Facebook Twitter
საქმე N 210100122005881264

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით


№815აპ-23 28 დეკემბერი, 2023 წელი
მ. ზ, 815აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორების – გიორგი კაკულიასა და მიხეილ კუპრაშვილის
მსჯავრდებულ – ზ. მ-ს
ადვოკატების – მ. წ–სა და ვ. უ-ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატების – მ. წ–სა და ვ. უ-ს – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. მ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – მ. წ–მ და ვ. უ-მ, რომლებიც ითხოვენ ზ. მ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, მამხილებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მის ბრალეულობას; სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ზ. მ-ს დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც არ გამომდინარეობს მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არასრულყოფილად არის ასახული განაჩენში, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, არამედ პირიქით, ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზების დასკვნებსა და მსჯავრდებულ ზ. მ-ს ჩვენებას, რომელიც, თავის მხრივ, თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა სამხილებთან; სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დასაკეცი კონსტრუქციის დანის პირის მაფიქსირებელი მექანიზმი გაუმართავია და იგი არ წარმოადგენს ცივ იარაღს, ისევე, როგორც – ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცხადყოფს, რომ ზ. მ-ს საძინებელსა და მსჯავრდებულის ხალათზე აღმოჩენილია დაზარალებულის სისხლი, რაც ადასტურებს ზ. მ-ს ჩვენებას, რომ ი. მ., მძინარეს, დაესხა თავს რკინის ხელკეტით, რომელიც მოიგერია ხილის საჭრელი, მცირე ზომის დანით; სააპელაციო სასამართლომ ისე გამორიცხა მსჯავრდებულზე ხელკეტით თავდასხმის ფაქტი, რომ საერთოდ არ უმსჯელია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ზ. მ–ს სხეულზე აღენიშნებოდა ბრალადშერაცხილი ქმედების თარიღთან თანხვდენილი მრავლობითი დაზიანებები; საეჭვოა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორეც, რამეთუ, გამომძიებლის შენიშვნის მიხედვით, ზ. მ-მ უარი განაცხადა მისი საცხოვრებელი სახლის დათვალიერებაზე, თუმცა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, რაც ვერ გაიხსენეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტებმა და ვერც თავად მსჯავრდებულმა, რომელიც, ამ დროს, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა; გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად, რამდენადაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, საძინებლიდან არ ამოიღეს სისხლიანი ზეწარი, ბალიში და სხვა ნივთები. საგამოძიებო მოქმედების ოქმზე თანდართულ ფოტოსურათებზე კი კარგად ჩანს საქმისათვის მნიშვნელოვანი სამხილების კვალი; არ დაადგინეს დაზარალებულის ჭრილობების ტრაექტორია; არ გამოითხოვეს დაზარალებულის ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა და არ დაათვალიერეს მისი მობილური ტელეფონი, მაშინ, როდესაც ი.მ-ს მტკიცებით, მსჯავრდებულმა შემთხვევამდე არაერთხელ დაურეკა მას; არ დაათვალიერეს მოწმე ნ. კ-ს ავტომანქანა, რომლითაც გადაიყვანა მან დაჭრილი დაზარალებული ადგილობრივ კლინიკაში.

2. კასატორები საკასაციო საჩივრით ასევე სადავოდ ხდიან ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დასაშვებობის საკითხს. მათი მოსაზრებით აღნიშნული სამხილები კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული და, შესაბამისად, დაუშვებელია, კერძოდ, მიიჩნევენ, რომ ი. მ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ისტორია ბრალდების მხარეს უნდა მოეპოვებინა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიუხედავად დაზარალებულის ხელწერილისა, რომლითაც მან თანხმობა განაცხადა დოკუმენტაციის გამოთხოვაზე, რისი გათვალისწინებითაც: მომართვის წერილი ქ. საგარეჯოს შპს ,,ჯეო ჰოსპიტალიდან“ და თანდართული დოკუმენტები 46 ფურცლად; მიმართვის წერილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ და დადგენილება დაზარალებულ ი. მ-სთვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; მომართვის წერილი და სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნა – მოპოვებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით და იურიდიული ძალა არ გააჩნია.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. მ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2022 წლის 24 აპრილს, ღამის საათებში, .... საცხოვრებელ სახლში, ზ. მ.–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, ხელთ ნაქონი დანის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ი. მ-ს, რომელიც დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

4. ზ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის განაჩენით ზ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 25 აპრილიდან.

6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – მ. წ–მ და ვ. უ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საქმის საკასაციო განხილვისას კასატორებმა – მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – მ. წ–მ და ვ. უ-მ, ისევე, როგორც მსჯავრდებულმა ზ. მ–მ, მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ზ. მ-ს უდანაშაულოდ ცნობა.

9. საქმის საკასაციო განხილვისას ბრალდების მხარემ, პროკურორებმა გიორგი კაკულიამ და მიხეილ კუპრაშვილმა ითხოვეს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი – ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ – ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დადგენილია და არც მხარეები დავობენ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 24 აპრილს დაზარალებულ ი. მ-ს ნამდვილად აღენიშნებოდა: ორი ნაჩხვლეტი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე, ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბეჭზე და სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ორი ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა კედელზე. მხარეებს შორის დავის საგნად არის ქცეული: მოქმედებდა თუ არა ზ. მ. ი. მ-ს მოკვლის განზრახვით, რაც მის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ცხადყოფს, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს, თუ მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს, სრულად, როგორც ამაზე დაცვის მხარე მიუთითებს.

4. ზ. მ-ს მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებას საფუძვლად უდევს სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ქმედებაში ორი ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა, უპირობოდ მიუთითებენ მსჯავრდებულის მისწრაფებაზე განზრახ მოესპო სიცოცხლე ი. მ-სთვის, სახელდობრ, ერთი მხრივ, ზ. მ–მ სიცოცხლისათვის სახიფათო არეებში დანით მიაყენა ხუთი ნაჩხვლეტი ჭრილობა ი. მ–ს, რაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, ცალსახად მიუთითებს მის სურვილზე, მოეკლა დაზარალებული, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ გამორიცხა დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა და, შესაბამისად, მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა, კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას აღნიშნა, რომ: ,,ზ. მ-ს განზრახვას – ჩაედინა პირის მკვლელობა, ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალება და მის მიერ მიყენებული დაზიანებების არაერთჯერადობა (ორი ჭრილობა გულმკერდის არეში, ორი ჭრილობა მუცლის არეში და ერთი მარცხენა ბეჭის არეში) ადგილგანლაგება და ლოკალიზაცია, ხარისხი და სიმძიმე, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს, მათ შორის, სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილს – გულმკერდის არეს. ბუნებრივია, ზ. მ-ს მიერ გამოყენებული დანით სიცოცხლისათვის სახიფათო არეებში დაზიანების მიყენებით იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის რისკი, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ქმედებები მიმართული იყო კონკრეტული პირისაკენ. ხსენებული გარემოება მეტყველებს მასზედ, რომ ზ. მ. აცნობიერებდა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას – ი. მ-ს სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას“, ამასთან, ,,ზ. მ-ს მიერ ი. მ-სთვის ხუთი ჭრილობის მიყენების ფაქტი მიმართული იყო შურისძიების სურვილით და არა სამართლებრივი სიკეთის დაცვის მოტივით, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა დაცვის მხარის მიერ განვითარებული ვერსია, თითქოსდა, ი. მ. გავიდა ზ. მ-ს სახლიდან მასზე განაწყენებული, მალევე მიბრუნდა რკინის ხელკეტით შეიარაღებული უკან და მწოლიარე ბრალდებულს ჩაარტყა თავსა და დაზიანებულ ფეხში, რის მოგერიებასაც დანის გამოყენებით ცდილობდა ბრალდებული“.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საყურადღებოა, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ-სთვის ბრალადშერაცხილ ქმედებას – ი. მ-სთვის დანით ჭრილობების მიყენებას – გარდა თავად მსჯავრდებულ ზ. მ-ს და დაზარალებულ ი. მ-სა, არ ჰყავს სხვა შემსწრე ან თვითმხილველი. აქედან, ზ. მ-ს მტკიცებით, სწორედ ი. მ. დაესხა მას თავს საწოლში რკინის ხელკეტით, რომელიც მოიგერია ხილის სათლელი, მცირე ზომის დანით, ხოლო ი. მ-ს მითითებით, ზ. მ-მ, რომელსაც აქვს ცუდი სიმთვრალე, გაურკვეველი მიზეზით მიაყენა დანით ხუთი ჭრილობა გულმკერდის, მუცლისა და ბეჭის არეებში.

6. ამდენად, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ურთიერთგამომრიცხველი განმარტებების პირობებში, როდესაც განსახილველ დანაშაულს არ ჰყავს სხვა შემსწრე ან თვითმხილველი პირი და საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი სხვა პირდაპირი, დამოუკიდებელი მტკიცებულება, რომელიც ზ. მ-ს ბრალეულობას სარწმუნოდ დაადასტურებდა ან უარყოფდა, მეტად მნიშვნელოვანია როგორც დაზარალებულის, ასევე – მსჯავრდებულის ჩვენებების კრიტიკულად შეფასება და იმის გამორკვევა, თუ რამდენად დამაჯერებელია მათი მონათხრობი, რამდენად თანხვდენილია მათი მტკიცება საქმეში წარმოდგენილ სხვა სამხილებთან და ხომ არ იკვეთება მათ შორის იმგვარი წინააღმდეგობები და ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებიც, ზოგადად, საეჭვოს ხდის მოწმეების სანდოობას და, ერთობლივად შეფასებისას, უკარგავს მათ ჩვენებებს დამაჯერებლობას.

7. დაზარალებულ ი. მ-ს ჩვენების მიხედვით, თავის ბიძაშვილთან, ზ. მ-სთან, 2019 წლიდან აქვს უთანხმოება ქონებასთან დაკავშირებით, რადგან მსჯავრდებული უარს ამბობდა წლების წინ გაყიდული მიწის ნაკვეთის გადაფორმებაზე, რის გამოც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. 2022 წლის 24 აპრილს დაურეკა მსჯავრდებულმა და სთხოვა, მისულიყო მასთან, რადგან აღდგომა დღეს იყო მარტო. პროდუქტები აიღო და კუთვნილი ,,რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანით მივიდა ზ. მ-ს სახლში. სანამ მივიდოდა, მსჯავრდებულმა რამდენჯერმე დაურეკა და გადაამოწმა, ხომ ნამდვილად ესტუმრებოდა. ზ. მ-ს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, რის გამოც, დღესასწაულს ნათესავების გარეშე ატარებდა. მსჯავრდებული მანქანასთან შეეგება და პროდუქტები შეატანინა სახლში, რა დროსაც ყავარჯნებით არ სარგებლობდა და არც ლითონის ფიქსატორი შეუმჩნევია მის ფეხზე. სუფრა ერთად გაშალეს. ძეხვი დაჭრა სამზარეულოს დანით, რომელიც მაგიდაზე იდო. რამდენიმე ჭიქა კონიაკი ჰქონდათ მირთმეული, როდესაც მეუღლემ დაურეკა და გასვლა მოუხდა, თუმცა მსჯავრდებულს დაჰპირდა, რომ დაბრუნდებოდა. მეუღლეს გასაღები გადასცა და უკან ფეხით დაბრუნდა, რადგან საპატრულო პოლიციის მანქანები შენიშნა და პრობლემებს მოერიდა. ამასობაში, ზ. მ–მ ორჯერ დაურეკა, აინტერესებდა, რატომ აგვიანებდა. რომ მივიდა, მსჯავრდებული სამზარეულოში დახვდა, სადაც სუფრა იყო გაშლილი, ფეხზე წამოდგა, ხელები მოიფშვნიტა და გინებით უთხრა, გეგმა მაქვს, დედა, როგორ უნდა გიტიროო. მან ხელი მოჰკიდა და ამ ქცევის გამო უსაყვედურა, თუმცა ზ. მ-მ ხელი გაარტყა. მანაც უპასუხა და სამზარეულოში დაიწყეს ჩხუბი, რომელიც საძინებელში გაგრძელდა, სადაც მსჯავრდებულმა დანით მიაყენა ორ-ორი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არებში, თუმცა დანა საიდან მოიტანა, არ დაუნახავს. იგი თავდასხმას იგერიებდა, რა დროსაც გაეჭრა ხელი. გამობრუნება სცადა, თუმცა მსჯავრდებულმა კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა ბეჭში, მან კი ხელი ჰკრა და გაეცალა. ,,112-ში“ არ დაურეკავს. დაურეკა თავის ახლომყოფ ძმისშვილს, ნ. კ-ს, რომელიც არ სვამდა და მალე მიაკითხავდა. ამასობაში მსჯავრდებული იატაკზე იჯდა და უყურებდა, ხმა არ ამოუღია. ნ. კ-ს უთხრა, რომ ზ. მ-მ დაჭრა. ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. როგორც მოგვიანებით გაიგო, მანქანაში გონება დაუკარგავს.

8. დაზარალებულის განმარტებების საპირისპიროდ, მსჯავრდებულ ზ. მ-ს ჩვენების მიხედვით, 2022 წლის 24 აპრილს მართლაც დაურეკა ი. მ–ს და დღესასწაულის აღსანიშნად თავისთან დაპატიჟა. დაზარალებულმა პროდუქტები მიუტანა და დაიწყეს სმა, რა დროსაც ი. მ-მ წარსულში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული უთანხმოება შეახსენა, მან კი უპასუხა, რომ არ სურდა ამ თემაზე საუბარი. ი. მ. განაწყენდა, თუმცა ისე წავიდა მისგან, არც შელაპარაკებიან და არც ფიზიკურად დაპირისპირებიან ერთმანეთს. უთხრა, არ გამოვა შენთან საუბარიო, არც დამშვიდობებია, არც ის უთქვამს, დავბრუნდებიო. ამიტომ თავად დაწვა და დაიძინა. რამდენიმე ხანში, მის საძინებელში აინთო შუქი, შევიდა ი. მ. და საწოლში დაუწყო რკინის ხელკეტით ცემა მოტეხილ ფეხსა და თავში, თან ეკითხებოდა, სურდა თუ არა ნათესავებსა და სასამართლოში საქმის გარკვევა. იგი ეხვეწებოდა, თავი გაენებებინა, მაგრამ ი. მ. არ ეშვებოდა. მას სურდა თავის დაცვა, გადარჩენა. ხელში მოხვდა ხილის სათლელი, მცირე ზომის დასაკეცი დანა, რომელიც საწოლის გვერდით ედო და ი. მ–ს დაუწყო ქნევა, რომელიც, თავის მხრივ, განაგრძობდა მისთვის თავში ხელკეტის რტყმას. ცალ ხელს თავზე იფარებდა, მეორით – დანას იქნევდა, ამიტომ არ იცის ი. მ-ს ჭრილობები მიაყენა, თუ – არა. მერე ხელკეტი მოხვდა თავში და საწოლზე გადავარდა. დაზარალებულმა თავი გაანება და წავიდა. ჩხუბი მხოლოდ საძინებელში მოხდა. გონს რომ მოვიდა, თავიდან და ფეხებიდან სისხლი სდიოდა, რის გამოც, დარეკა ,,112-ში“. გადაიყვანეს კლინიკაში, მოგვიანებით კი დააკავეს, თუმცა გამთენიას ისევ საავადმყოფოში დააბრუნეს. პოლიციაში მიუტანეს ყავარჯნები, რადგან მათ გარეშე ვერ გადაადგილდებოდა.

9. დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ჩვენებების სანდოობასა და დამაჯერებლობაზე მსჯელობამდე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლომ, დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობების რაოდენობასთან, ლოკალიზაციასა და სიმძიმესთან ერთად, ზ. მ-ს ქმედებაში მკვლელობის განზრახვის გამოსაკვეთად ხაზგასმით მიუთითა დანაშაულის იარაღზე – დანაზე (რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის რისკს მეტად ზრდის), თუმცა გადაწყვეტილების მოტივაციისას ყურადღების მიღმა დარჩა სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, რომელთა მიხედვით, კვლევაზე წარდგენილი დასაკეცი კონსტრუქციის დანა, ფაქტობრივი (იმჟამინდელი) მდგომარეობით, არ წარმოადგენდა ცივ იარაღს. დანის პირს არც გახსნილს და არც დაკეცილს არ გააჩნდა დაფიქსირების ფუნქცია და თავისუფლად მოძრაობდა ღერძზე, რაიმე შეზღუდვის გარეშე, რაც გამოწვეული იყო ჩამაგრების არეში სახელურის ფირფიტების დეფორმაცია-გაშლით და იწვევდა დანის პირის მაფიქსირებელი მექანიზმის გაუმართაობას.

10. შემთხვევის ადგილის – ზ. მ-ს საცხოვრებელი სახლის – დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ მსჯავრდებულის საძინებლიდან ამოღებულია მცირე ზომის დასაკეცი დანა, რაც თანხვდენილია მსჯავრდებულის განმარტებასთან, რომ დაზარალებულისაგან თავის დასაცავად საწოლთან არსებული ხილის სათლელი, მცირე ზომის, გასაშლელი დანა გამოიყენა; ასევე – ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის მიხედვით, დანის მთლიანი სიგრძეა 16,9 სმ, პირის მაქსიმალური სიგრძე სახელურამდე – 7,3 სმ, პირის სიგანე ქუსლის გარეშე – 1,12 სმ, პირის მაქსიმალური სისქე ყუის მხრიდან – 0,15 სმ.

11. დაზარალებულისა და მსჯავრდებულის განმარტებების დამაჯერებლობაზე მსჯელობისას, უპირველესად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სადავოდ გამხდარი შემთხვევის შემდეგ, სწორედ მსჯავრდებულმა დარეკა საზოგადოებრივი მართვის ცენტრ – ,,112-ში“ (რომელიც საქვეყნოდ ცნობილია, რომ პოლიციის, სახანძრო/სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი ქსელია) და ითხოვა დახმარება, რადგან იყო დაჭრილი/დაჩეხილი, ხოლო დაზარალებულმა ი. მ-მ დაურეკა თავის დისშვილს, რომელმაც კუთვნილი ავტომანქანით წაიყვანა იგი საავადმყოფოში. ამასთან, მეტად საყურადღებოა, რომ მსჯავრდებულის სამედიცინო ისტორიის თანახმად, პაციენტ ზ. მ-ს მტკიცებით, ბიძაშვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რკინის ხელკეტი ჩაარტყა რამდენჯერმე თავსა და მარჯვენა ბარძაყში, ხოლო დაზარალებულის სამედიცინო ისტორიის მიხედვით, ი. მ, რომელიც თვითდინებით მივიდა სტაციონარში, აცხადებდა, რომ დაზიანებები ქუჩაში მიაყენეს და მომხდარს ვერ იხსენებდა.

12. დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შეფასებისას, მნიშვნელოვანია მისი წინასასამართლო განმარტებები, კერძოდ, ყურადსაღებია, რომ გამოძიების დროს, 2022 წლის 25 აპრილსა და 2022 წლის 27 აპრილს გამოკითხვებისას, დაზარალებულს არ უთქვამს, რომ მსჯავრდებულის სახლში ორჯერ მივიდა, მათ შორის, პირველ ჯერზე სწორედ კუთვნილი ავტომანქანით მიაკითხა ბიძაშვილს, არ უხსენებია, რომ სუფრიდან მეუღლესთან შესახვედრად წავიდა, საიდანაც დაბრუნებულს დაესხა თავს სწორედ მსჯავრდებული; შემთხვევის დღეს მსჯავრდებულის სახლში ორგზის მისვლა, მათ შორის, პირველად კუთვნილი ავტომანქანით, დაზარალებულმა მხოლოდ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, ისიც მას შემდეგ, რაც საქმეში მოიპოვებოდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია შემთხვევის დღეს მისი ავტომანქანით გადაადგილება; საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ პირველი გამოკითხვის ოქმის მიხედვით (რომელსაც დაზარალებულმა ხელი არ მოაწერა, როგორც მოგვიანებით სასამართლოში განმარტა, აღელვების გამო), ზ. მ-მ დაუწყო ჩხუბი, ის შეძლებისდაგვარად იგერიებდა მსჯავრდებულის მოქნეულ ხელს და ისინი რამდენჯერმე წაიქცნენ. მსჯავრდებული გამეტებით ურტყამდა ხელს სხეულის სხვადასხვა არეებში, ბოლოს გულმკერდის არეში იგრძნო წვა, რა დროსაც ორივე წაიქცა და ზ. მ-ს ხელიდან გაუვარდა დანის მსგავსი საგანი, მაშინ, როდესაც მეორე გამოკითხვის (რომელიც ჩატარებულია დაზარალებულის ადვოკატის მონაწილეობით) ოქმის თანახმად, ჩხუბის დროს დაინახა მსჯავრდებულის ხელში პრიალა საგანი, სავარაუდოდ, დანა, რომელიც რამდენჯერმე ჩაარტყა ზ. მ-მ მას სხეულში. წართმევა სცადა და მარცხენა ხელი გაეჭრა. სასამართლოში ჩვენების მიცემისას კი – დაბეჯითებით განაცხადა, რომ ზ. მ-მ ხელთ ნაქონი დანით, რომელიც არ იცის, საიდან ამოიღო, მიაყენა მას სულ ხუთი ჭრილობა: ორ-ორი – გულ-მკერდსა და მუცელში, ხოლო ერთი – ბეჭში.

13. საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ასახული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც წარედგინა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს და რომლითაც დგინდება, რომ საძინებელი ოთახის იატაკზე აღმოჩენილია დაზარალებულის, ხოლო ზ. მ-ს ხალათზე, როგორც დაზარალებულის, ასევე – მსჯავრდებულის სისხლი, რაც სრულად არის თანხვდენილი მსჯავრდებულის ჩვენებასთან, რომლის მიხედვით, ის და ი. მ, საძინებლის გარდა, არსად დაპირისპირებიან ერთმანეთს ფიზიკურად, დაზარალებულის თავდასხმის დროს იყო საწოლში და იატაკზე არ დავარდნილა და, ამავდროულად, საეჭვოს ხდის ი. მ-ს ჩვენებას, რომ ჩხუბის დროს ისინი რამდენჯერმე დაეცნენ იატაკზე, ხოლო დაპირისპირების მიწურულს მსჯავრდებული ძირს იჯდა და უყურებდა, თუმცა, მიუხედავად დაზარალებულის მტკიცებისა, ზ. მ-ს სისხლი შემთხვევის ადგილზე (არც საძინებლის იატაკზე და არც სამზარეულოში) არ აღმოჩენილა, ხოლო საწოლის ზეწარზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქების კუთვნილებით გამოძიება საერთოდ არ დაინტერესებულა.

14. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულ ი. მ-ს მითითებით, ზ. მ-სთან ჩხუბის დროს იგი მსჯავრდებულის შეიარაღებულ თავდასხმას იგერიებდა, რა დროსაც დანით გაეჭრა ხელი, თუმცა დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ი. მ–ს რაიმე დაზიანება ხელზე არ აღენიშნებოდა. საპირისპიროდ, მსჯავრდებულ ზ. მ–ს მტკიცება, რომ დაზარალებულის თავდასხმისას ერთი ხელით დანას იქნევდა, ხოლო მეორეს თავზე იფარებდა, დასტურდება დაკავების ოქმით, რომელშიც მითითებულია, რომ მსჯავრდებულს დაკავებისას, მათ შორის, თავსა და ხელზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

15. სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის დღეს მსჯავრდებული მანქანასთან შეეგება, რა დროსაც არც ყავარჯნებით სარგებლობდა და არც ლითონის ფიქსატორი შეუმჩნევია მის ფეხზე, მაშინ, როდესაც სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა, ა. კ-მ, აღნიშნა, რომ ბარძაყის ძვლის მოტეხილობით, რომელიც შემთხვევამდე ჰქონდა მიღებული ზ. მ-ს, გადაადგილება შესაძლებელია ყავარჯნების მეშვეობით, მიზანმიმართული ქმედებით, ხოლო ლითონის ფიქსატორით მოძრაობა ადამიანის ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური გადაადგილების მსგავსი ვერ იქნებოდა.

16. და ბოლოს, სააპელაციო სასამართლომ ისე გამორიცხა ზ. მ-ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა, რომ უყურადღებოდ დარჩა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ა. კ-ს ჩვენებით დადგენილი, ბრალადშერაცხილი ქმედების თარიღთან თანხვდენილი დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდა მსჯავრდებულს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკითხება, რომ ზ. მ-ს მარჯვენა ბარძაყის ძვლის შეუხორცებელი მოტეხილობა ხანდაზმულობით არ შეესაბამება 2022 წლის 24 აპრილს მიღებულ ტრავმას, ხოლო, სხვა ყველა დაზიანება – კვირისტავის მოტეხილობა, თავისა და მუხლის ღია ჭრილობები, სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის, მარცხენა ბარძაყისა და მარცხენა წვივის არეში, თავის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა – მიღებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. აქედან – კვირისტავის მოტეხილობა მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ხოლო ყველა სხვა დაზიანება – მსუბუქ ხარისხს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაწვრილებით არის აღწერილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მსჯავრდებულის სხეულზე გამოვლენილი მრავლობითი დაზიანებები, მაგრამ არ არის ასახული საექსპერტო კვლევისა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, ა. კ-ს ჩვენების ის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რომელიც ცხადყოფს, რომ ყველა დაზიანება გარდა ბარძაყის ძვლის მოტეხილობისა, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ხანდაზმულობით შეესაბამება დანაშაულის ჩადენის თარიღს – 2022 წლის 24 აპრილს – და, სულ მცირე, აჩენს გონივრულ ეჭვებს შემთხვევის დღეს მსჯავრდებულის მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ხელყოფასთან დაკავშირებით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც გულისხმობს სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის სათანადოდ მომზადებულ და დაინტერესებულ მხარეთა ინიციატივისთვის მინდობას, თუმცა აქვე დასძენს, რომ ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია, გამოძიება წარმართოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო სასამართლომ – მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არცერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და ამცირებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ ფოტოებზე თვალნათლივ ჩანს მსჯავრდებულის საწოლი, რომელზეც დევს დანა, ხოლო ზეწარს აშკარად აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ხსენებული ზეწარი არ ამოღებულა და, შესაბამისად, არც სათანადო კვლევები ჩატარებულა; მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე, იმთავითვე, აცხადებდა, რომ ბიძაშვილმა სცემა ხელკეტით, რომელიც არ არის აღმოჩენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ხოლო მოწმე ნ.კ-ს ჩვენებით, მისი ავტომანქანა, რომლითაც შემთხვევის შემდეგ, დაჭრილი ი. მ. განარიდა შემთხვევის ადგილიდან, სისხლით იყო დასვრილი, არ დათვალიერებულა/ამოღებულა ნ. კ-ს ავტომანქანა, რომელშიც შესაძლოა საქმისათვის მნიშვნელოვანი სამხილები აღმოჩენილიყო; მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე არ იკვეთებოდა დანაშაულის მკაფიო სურათი და საქმე არ გამოირჩეოდა თვითმხილველი მოწმეების სიმრავლით, ობიექტური გარემოებების დასადგენად არ არის ამოღებული დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ტელეფონები და არც მათ შორის განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა; მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ს დაკავებისთანავე აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები, რომელთა სიმძიმე, ხანდაზმულობა და წარმომავლობა არ გამხდარა გამოძიების ინტერესის საგანი, მანამ, სანამ დაცვის მხარემ არ გამოითხოვა მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შუამდგომლობით არ მიმართა გამოძიებას, ჩაეტარებინა სათანადო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე ზ. მ-ს განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, რომელზეც, ბრალდების მხარის განმარტებით, ამჟამადაც მიმდინარეობს გამოძიება, რაც, ერთობლივად შეფასებისას, ობიექტურად აჩენს განცდას, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიება ჩატარდა არასრულად და მიკერძოებულად.

19. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ დანაშაულის კონსტრუქცია მოიცავს სამ აუცილებელ ელემენტს – ქმედების შემადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს - პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს თუ არა შესაბამისი შემადგენლობის ნიშნებს. თუკი დადგინდება შემადგენლობის არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მათ შორის – აუცილებელი მოგერიების ვითარება და შემადგენლობის შემცველი ქმედება განხორციელდა თუ არა ასეთი მოგერიების კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №424აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 3).

20. იმის გათვალისწინებით, რომ სადავოდ არ გამხდარა ზ. მ-ს მიერ ი. მ–სათვის დანით, მათ შორის, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობების მიყენების ფაქტი, განსახილველ საქმეში გადასაწყვეტი მთავარი საკითხია: არსებობდა თუ არა საფუძველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აუცილებელ მოგერიებად სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვაგვარად რომ ითქვას, ზ. მ-ს ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხი იწვევს თუ არა ისეთ გონივრულ ეჭვს, რაც შეიძლება მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი გახდეს, როგორც ეს საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ საკვანძო არგუმენტად არის მიჩნეული.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

22. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის №593აპ-15 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).

23. იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, გარდა დაზარალებულისა და მსჯავრდებულისა, რომლებსაც, საქმის შედეგთან მიმართებით, საპირისპირო ინტერესები გააჩნიათ, არავინ ყოფილა, ხოლო დაზარალებულის ჩვენება არ იძლევა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას, რამეთუ ეწინააღმდეგება, როგორც მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე – საქმეში წარმოდგენილ სხვა სამხილებს და, იმავდროულად, არსებობს გონივრული ეჭვები დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევასთან მიმართებით; იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულის თავდაპირველი მტკიცების, რომ საკუთარ სახლში, ფეხმოტეხილსა და მძინარეს, ხელკეტით დაესხა თავს დაზარალებული, დასადასტურებლად/უარსაყოფად გამოძიება არ ჩატარებულა ობიექტურად და სრულად; იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების კვალდაკვალ, სასამართლოს განსჯის საგნად არ ქცეულა მსჯავრდებულისათვის მკვრივი, ბლაგვი საგნით (რომელიც შეიძლება იყოს რკინის ხელკეტიც) მიყენებული, ბრალადშერაცხილი ქმედების თარიღთან თანხვდენილი, მრავლობითი დაზიანებები – კვირისტავის მოტეხილობა, თავისა და მუხლის ღია ჭრილობები, სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის, მარცხენა ბარძაყისა და მარცხენა წვივის არეში, თავის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა – რომელთა წარმომავლობასა და მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით, გაჩენილი ეჭვები, ვერ გაქარწყლდა კანონით დადგენილი წესით, საკასაციო სასამართლოს პოზიციით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, მათ შორის, ბრალადწარდგენილი ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოში დამტკიცება, სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ ზ. მ. მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენის დროს მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, რაც გამორიცხავს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სრულად.

25. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

27. ამდენად, ვინაიდან მტკიცებულებების შეფასების დროს, ზ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობასთან მიმართებით გაჩენილი ეჭვები, ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ზ. მ. ცნობილ უნდა უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატების – მ. წ–სა და ვ. უ–ის, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენი;

3. ზ. მ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

4. გამართლებულ ზ. მ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

5. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული კონიაკის ბოთლი, დამტვრეული თეფში, დანა, სისხლისმაგვარი ლაქები, ი. მ-ს სისხლის ნიმუში, ზ. მ-ს ნეწყვის ნიმუში, განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 2 ჭიქა, ი. მ-ს ტანსაცმელი და ზ. მ-ს ხალათი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;
· 4 მეხსიერების ბარათი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



ლ. ფაფიაშვილი