Facebook Twitter

საქმე N 330100123007907697

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№58აპ-24 15 მაისი, 2024 წელი

ჯ–ი გ., 58აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. ჯ–სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მის საშიშროებას. სასამართლომ, პირობითი მსჯავრის გამოყენებისას, დაზარალებულის ინტერესების უგულებელყოფითა და ჩადენილი ქმედების ხასიათის, ხერხისა და შედეგის მხედველობაში მიუღებლად, შესაძლოა, წაახალისოს მსგავსი დანაშაულები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებული რამდენჯერმე დაემუქრა დაზარალებულს, რომელთანაც ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ისინი არ შერიგებულან და დაზარალებული ითხოვს მის მკაცრად დასჯას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით გ. ჯ–ი, – დაბადებული 19.. წლის 20 თებერვალს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, გ. ჯ–ს მიესაჯა – 1 წლით

თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ჯ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2023 წლის იანვარში, ზუსტი თარიღი უცნობია, გ. ჯ–ი სატელეფონო კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ს. ა–ს, კერძოდ, უთხრა, თუ მისი ოჯახის წევრებს შეატყობინებდა ვალის არსებობის შესახებ, გადატეხდა ხერხემალში, დაულეწავდა ძვლებს და ,,დააინვალიდებდა“, რის გამოც, ს. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.2. 2023 წლის 14 თებერვალს, გ. ჯ–ი სატელეფონო კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ს. ა–ს, კერძოდ, უთხრა, თუ მისი ოჯახის წევრებს შეატყობინებდა ვალის არსებობის შესახებ, გადატეხდა ხერხემალში, დაულეწავდა ძვლებს და ,,დააინვალიდებდა“, რის გამოც, ს. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.3. 2023 წლის 31 ივლისს, გ. ჯ–ი სატელეფონო კომუნიკაციის დროს, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ს. ა–ს, კერძოდ, უთხრა, თუ მისი

მუქარების გამო პოლიციას შეატყობინებდა, მოატეხდა იმ ხელებს, რომლებითაც საჩივარს დაწერდა, რის გამოც, ს. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გ. ჯ–სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

10. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გ. ჯ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; არ არის ნასამართლევი) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება, იქიდან გამომდინარე, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – გ. ჯ–ს შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი 1-წლიანი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი, არ არის აუცილებელი. საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გაცხადებულ სასჯელის დამძიმების ერთ-ერთ საფუძველთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი