საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1447აპ-23 5 აპრილი, 2024 წელი
ვ. თ., 1447აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლეილა კვერნაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით თ. ვ-, -, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ადევნებაში, ანუ პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარებაში ტელეფონისა და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდებოდა და იწვევდა პირის ფსიქიკურ ტანჯვას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2018 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით დროის მონაკვეთში თ. ვ., მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, სისტემატურად ახორციელებდა არასასურველ კომუნიკაციას ლ. ს-სთან ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, რა დროსაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნული ქმედებით ლ. ს. განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
3. აღნიშნული ქმედებისათვის თ. ვ- დამნაშავედ ცნეს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატმა ი. შ-მ მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. ვ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდა; თ. ვ- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6. კასატორი – პროკურორი ლეილა კვერნაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენის შეცვლას, თ. ვ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
7. გამართლებულ თ. ვ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. შ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ისჯება ადევნება – პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება.
3. ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია. ფსიქიკური ტანჯვა ადამიანის შინაგანი განცდაა, რომელიც სტრესულ მდგომარეობას უკავშირდება. ფსიქიკური ტანჯვა არ შეიძლება იყოს ერთჯერად, დროის მცირე მონაკვეთში განცდილი დისკომფორტი, იგი არის დროის ხანგრძლივ პერიოდში მიმდინარე პროცესი, რაც შეიძლება გამოიხატოს გამუდმებული ფიქრით, შიშით, მღელვარებით, უძილობით და ა.შ.
4. „ცხოვრების წესის“ იძულებით ცვლილებასთან მიმართებით კანონმდებელი დანაშაულის დასრულებას უკავშირებს ორ ალტერნატივას: ა) მნიშვნელოვანი შეცვლა, ე.ი. პირის ცხოვრების წესი უკვე შეცვლილია; ბ) მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება, ე.ი. დამნაშავის ქმედებები ობიექტურად შეუძლებელს ხდის, დაზარალებულმა გააგრძელოს ცხოვრება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრული და შერჩეული ცხოვრების წესით. მნიშვნელოვანი ხასიათის ცვლილება ან ცვლილების საჭიროება ნიშნავს პირის ცხოვრების ჩვეული რიტმის იმგვარ დარღვევას, როდესაც დაზარალებულს სასურველი ქცევის განხორციელებისთვის სჭირდება ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვა, ზედმეტი ეკონომიკური სახსრების გამოყენება ან სხვა ისეთი მოქმედების განხორციელება ან მისგან თავის შეკავება, რაც მომეტებულ დისკომფორტს უქმნის დაზარალებულს. ამასთანავე, ფსიქიკურ და ფიზიკურ ზიანთან ერთად, მსხვერპლმა შეიძლება განიცადოს ეკონომიკური ზარალიც.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ერთიან დანაშაულს ალტერნატიული შედეგებით და ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა, სახეზე იყოს ამ მუხლში მითითებული რომელიმე შედეგის დადგომა, რაც უნდა დასტურდებოდეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა თ. ვ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
6. დაზარალებულ ლ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ს-ი და ეწევა საადვოკატო საქმიანობას. თ. ვ. გაიცნო, როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც იურიდიულ დახმარებას უწევდა ადვოკატ გ. ქ-ასთან ერთად. 2018 წლის აპრილში თ. ვ-ის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რის გამოც ის გამოხატავდა მადლიერებას. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში თ. ვ-ს აღარ იცავდა. სამივე ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ თ. ვ-მ დაიწყო მისთვის შეურაცხმყოფელი მოკლეტექსტური შეტყობინებების მიწერა. თავიდან ეგონა, რომ ნომერი ეშლებოდა, შემდეგ კი, მიწერილი ესემესების შინაარსიდან გამომდინარე, მიხვდა, რომ მათი ავტორი იყო თ. ვ-, რომლის პრეტენზია იყო, რომ, თითქოს, იგი 2 წლის განმავლობაში ატარეს სასამართლოში. შემდეგ დაზარალებულს დაუზიანდა მობილური ტელეფონის აპარატი, რომლის შეკეთება ვეღარ მოხერხდა, ამიტომაც თავდაპირველი შეტყობინებების წარდგენა გამოძიებისათვის ვერ შეძლო. თ. ვ. მოკლეტექსტურ შეტყობინებებს სწერდა სამი სხვადასხვა ნომრიდან 2018 წლიდან 2020 წლამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ესემესები მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი, მოერიდა სამართალდამცავი ორგანოების შეწუხებას. თვითონ მგრძნობიარე და ემოციური ადამიანია, არ არის მიჩვეული შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, ამიტომ ეს ყველაფერი მისთვის მძიმე ასატანი იყო. 2020 წლის თებერვალში დაათვალიერა სოციალური ქსელის ფეისბუკგვერდი, სადაც დახვდა უაღრესად შეურაცხმყოფელი კომენტარი, ბევრი ადამიანის მიერ ნანახი, რამდენადაც ფეისბუკსივრცე ხელმისაწვდომია საზოგადოების ფართო მასისათვის. კომენტარში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებული იყო მისი მამა, რომელიც წლებიც განმავლობაში მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე – მისი აწ გარდაცვლილი დედა; თ. ვ. ასევე წერდა, რომ მისი, დაახლოებით, 10 წლის დისშვილი იყო ნაშვილები. მისი და არის ფსიქოლოგი და პერიოდულად მიწვეული იყო სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში; თ. ვ-ს მასთან ჰქონდა ურთიერთობა. ის ლანძღავდა მის დას, სიძეს, სანათესაოს, სამეგობროს. 2-3 თვის შემდეგ მან კვლავ გამოაქვეყნა მსგავსი შინაარსის შეურაცხმყოფელი ტექსტი ფეისბუკგვერდზე. აქედან გამომდინარე, დაზარალებულმა იგრძნო იმის რეალური საფრთხე, რომ თ. ვ-ის ქმედებით, შესაძლოა, ზიანი მისდგომოდა სხვა პირებსაც, მაგალითად, მსგავსი შინაარსის ესემესები, შესაძლოა, მიეწერა მისი მცირეწლოვანი დისშვილისათვის. თ. ვ. სწერდა „თ-ის“ სახელით რეგისტრირებული გვერდიდან, ამასთან, პერიოდულად, გაბმული ზარით სხვადასხვა ნომრიდან ურეკავდა ტელეფონზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს, შესაძლებელია, ყოფილიყო ღამის 12 საათი, 3 საათი და ა.შ.. მიუხედავად იმისა, რომ იგი უთიშავდა ტელეფონს, აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი თ. ვ-ის შესაჩერებლად. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შედიოდა შიშით, რადგან არ იცოდა, თუ რა დახვდებოდა იქ. ამ ყველაფერს დენადი ხასიათი ჰქონდა, შეიძლებოდა, ყოფილიყო ყოველდღიურად, ყოველკვირეულად; ერთხელ იყო 2-3-თვიანი შუალედი, როცა თ. ვ-ს ის არ შეუწუხებია, რის გამოც, მიეცა იმედი, რომ დაავიწყდა, მაგრამ თ. ვ-მ კვლავ განაახლა არასასურველი კომუნიკაცია; ამასთან, ის ცვლიდა ნომრებს და დაბლოკვის შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო, ჰქონოდა მასთან წვდომა, ანუ გადალახა ეს ბარიერი. ვინაიდან ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო ცხოვრების ნორმალური წესით გაგრძელება, დადგა იმ აუცილებლობის წინაშე, რომ შეეცვალა ტელეფონის ნომერი, გაეუქმებინა სოციალური ქსელი ფეისბუკი, ასევე – შეეცვალა სამუშაო ადგილიც. იმის გათვალისწინებით, რომ ტელეფონის ნომერს, რომელზეც უკავშირდებოდა თ. ვ-, ფლობდა წლების განმავლობაში და მისი სანაცნობო წრისათვის სწორედ ეს ნომერი იყო ცნობილი, ასევე, ფეისბუკის მეშვეობითაც უწევდა იურიდიულ კონსულტაციას მოქალაქეებს და მისთვის ეს ქსელი საჭირო იყო, გარდა ამისა, მისი კლიენტურისათვის სწორედ ის სამუშაო ადგილი იყო ცნობილი და ადვილად ხელმისაწვდომი, ამ ყველაფრის შეცვლა გამოიწვევდა მისი ნორმალური ცხოვრების წესის შეცვლას და დიდ დისკომფორტს. ამ ყველაფერს იგი ძალიან მტკივნეულად განიცდიდა. ამასთან დაკავშირებით მას შესაბამისი ექსპერტიზაც ჩაუტარდა. მას თ. ვ-სთან ფიზიკური კომუნიკაცია არ ჰქონდა, მხოლოდ ერთხელ უპასუხა მის სატელეფონო ზარს და დარწმუნდა, რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ შეწყვიტა მასთან ყოველგვარი ურთიერთობა, თუმცა პირველსავე შეტყობინებაზე არ დაუბლოკავს, ვინაიდან ეს მისი უფლება იყო, თან აინტერესებდა თ. ვ-ის განაწყენების მიზეზი. გამოძიებას თ. ვ-ის მოკლეტექსტური შეტყობინებების მხოლოდ ნაწილი, დაახლოებით, 40% წარუდგინა, რაც მხოლოდ მას და მის ოჯახს შეეხებოდა.
7. მოწმე გ. ქ-ამ თავისი ჩვენებით დაადასტურა, რომ დაზარალებულთან ერთად ეწევა საადვოკატო საქმიანობას ქ. ს-ი, ძ-ში მდებარე ოფისში. 2018 წელს მათ მიმართა თ. ვ-მ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით; ისინი თ-----ს მოემსახურნენ კანონის შესაბამისად; სასამართლოებმა მის მიმართ გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი, თუმცა თ. ვ-მ გარკვეული პერიოდის შემდეგ ლ. ს-ს დაურეკა მობილურ ტელეფონზე, ასევე, გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინებები, სადაც ლანძღავდა როგორც ლ-ს, ასევე – მის მამას და აწ გარდაცვლილ დედას. აღნიშნულით ლ-ი ძალიან განერვიულებული იყო, რადგან ვერ ხსნიდა, რით დაიმსახურა თ-ისაგან ასეთი დამოკიდებულება. თვითონ შეესწრო, რომ ოფისში ყოფნისას, გაბმული ზარით, დაახლოებით, 20-ჯერ დაურეკა თ. ვ-მ ლ. ს-ს, რომელიც მის ზარებს არ პასუხობდა. გარდა სატელეფონო კომუნიკაციისა, თ. ვ- ფეისბუკის მეშვეობითაც უკავშირდებოდა ლ. ს-ს, სადაც წერდა სალანძღავ სიტყვებს; ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ლ-ის დასთან, ახსენებდა ლ----ის არასრულწლოვან დისშვილს. თვითონ ნახა ლ. ს-ს ტელეფონში თ-ის მიერ მიწერილი, შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. თ. ვ-ს აგრესია ჰქონდა მის მიმართაც, კერძოდ, წყევლიდა მის ცოლ-შვილს, რის გამოც მან დაბლოკა თ-ის ტელეფონის ნომერი, თუმცა ის ლ-თან მაინც აგრძელებდა კომუნიკაციას. ამ ყველაფერს ლ. ს. ძალიან განიცდიდა და ცდილობდა ცხოვრების წესის შეცვლას: გეგმავდა სიმბარათის შეცვლას, თუმცა თავი შეიკავა, რადგან მისი ტელეფონის ნომერი ცნობილი იყო ლ-ის სანაცნობო წრისათვის, გარდა ამისა, ახალი ნომერიც უნდა გამოეკრა ოფისზე, რომ საზოგადოებისათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ასეთ შემთხვევაში კი, თ-ი მაინც ნახავდა ახალ ნომერსაც და, დიდი ალბათობით, ისე გააგრძელებდა ლ-თან კომუნიკაციას; ასევე ფიქრობდა ოფისის შეცვლაზე და უთქვამს კიდეც, რომ, შეიძლებოდა, საცხოვრებელი მისამართიც შეეცვალა. თ. ვ. განაწყენების მიზეზად ასახელებდა იმ ფაქტს, რომ ის დიდხანს ატარეს სასამართლოში, ასევე, თ-ს სურდა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რაც ვერ შეძლო და ამის გამოც გამოთქვამდა უკმაყოფილებას.
8. სასამართლოში მოწმედ დაკითხული ო. ს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ არის ლ. ს-ს მამა და მასთან ერთად ცხოვრობს ს--ი, რ-ში. ლ-ი ადვოკატია. დაახლოებით, 2 წლის წინ შვილს შეატყო ხასიათის ცვლილება, იგი გახდა ნერვიული, გულჩათხრობილი, გვიან ღამით დგებოდა და ეზოში დადიოდა. ბოლოს ლ-მა უამბო, რომ იცავდა თ. ვ-ის ინტერესებს, რომლის მიმართაც სამივე ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რის გამოც, კმაყოფილები დარჩნენ თავად თ-იც და მისი მშობელიც. ამის შემდეგ თ-მა დაიწყო უმიზეზოდ სიარული ლ-თან ოფისში. ლ-მა სთხოვა, შეეწყვიტა მასთან სიარული, რადგან მათ შორის ყოველგვარი ურთიერთობა დასრულებული იყო. მისი შეფასებით, თ-ის ქმედებების გაანალიზების შემდეგ დაასკვნა, რომ თ-ს სურდა ლ-თან დაახლოება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მან დაიწყო ლ-ისთვის ძალიან ამაზრზენი მოკლეტექსტური შეტყობინებების მიწერა, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს გამოიყვანდა წყობილებიდან. ლ-ს შესთავაზა თ-ის ნომრის დაბლოკვა ტელეფონზე, თუმცა ლ-მა უთხრა, რომ, ასეთ შემთხვევაში, თ-ი შეეცდებოდა მასთან კონტაქტს ფეისბუკის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, თ. ვ-მ მაინც გამოაქვეყნა ლ-ის ფეისბუკგვერდზე შეურაცხმყოფელი სიტყვები, სადაც მოხსენიებული იყო არა მარტო ლ-ი, არამედ აგრესია იყო მის მიმართაც, თითქოს, პროკურორის თანამდებობაზე მუშაობისას აწამებდა ხალხს; თ-ი ასევე ახსენებდა მოწმის ქალიშვილსაც, რაც თვითონაც ძალიან განიცადა და მიიღო საკმაოდ დიდი მორალური ტრავმა.
9. ზემოთ მითითებული მოწმეების ჩვენებების სარწმუნოობასა და უტყუარობაზე მეტყველებს ასევე სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 16 სექტემბრის №- დასკვნა, რომლის თანახმად, „... კვლევისას მოპოვებული მონაცემები და საქმის მასალებში აღწერილი ფაქტები უნდა შეფასდეს, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით – შიშის, დამცირების, პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც ლ. ს. განიცდის შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც იწვევს მის ტანჯვას“. მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა თ. ფ-ამ დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე და რომ, ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლ. ს. განიცდიდა ტანჯვას.
10. გარდა ზემოაღნიშნულისა, თ. ვ-ის ბრალეულობა დასტურდება ლ. ს-ს განცხადებაზე დართული, ამობეჭდილი მოკლეტექსტური შეტყობინებებით, ოქმით გასაუბრების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
11. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ თ. ვ-ის ქმედებებით ლ. ს. განიცდიდა შეურაცხყოფასა და დამცირებას, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია. რაც შეეხება ცხოვრების წესის შეცვლის საჭიროებას, რაზეც დაზარალებული ფიქრობდა (რასაც ადასტურებენ მოწმეები: ო. ს. და გ. ქ.), მაგრამ თავს იკავებდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იყო ადვოკატი, წლების განმავლობაში საქმიანობდა სამუშაო ოფისიდან, მობილური ტელეფონიდან და სოციალური ქსელიდან, რომლებიც საზოგადოებისათვის კარგად იყო ცნობილი, ამ ყველაფრის შეცვლით კი ხელი შეეშლებოდა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში; ამასთან, სამუშაო ადგილისა და მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაშიც კი მას ახალი ნომერი უნდა გამოექვეყნებინა როგორც ოფისზე, ისე – სოციალური ქსელის ახალ გვერდზე. შესაბამისად, თ. ვ-ს არ გაუჭირდებოდა მისი მოძებნა და არასასურველი კომუნიკაციის გაგრძელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ ლ. ს-ს ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად არ შეუცვლია, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა აშკარად გამოხატული ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროების გარემოება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილის დისპოზიციაში მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს.
12. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს თ. ვ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
13. რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
14. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ვადით ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
15. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს თ. ვ-ის პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, განსახილველი საქმის გარემოებებს და მიაჩნია, რომ თ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 1500 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ლეილა კვერნაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენი;
3. თ. ვ. (პ/ნ -) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 1500 (ათას ხუთასი) ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. თ. ვ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმდეს;
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. ვასაძე