საქმე N 330100122005369678
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№864აპ-23 ქ. თბილისი
ტ. გ., 864აპ-23 27 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ–მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. ტ-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ როგორც პირველი, ასევე – სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომლებითაც ვერ იქმნება უტყუარი და საკმარისი ერთობლიობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით მისი დამნაშავედ ცნობისათვის; მოწმეებისა და დაზარალებულების გამოკითხვის ოქმები ცხადყოფს, რომ შემთხვევის დროს გ. ტ. არ ყოფილა შეიარაღებული, მათ შორის, არც რაიმე ბასრი საგნით და თავდაპირველად მხოლოდ დაკარგული საბანკო ბარათის აღდგენას ითხოვდა; საქმეზე გამოკითხული პოლიციელები ადასტურებენ, რომ მსჯავრდებული დაკავებულია ბანკის შენობის მიმდებარედ და მისი პირადი ჩხრეკისას, ისევე, როგორც – შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, რაიმე ბასრი საგანი ან იარაღი არ ამოღებულა; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება დაზარალებულ ე. გ-სთვის ბასრი საგნით რაიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, რასაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ედავება ბრალდების მხარე გ. ტ-ს; არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებული ითხოვდა იმ ოდენობით თანხას, რომელიც მას მსჯავრად აქვს შერაცხილი.
2. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ისე მიანიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ისე დაუდო ისინი საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, რომ არ გამოურკვევია ბრალდებულის პოზიცია სამხილების უდავოდ ცნობასა და გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებებად მათი მიღების თაობაზე, რაც არ გამოასწორა სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით, გ. ტ, – დაბადებული 1--- წლის 16 თებერვალს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ტ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2021 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით, 14:50 საათიდან 15:10 საათამდე დროის მონაკვეთში, .... მდებარე სს „....“ №-- ფილიალში, გ. ტ. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, სს „...“ ფილიალში დაცული დიდი ოდენობით თანხის სრულად დაუფლების მიზნით, თავს დაესხა ამავე ფილიალის ოპერატორს, ე. გ-ს, კერძოდ, მივიდა მის სამუშაო მაგიდასთან, ხელები ძლიერად მოუჭირა ყელის არეში, ასევე, ბასრი საგნით გაუკაწრა ყელი და მოსთხოვა სალაროს გახსნა და ფულის გადაცემა, რის საპასუხოდაც, ე. გ-მ თავდამსხმელს უთხრა, რომ სალაროს გასაღებით ვერ გააღებდა და საჭირო იყო პროგრამული ჩარევა, რის შემდეგაც, გ. ტ-მ, ისე, რომ განაგრძობდა ე. გ-სთვის ყელის არეში ხელების მოჭერას და ამავდროულად, მასთან ერთად, ფილიალის შიდა სივრცეში გადაადგილებას, ბანკში მყოფ თანამშრომლებს მოსთხოვა ფილიალში არსებული სრული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა მათთვის ,,რამის დაშავებითა“ და ,,უბედურების დატრიალებით“. ბანკში მყოფ პირებს გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში, თუმცა მოახერხეს განგაშის სიგნალის გამოყენებით სამართალდამცავ ორგანოსთან დაკავშირება, რის საფუძველზეც, შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორების დანახვისას, გ. ტ. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და შეეცადა მიმალვას. დანაშაულის შედეგად სს „...“, შესაძლოა, მისდგომოდა ... მდებარე სს „...“ №-- ფილიალში არსებული, დიდი ოდენობით – 2 833 652 ლარის – ზიანი, ხოლო ფიზიკური ძალადობის შედეგად ე. გ–მა განიცადა ტკივილი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ-მ, რომელიც, სააპელაციო სხდომაზე დაზუსტებული პირობით, ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულის ქმედების, ყაჩაღობის ნაცვლად, თვითნებობად დაკვალიფიცირებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი უკანონოა, თუ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამგვარი გამონაკლისი გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება, ხოლო ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს არა აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ხაზგასასმელია ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ადვოკატი ვერ ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს.
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებულ უფლებას, მათ შორის, წარმოადგენს – ბრალდებულის უფლება, უშუალოდ გამოიკვლიოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
7. ამასთან, კონვენციის მე-6 მუხლის არც ტექსტი და არც მისი სულისკვეთება არ უკრძალავს პირს, საკუთარი ნებით ცალსახად, ან ჩუმი თანხმობის გზით, უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი უარის კონვენციის მიზნებთან შესაბამისობისთვის, იგი არ უნდა იძლეოდეს ეჭვის წარმოშობის საფუძველს (უნდა განხორციელდეს არაორაზროვანი ფორმით) და ამ ვითარების დაცვის გარანტიები უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, ეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს. უფრო მეტიც: ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების სამართლებრივ შედეგს (შეეძლო მისი ქცევის შედეგების განჭვრეტა) (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე: Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, §73 და 2006 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილება საქმეზე: Sejdovic v. Italy, [GC], no. 56581/00 § 86).
8. ბრალდებულის მიერ უფლებით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს და შეფასდეს შემდეგი საკითხები:
· უფლებაზე უარის თქმა, რამდენად განხორციელდა არაორაზროვანი ფორმით, ხომ არ არსებობს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი;
· უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება თუ არა საჯარო ინტერესს;
· რამდენად გამოჩნდა (დადასტურდა), რომ ბრალდებულს გონივრულად შეეძლო განეჭვრიტა ქმედების (უფლებაზე უარის თქმის) სამართლებრივი შედეგი.
9. ზემოაღნიშნული სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დადგენილი აქვს კონვენციის მე-6 მუხლით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლებებით სარგებლობაზე უარის თქმის კონტექსტში და ამ სტანდარტების მოქმედება ვრცელდება ბრალდებულის უფლებაზეც, უარი თქვას ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვაზე.
10. საკასაციო სასამართლომ შეაფასა განსახილველი საქმის მასალები და მიიჩნევს: მსჯავრდებულ გ ტ-ს უფლებაზე – სრულად გამოეკვლია ბრალდების მხარის მტკიცებულებები – უარის თქმის პროცედურა არ შეესაბამება ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ:
11. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ გ. ტ. ბრალდებულის სახით დაკავებულია და, შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2021 წლის 23 ნოემბერს.
12. 2021 წლის 24 ნოემბრის ბრალდებულის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, გ. ტ-მ გამოიყენა დუმილის უფლება და განმარტა, რომ სურდა თავისი პოზიცია სასამართლოში დაეფიქსირებინა.
13. 2021 წლის 24 ნოემბერს გ. ტ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ბრალდების შესახებ დადგენილებაზე გაკეთებული შენიშვნის მიხედვით, ბრალდებული გ. ტ. გაეცნო დადგენილებას ბრალდების შესახებ და გადაეცა მისი ასლი, თუმცა დადგენილებაში მოყვანილ გარემოებებს არ ეთანხმება.
14. 2021 წლის 25 ნოემბერს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის სასამართლოში განხილვისას, დაცვის მხარე არ დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა ბრალდებულ გ. ტ-ს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება.
15. 2021 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით, გ. ტ-ს მიმართ საქმეზე დაინიშნა კომპლექსური სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინების საფუძველზე, ბრალდებული გ. ტ. მოთავსდა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად.
17. პროკურორის 2022 წლის 6 იანვრის მიმართვით, ბრალდებულ გ. ტ-ს სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 25 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკითხის – ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით – გამორკვევისას, ბრალდებულმა გ. ტ-მ გამოიყენა დუმილის უფლება. ამავე სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ დასაშვებად ცნო წარდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, დაამტკიცა ისინი, როგორც სადავო სამხილები, ხოლო გ. ტ-ს სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადასცა სასამართლოს.
18. 2022 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 3 ივნისამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა საქმის არსებითი განხილვის რამდენიმე სასამართლო სხდომა, თუმცა მხარეებს მტკიცებულებები არ გამოუკვლევიათ.
19. 2022 წლის 3 ივნისის სასამართლო სხდომაზე, რომელშიც არ მონაწილეობდა ბრალდებული გ. ტ., პროკურორმა წარადგინა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით: მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ. ტ-ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა – არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა); ამჟამად გ. ტ-ს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილიობა. დეკომპენსაციის მდგომარეობა. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს მის შეზღუდულ შერაცხადობას. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი, თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით, ამჟამად გ. ტ. წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელი შეიძლება მოიხადოს საერთო წესით.
20. იმავე სასამართლო სხდომაზე, ადვოკატმა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება და მოითხოვა ბრალდებულ გ. ტ-ს სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსება.
21. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილები მიიღო მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიანიჭა.
22. იმავე დღეს, 2022 წლის 3 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენით:
· გ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· გ. ტ-ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან, 2021 წლის 23 ნოემბრიდან.
· გ. ტ-ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს ,,აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში‘‘ (ხონი- ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელი უნდა მოიხადოს საერთო წესით.
23. შპს ,,აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის‘‘ 2022 წლის 30 აგვისტოს წერილის თანახმად, გ. ტ-ს ფსიქიკური მდგომარეობა, ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მის მიმართ არანებაყოფლბითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმები ამოიწურა, რის გამოც, იგი აღარ საჭიროებდა არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას და სასჯელის მოხდა განაგრძო საერთო წესით.
24. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ-მ, რომელიც საქმეში ჩაერთო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ და, საქმის სააპელაციო განხილვისას, დაზუატებული სააპელაციო საჩივრით, მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა და მსჯავრდებულის ქმედების ყაჩაღობის ნაცვლად თვითნებობად დაკვალიფიცირება.
25. გარდა ამისა, სააპელაციო საჩივრით, დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდებულის მკაფიოდ გამოვლენილი ნების არარსებობის პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღება და მათთვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭება. საქმის სააპელაციო განხილვისას მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამასთან, დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას.
26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად:
· გ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· გ. ტ-ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან, 2021 წლის 23 ნოემბრიდან.
27. სააპელაციო სასამართლოს მოტივაციის მიხედვით: საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ ისინი გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებებად მიიღო, რა დროსაც, სასამართლოს გ. ტ-ს უფლებები რაიმე ფორმით არ შეუზღუდავს.
28. სააპელაციო სასამართლოს დასკვნის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული გ. ტ, როგორც გამოძიების დროს, ბრალდებულის სახით გამოკითხვისას, ასევე – წინასასამართლო სხდომაზე, წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით პოზიციის გამორკვევისას, არ ცნობდა თავს დამნაშავედ და იყენებდა დუმილის უფლებას, ხოლო წინასასამართლო სხდომაზე გაცხადებული ცალსახა და მკაფიო პოზიციით, სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, მისი მამხილებელი მტკიცებულებები და თავისი ბრალეულობის საკითხის გამოსარკვევად, აშკარად სურდა სასამართლოში სამხილების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა; როდესაც ბრალდებულის პოზიცია სასამართლოში მტკიცებულებების უშალოდ და ზეპირად გამოკვლევასთან მიმართებით იყო არაორაზროვანი და არაფერი მიუთითებდა მისი ნების რაიმე ფორმით ცვლილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გ. ტ-ს იმჟამად (და არა – დანაშაულის ჩადენის, გამოძიების ან წინასასამართლო განხილვის დროს), თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, არ შეეძლო თავისი გადაწყვეტილებების გაცნობიერება, საკუთარი თავისათვის ანგარიშის გაწევა და ხელმძღვანელობა, ჩვენების მიცემა და საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბრალდებულის მიერ გამოძიებასა და წინასასამართლო სხდომაზე მკაფიოდ გამოხატული ნების საპირისპიროდ, მხოლოდ ადვოკატის სურვილის გათვალისწინებით, არ გამოიკვლია სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, არ აქვს კანონიერი გამართლება.
29. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო განაჩენით იღებს მხოლოდ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს; ბ) აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს; გ) ცვლილება შეაქვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში; დ) უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი, ქმედების კვალიფიკაციის შესაფასებლად თავად გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
30. ამდენად, ვინაიდან გ. ტ-ს მიმართ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია სააპელაციო სასამართლოს, ხოლო საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია დაშვებული შეცდომის გამოსწორების სამართლებრივი მექანიზმი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენი გაუქმდეს;
3. გ. ტ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან;
4. გამართლებულ გ. ტ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გამართლებული გ. ტ., არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსებულია შპს ,,ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში‘‘ და სასჯელისაგან გათავისუფლების შემდეგ, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების არსებობისას, მისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი გადაწყდეს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
6. ნივთმტკიცებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· გ. ტ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული რიგის ნომერი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები, ფურცლის ნაგლეჯი, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, გ. ტ-ს ნერწყვის, სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები, განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა 1 ელექტრონულ დისკზე, ,,...“ გამოთხოვილი ჩანაწერები, მეხსიერების ბარათზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
· გ. ტ-ა და ე. გ-სგან ამოღებული ტანსაცმელი, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი