჩა N..- ში მდებარე შპს ,,....ს’’ კუთვნილ, ტურისტულ კომპანია - ,,..... ში’’ შესასვლელი კარის სახრახნისის დაზიანებითა და უკანონო შეღწევით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე. ხ–ე და ი. ნ–ა, ფარულად, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ კომპანიის დირექტორის ოთახში არსებულ 400 (ოთხას) ლარად ღირებულ ლითონის სეიფს, მასში მოთავსებული კომპანიის კუთვნილი 10 000 (ათი ათასი) ლარით და სეიფთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ; აღნიშნული ქმედებით, შპს ,,....ის’’ მიადგა 10 400 (ათი ათას ოთხასი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც. ტ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე უსამართლოდ მიიჩნევს მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ე. ხ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა ე. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები. სასამართლომ აგრეთვე მხედველობაში მიიღო: ე. ხ–ს კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის – ის გარემოებებიც, რომ მან აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ე. ხ–ს მიერ ანალოგიური ხასიათის ახალი განზრახი დანაშაულის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი პერიოდის ვადაში ჩადენის ფაქტი და ის გარემოება, რომ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის. ამდენად, სასჯელის ზოგადსავალდებულო გარემოებების, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ე. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით დადგენილი მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით და საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით შეეფარდა – თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, რაც სამართლიანია, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ხსენებულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელი, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ტ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი