საქმე N 190100123008112317
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №259აპ-24 ქ. თბილისი
ჯ–ე გ., 259აპ-24 23 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჟანა ერემაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. ჯ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა გ. ჯ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხე და ხასიათი, კერძოდ, დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის და ის გარემოებაც, რომ ქმედება ჩადენილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენით გ. ჯ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გ. ჯ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ გ. ჯ–ს დაეკისრა ვალდებულება, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ–მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
გ. ჯ–მ, 2023 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. რ–ში, რ–ს ქუჩაზე, N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინანსურ საკითხთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გ. ბ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელი სამჯერ დაარტყა სახის მარცხენა მხარეს.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჟანა ერემაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და გ. ჯ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში პროკურორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ გ. ჯ–ს შეუფარდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, ჩაეთვალა პირობითად. საკასაციო პალატის აზრით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, მათ შორის: ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის სპეციფიკური ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნება და სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით განუსაზღვრეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით. ამასთან, სასამართლოებმა ასევე მხედველობაში მიიღეს ის გარემოებაც, რომ გ. ჯ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნდა, რის შესაბამისადაც, თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი სამართლიანად ჩაეთვალა პირობითად.
10. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ გ. ჯ–მ დანაშაული ჩაიდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სასჯელის შეფარდებისას ამ ფაქტს ვერ მიიჩნევს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, ვინაიდან გ. ჯ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაული შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი